13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვათეოფილე მესამე იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ "მოლაპარაკებებს" უარყოფს

თეოფილე მესამე იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ “მოლაპარაკებებს” უარყოფს

საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ ისრაელის რუსულენოვან საინფორმაციო პორტალ “იზრუსს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. იერუსალიმის პატრიარქის თქმით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის თაობაზე საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადებები საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გორში გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი. თუმცა სააკაშვილი, კალანდაძე და რურუა რაზე საუბრობენ, მისთვის გაუგებარია.

“ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ისრაელის ხელისუფლებასთან. არასოდეს გვიგრძვნია მათგან ზეწოლა, მით უმეტეს, მიწის საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით. იერუსალიმში საპატრიარქოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები მრავალწლიანი იჯარით აქვს აღებული ჩვენგან ისრაელის ხელისუფლებას, მათ შორისაა მიწაც, რომელზეც ამჟამად ქნესეთია განთავსებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა კონფლიქტი. ბუნებრივია, ისრაელის ხელისუფლებას არც არასდროს განიხილავს ვინმესთან ჩვენი მიწების გადაცემის საკითხს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა. ასე რომ, ქართული მხარის განცხადებამ ჩვენი გაკვირვება გამოიწვია,”- აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

თეოფილე მესამე უარყოფს თებერვლის თვეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებულ “მოლაპარაკებებს”.

“სააკაშვილის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, შუამავლების საშუალებით მოგვმართეს ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც მონასტრის გამოსყიდვა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. არ მინდა არასწორად გამიგოთ, მაგრამ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იერუსალიმში, მთლიანად რეგიონში, უდიდესი როლი შეასრულა. ქართველთა მიერ დაარსებული ჯვრის მონასტერი ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ქართული ეკლესიის აქაური მსახურები ძლიერ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდნენ სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კამათისას და ყოველთვის ცდილობდნენ კონსენსუსის მიღწევას. ბუნებრივია, ეს არის ადგილი, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს უკავშირდება და არ შეიძლება არ იყოს ძვირფასი ყველა ქართველისათვის. ბერძნულმა საპატრიარქომ მონასტერი 300 წლის წინ შეიძინა, როდესაც ის, სამწუხაროდ, დასუსტებული იყო. ჩვენ შევეცადეთ, შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა ამ ადგილას დავანებული სული. აქ არის უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც უძველესი წიგნები და მანუსკრიფტები ინახება, ფუნქციონირებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაარსებული სემინარია, სადაც მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილი მრავალი სპეციალისტი სწავლობდა. ბუნებრივია, რომ ქართულ მხარეს სურს დაიბრუნოს მონასტერი, რომელიც წმიდა მიწაზე ქართველთა მოღვაწეობის სიმბოლოს წარმოადგენს და რომელსაც 16 საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი,”- აცხადებს “იზრუს”-სთან საუბრისას იერუსალიმის პატრიარქი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავადაც ვერ აცნობიერებს, რომ მესამე ძალის ხელში ინსტრუმენტად იქცა. ეს კი საპატრიარქოს, საქართველოსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გაღვივების პირველი მცდელობა არ არის.

“ეს ძალები სრულიად არ არიან დაინტერესებულნი, რომ ქართველებს მონასტერი დაუბრუნდეს. ისინი სხვადასხვა მხარეების მტკივნეულ ადგილებს ირჩევენ და ცდილობენ, წმიდა ქალაქში არსებული მშვიდობა და ბალანსი დაარღვიონ. მაქსიმალურ ძალისხმევას ვიხმარ, რათა არავითარი სკანდალი არ მოხდეს და ჩვენს ეკლესიასა და უდიდეს მოძმე ქართველ ხალხს შორის ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგეს,” – აღნიშნა თეოფილოს მესამემ. მისივე თქმით, მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო მიწვევა და უახლოეს მომავალში მას ესტუმრება კიდეც.

შეგახსენებთ, საქართველოსთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მომუშავე ჯგუფის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “ჩვენ მივხედავთ ჩვენს ძეგლებს უცხო ქვეყნებში. რამდენიმე ხნის წინ შევქმენი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე ისრაელში. ამის შესახებ ჩვენს საელჩოს დავალებული აქვს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ისრაელის მთვარობასთან. მადლობლები ვართ მათთან თანამშრომლობით, ჯვრის მონასტერში დაცული სიწმიდეების გადარჩენისათვის. ისრაელში პირველივე ვიზიტისას ეს საკითხი დავაყენე. ახლა კი ჯვრის მონასტრის საქართველოს და ქართულ ეკლესიისათვის დაბრუნების საკითხი უნდა დადგეს. იქ ისევ უნდა აღევლინოს ქართული ლოცვა, ტაძარი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ეკლესიის, კულტურის შემადგენელ ნაწილს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში იყო”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: “მართალია, მისი უწმიდესობას, ილია II, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ჰქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ-ჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.” (28. 02.2012)

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები