ოპერის თეატრი საქართველოში 160-ზე მეტ წელს ითვლის, მას საფუძველი ჩაუყარა კავკასიის მთავარმართებელმა გრაფ მიხაილ ვორონცოვმა 1847 წელს. 1851 წელს იგი გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ოპერა ბევრად მეტი გამოდგა ვიდრე უბრალოდ გასართობი, მან მთლიანად შეიცვალა თბილისური ცხოვრება.
ვორონცოვი გამორჩეული კაცი იყო და მას უნდოდა ქართველების ყურადღება პოლიტიკიდან კულტურაზე გადაეტანა. იმ დროის თბილისში ორი რამ აოცებდა მნახველებს: თბილისური აბანოები გოგირდის წყლებით და ოპერა. სწორედ ოპერამ აღაფრთოვანა ალექსანდრე დიუმაც თბილისში ყოფნის დროს.
სახსრებისთვის, რაც საჭირო იქნებოდა ოპერის თეარტის შენობის ასაგებად ვორონცოვმა ვაჭარ გაბრიელ თამამშევს მიმართა, რომელიც ერთი პირობით დასთანხმდა; იმავე შენობაში უნდა ყოფილიყო ქარვასლაც (სანამ ადამიანი თეატრში შევიდოდა უნდა გაევლო მაღაზიის რიგები).
1851 წლის ნოემბერში მოიწვიეს იტალიური დასი დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით სპექტაკლებს თამაშობდა რუსული დასიც, თუმცა მთავარი ამ ქალაქისთვის მაინც იტალიური ოპერა გამოდგა… მართალია, ოპერამ გადატრიალება მოახდინა, მაგრამ მას თავდაუზოგავად ებრძოდა თბილისური წვიმა. ყოველ ჯერზე დროშებთან იდგნენ მუხლამდე ტალახში ამოსვრილი მეკურტნეები და ქალბატონები ხელით შეჰყავდათ შენობაში. ოპერამ გაამრავლა თბილისში ფრანგული მოდის მაღაზიები, გაჩნდნენ მეყვავილეები. გარეთუბანში ყველაფერი იცვლებოდა… ყველაფერი ტრიალებდა ოპერის გარშემო.
აქა-იქ ჩანდნენ ქართველი ქალი მომღერლები; ქალის სცენაზე ყოფნა იმ დროს დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა.
დილიდან როგორც კი აფიშა გამოიკვრებოდა მთელი ქალაქი იმ დღის წარმოდგენის არიებს ღიღინებდა, ვისაც როგორ შეეძლო. სემინარიელებს და გიმნაზიელებს ეკრძალებოდათ ბილეთების აღება, მაგრამ იყვნენ გადამყიდველები და 1867 წელს პარტერში აღმოჩნდნენ გიმნაზიელები, რომლებმაც ააფრიალეს ქართული სამეფო დროშა და დასძახეს პატრიოტული ლოზუნგები.
სინათლის ანთებამდე ისინი გაიპარნენ შენობიდან, მაგრამ ამან გამოიწვია ის რომ კავკასიის მმართველობამ დაშალა იტალიური დასი და იტალიელების გასტროლები შეწყვიტა… ამის შემდეგ იყვნენ მხოლოდ რუსი მომღერლები… ოპერა გახდა უბრალოდ ოპერა და ხელოვნება და აღარ იყო ცხოვრების ნაწილი. თუმცა მალევე მიხვდენენ რომ ასე არ შეიძლებოდა და ისევ გამოჩნდნენ ახალი დასები… თბილისის ოპერამ განაგრძო იტალიური ცხოვრება.
როგორც აღმოჩნდა თბილისურ ოპერას ტრაგიკული ბედი ეწერა… 1874 წელს ოპერა დაიწვა… დაიწვა უყურადღებობით, გაურკვევლობით… უკანასკნელი წარმოდგენა იყო ბელინის „ნორმა“ და ამ წარმოდგენის დროს თამამშევის ქარვასლის გვერდით ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა ცეცხლი და ქარვასლას გადაედო. ზუსტად ოპერის წინ იყო სახანძრო შენობა, გამოცვივდნენ მეხანძრეები, მაგრამ ყველაზე გულსატკენი ალბათ სწორედ ისაა, რომ წყალი არ ჰქონდათ… მთელი ქალაქი შეიკრიბა მთავარი ნაგებობის წინ და უყურებდა როგორც იწვოდა ცხოვრების ნაწილი. წყალი არ აღმოჩნდა იქვე შადრევანშიც… პოლიციამ შეკრიბა წყლის დამტარებლები, რომლებიც მეორე დილამდე ეზიდებოდნენ წყალს… მაგრამ დარჩა შავი ნახანძრალი შენობა… ფიქრობდნენ, როგორ უნდა აღდგენილიყო დამსხვრეული ლეგენდარული ჭაღი, გაგარინის ფრესკები და ოპერის ფარდა, რომელსაც, ერთი მხრივ, ეხატა რუსეთი, რომელსაც მოჰყავდა რკინიგზა, და მეორე მხრივ, სქართველო, ხელში ხანჯლებით. ოპერამ გადაინაცვლა საზაფხულო თეატრის სცენაზე, თუმცა ამ ფაქტიდან 22 წლის განმავლობაში თბილისში ხეირიანი საოპერო დადგმა აღარ ყოფილა.
1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი შენობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. მის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.
1973 წელს ახალ შენობაშიც გაჩნდა ხანძარი, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი.
რეკონსტრუქციის შემდეგ შეინარჩუნეს ფსევდომავრიტანული სტილი, შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი. თაეტრში 6 სარეპეტიციო დარბაზია, აქედან 3-საბალეტო, 2-საოპერო და 1- ორკესტრისთვის.
2010 წელს დაიწყო შენობის რემონტი, თეატრს დაემატა ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები. განახლდა ძირითადი შენობა, დარბაზი, დამხმარე ნაგებობები, ასევე გარე ტერიტორია. გაიწმინდა ავსტრიაში დამზადებული 100 ნათურიანი ბროლის ჭაღი, თეატრს დაემატა საგამოფენო სივრცე. სცენას დაუბრუნდა სერგო ქობულაძის შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი პარდის პრინტი.
განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს საზეიომოდ გაიხსნა პრემიერით „აბესალომ და ეთერი“.
ბოლოს კი, რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ოპერას, იგი დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან, ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ 1897 წელს პეტერბურგში შესრულდა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“, პირველი ქართული კლასიკური ბალეტი ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ 1936 წელს დადგა ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბალეტო სკოლას.
მოამზადა მეგი კაკაბაძემ
წყარო:
1. აკა მორჩილაძე – „ქართულის რვეულები“
2. http://www.opera.ge/AboutTheatre/Archive.aspx

