24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვათბილისის ღვინის ფესტივალი

თბილისის ღვინის ფესტივალი

“ბიზნეს პლათფორმა, რომელიც ამ დარგის ყველა პროფესიონალსა და მოყვარულს აერთიანებს, რაც ამიერკავკასიაშიც არ არსებობს…”

ღვინის ფესტივალის ლოგო ამა წლის 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე, თბილისის ღვინის ფესტივალის ფარგლებში, გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე (წერეთლის 118), მე – 11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-5 საერთაშორისო გამოფენა ტარდება.

გორგანიზატორები არიან გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია” და თბილისის მერია. ოფიციალური მხარდამჭერები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი “ემ ჯგუფი”, ასოციაცია “ქართული ღვინო” და “ღვინის კლუბი”.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო ფორტუნა და ფორტუნა პლიუსი, ჟურნალი “პირველი კულინარი”, გაზეთი “ჯორჯია თუდეი”, “ყვითელი ფურცლები“ და “welcome to georgia”.

პავილიონში წარმოდგენილია 70-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია შემდეგი მომსახურებითა და პროდუქტით: ღვინო, შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები და სხვა.
ფესტივალი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში ცნობილი ღვინის მწარმოებლების გვერდით განთავსებული მცირე და ოჯახური მარნებით, მათი განუმეორებელი ინდივიდუალიზმითა და თვითმყოფადობით. ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილია ძველი ქართული, ტრადიცული მეთოდით დამზადებული ქართული ყველი. ჩატარდება ყველის დამზადების ინტერაქტიული პრეზენტაცია, ყველისა და ღვინის შეხამება.

დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს ღვინის ტურები და ქართული ქვევრის დამზადების სანახაობა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონში დამზადებული ქვევრის ღვინო, იხილონ ქართული ხელნაკეთი სუვენირების მრავალფეროვნება.

ფესტივალს დაესწრებიან უცხოელი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან (იტალია, გერმანია, პოლონეთი,მოლდოვა, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩინეთი, აშშ).

ნინო გამრეკელი(პროექტის მენეჯერი):

“ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მეხუთედ ვატარებთ. მასში 70-მდე კომპანია მონაწილეობს. ეს გამოფენა მრავალპროფილიანია. გარდა ღვინის მწარმოებლებისა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყველის მწარმოებლები. ფერმერები 7 რეგიონიდან ჩამოვიდნენ, ასევე, აქ წარმოდგენილია ფოკის მონასტრის, ორიგინალური რეცეპტით დამზადებული ყველის მრავალფეროვნება. აგრეთვე, მონაწილეობენ შეფუთვის ტექნოლოგიური ხაზები, ბოთლების მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან.

3 დღის განმავლობაში, ერთის მხრივ, აქ საქმიანი გარემოა, მეორეს მხრივ კი ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ გასინჯონ მათთვის სასურველი ღვინო, დააგემოვნონ ყველი, გაესაუბრონ კომპანიებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია.
გამოფენას მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. ყველაზე მეტად უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართება. ჟიური უცხოელ და ქართველთა ექსპერტთა შემადგენლობით ქართველი მეღვინეების პროდუქტს შეაფასებს და შედეგების მიხედვით კომპანიები დაჯილდოვდებიან 3 კატეგორიის მედლებით, ეს იქნება ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. იმ შემთხვევაში, თუ მაღალ ქულას აიღებს რომელიმე ღვინო , “გრანდ გოლდით,” ანუ დიდი ოქროს მედალით დაჯილდოვდება. გამოფენაზე ჩამოვიდა ღვინის თემაზე მომუშავე ბევრი ჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი გაესაუბრებიან მწარმოებლებს, ექნებათ ტური კახეთში, და თავის გამოცემებში, ბლოგებში გამოქაქვეყნებენ ამ ინფორმაციას. ვსტუმრობთ, ასევე, ბევრ დისტრიბუტორს, გვესტუმრნენ ღვინის იმპორტიორები აზიიდან და ევროპიდან, რესტორნების ქსელის წარმომადგენლები, შემსყიდველი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის ექსპორტით, ან შეტანით თავიანთ სარესტორნო ქსელებში.
ღვინის კონკურსიდან გამომდინარე, ქართული ღვინის ხარისხის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ, სულ უფრო ხარისხიანი ღვინო იღებს მონაწილეობას ქართველი მწარმოებლების მხრიდან და უფრო მეტი ოქროს მედალი გაიცემა. მაგალითად, შარშან ბრინჯაო საერთოდ არავის მიენჭა. ყველა ღვინო, რომელმაც კონკურში მონაწილეობა მიიღო და დაჯილდოვდა, ოქროსა და ვერცხლის მედლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია.

