მთავარისაზოგადოებათეა წულუკიანი სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე

თეა წულუკიანი სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემა “პოზიციაში” სტუმრობისას ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, დედა–შვილი იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სუროგაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, რათა სუროგაცია არ იყოს ბიზნესად ქცეული.

თეა წულუკიანი: „პიროვნულ აზრს ვიტყვი, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ის მეტისმეტი ხმაური, რაც მოჰყვა პატრიარქის ეპისტოლეს. სასულიერო ხელისუფლების ხელმძღვანელს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას და საკუთარ მრევლს შეაგონოს თუ აუხსნას ის, რაც არის სწორი, რელიგიური დოგმებიდან გამომდინარე. …

თუმცა, რა თქმა უნდა, მე მესმის და ვიზიარებ იმ ტკივილს, რომელიც გამოხატა ბევრმა ოჯახმა, რომელსაც სამედიცინო ჩარევის მეშვეობით, ვგულისხმობ ხელოვნურ განაყოფიერებას, შეეძინა ბავში. ჩვენ ვართ მცირე ერი. ბევრი ომის, კონფლიქტის შემდეგ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, ძალიან ბევრი დაუოჯახებელი ქალისა და მამაკაციდან გამომდინარე, დაგვიანებით შექმნილი ოჯახებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება იყოლიონ მომავალი თაობა ხელოვნური გზით.

მე ამ პრინციპს ვიზიარებ და ვიზიარებ იმ სიხარულს, რაც განიცადეს იმით, რომ მათ ჰყავთ შვილები ამ გზით. ხელოვნური განაყოფიერება არის მისასალმებელი იმისთვის, რომ უშვილო წყვილს გაუჩნდეს შვილი და რომ ჩვენ, ქართველები გავმრავლდეთ.

რაც შეეხება სუროგაციას. ბევრ ქვეყანაში სუროგაცია არის აკრძალული, ჩვენ ქვეყანაში ეს აკრძალული არ არის. მაგრამ, ძალიან ბევრი ოფიციალური ვიზიტის დროს, თუნდაც ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში, ჩემთვის დაუსვამთ კითხვა, თუ რატომ არ არის რეგულირებული ჩვენთან სუროგაცია.

ჩვენთან კანონპროექტი მზადდება. მე ამ ეტაპზე მისი პრინციპების განხილვისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად ავკრძალოთ სუროგაცია, ისევ და ისევ ბევრი უიმედოდ განწყობილი წყვილისთვის ეს არის ბოლო შველა.

ჩვენ გვინდა საბოლოოდ გამოვრიცხოთ საქართველოში, რომ სუროგაცია იყოს რაიმე ტიპის ბიზნესი და ფულის კეთების თემა. ჩვენ გვინდა დავაწესოთ რეგულაციები. როდესაც რეგულაციები იქნება და იმას გააკეთებ რაც არ არის კანონით დაშვებული, იქნება სანქცია. ევროპელმა კოლეგებმა მოითხოვეს ამის რეგულაცია, რადგან ჩვენ ვხვდებით ევროპული კავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ უნდა ვიზიარებდეთ ერთსა და იმავე ღირებულებებს. ამ ღირებულებებს ვიზიარებთ, მაგრამ არ გვაქვს რეგულაცია. ღირებულება არის შემდეგი: ადამიანის სიცოცხლის ყიდვა, მათ შორის სუროგაციის გზით, უნდა იყოს გამორიცხული.
ეთიკასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყოთ. დღეს რეალურად შესაძლებელია და ყველას იმ კლინიკას, ვინც ამით არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კანონი არ არის წესრიგში, მინდა მოვუწოდო, რომ გამორიცხონ გაუგებარი SMS – ების გზავნა ქალებისთვის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქალბატონები ღებულობენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთავაზობს ესა თუ ის კლინიკა, რომ გახდნენ სუროგატი დედები ამა თუ იმ ფასის ნაცვლად. ეს არ გაუგონარი რამ. ეს არის ჯერ აკრძალული, მაგრამ სანამ აიკრძალება, მე მათ ეთიკური წესების დაცვისკენ მოვუწოდებ,“ –აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ის რამდენიმე ასეთი კლინიკის წარმომადგენელს უკვე შეხვდა და შეხვედრის შემდეგ მათ ამ შინაარსის sms –ები აღარ გაუგზავნიათ. მათ ესმით, რომ მთავარია სიცოცხლე. სიცოცხლე არის ღირებულება და ეს არ უნდა გახდეს ბიზნესის თემა.

შეგახსენებთ, ილია მეორის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილმა, სადაც პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე საუბრობს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

„… შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა,” – აღნიშნულია ეპისტოლეში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები