თბური ტალღა – ეს არის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება, რამდენიმე დღისა და ღამის მანძილზე. თბური ტალღის განსაზღვრება იცვლება ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებულია ტემპერატურის მაქსიმუმზე, ტენიანობაზე და სხვა ატმოსფერულ ფაქტორებზე; ასევე, თავად ექსტრემალურად ცხელი დღეების ხანგრძლივობაზე.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების განვითარებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
- გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- სითბური გამოფიტვა;
- სითბური დაკვრა.
მაღალი ტემპერატურის პირობებში მწვავდება ქრონიკული დაავადებები, უპირატესად გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები.
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
-ხანდაზმული პირები – ასაკის მატება აქვეითებს სიცხისადმი ტოლერანტობას; წყურვილის შეგრძნება შენელებულია; ამ ასაკში ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები.
-ახალშობილები და -5 წლამდე ბავშვები – მეტად მგრძნობიარენი არიან მაღალი ტემპერატურისადმი. მათი ორგანიზმის თერმული რეგულაცია, ასევე, სითხის მიღება, უმეტესად მომვლელ პირებზეა დამოკიდებული.
-ქრონიკული დაავადებების მქონე პირები – განსაკუთრებით ისინი, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი და ნერვული სისტემის, ფსიქიკური, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, არაკონტროლირებული ჰიპერტენზია.
-პირები, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს – ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი (სულფამიდები) და სხვ. აძლიერებს დეჰიდრატაციას და სითბოს გაცემას.
-ჭარბი წონის მქონე პირები – განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან მაღალი ტემპერატურისადმი, რადგან მათ ორგანიზმში ძლიერად ხდება სითბოს შეკავება.
-გარკვეული პროფესიის მქონე ადამიანები – ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა, ან მათ, ვისაც მუშაობის დროს სითხის დიდი მოცულობით დაკარგვა უწევს.
წყარო:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