კომპანიებში გაიზარდა საკუთარი თავის მოწოდების კულტურა. ზრუნავენ რეკლამაზე, პიარზე, მომხამარებელთან ურთიერთობაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და გამოფენიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ უცხოელების ინტერესი გაიზარდა. ღვინის ფესტივალი გარდა ჩვენ მიერ მოწვეული სტუმრებისა, თავისი ინიციატივითაც ჩამოვიდა არაერთი უცხოელი დამთვალიერებელი ქართულ კომპანიებთან შესახვედრად.

5 წლის წინ, როდესაც ჩვენ ღვინის გამოფენის მზადება დავიწყეთ,რუსეთის ემბარგოს თემა ახალი გახლდათ, რაც ძალიან დაეტყოთ კომპანიებს. დიდი დაბნეულობა იყო. ნაკლებად იყვნენ მზად უცხოეთის ბაზარზე გასასვლელად, ხარისხობრივადაც, ვიზუალურადაც პროდუქტი არ გამოიყურებოდა ადეკვატურად, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მალე, მწარმოებლებმა ისეთი სახე შესძინეს პროდუქტს, რომ საინტერესოდ გამოიყურებოდა, მათ შორის, ევროპული ბაზრისთვისაც. ასე, რომ, ერთის მხრივ, ემბარგოს თემაში დადებითი მხარე უფრო შეგვიძლია დავინახოთ, რადგან ქართული ღვინის ხარისხი ნამდვილად გაუმჯობესდა და ევროპულ ბაზარზე, მათ შორის, აზიაშიც გამოჩნდა, მანამდე, მეტწილად, კომპანიები რუსეთის ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი და საერთაშორისო ბაზარი არ გვიცნობდა ისე, როგორც დღეს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიება არსებობს, ის ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას ესწრებიან დამთავლიერებელები და მონაწილეები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაცკი. 3 დღის განმავლობაში მონაწილეებს ასაშუალება ეძლევათ, გაესაუბრონ თავის მომხმარებელს, საქმიანი კონტაქტები დაამყარონ. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ბიზნესპლათფორმა, რომელიც ამ დარგის ყველა პროფესიონალსა და მოყვარულს აერთიანებს. ასეთი უნიკალური პლათფორმა, შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიაში არც არსებობს. ჩვენ ბევრ ძალისხმევას ვდებთ, რომ ეს გამაოფენა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ, მისი სახელი გავიტანოთ საერთაშორისო მასშტაბით, რომ მეტი უცხოელი, დამთვალიერებელი ჩამოვიდეს და იმედია, ეს პროექტი სამომავლოდაც წარმატებით გაგრძელდება.”

გამოფენის პარალელური ღონისძიებები:

. 22 სექტემბერს 11 საათზე ჩატარდება ქართული ღვინის დეგუსტაცია უცხოელი ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის.
. 22 სექტემბერს, 16 საათზე და 24 სექტემბერს 11 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაცია. “კერძთაყვანისცემა – კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში”. წიგნი დაწერილია ქართული სამზარეულოსა და სანადიმო ტრადიციების შესახებ.
. გამოფენის დღეებში ღვინის ექსპერტი გაუძღვება ღვინისა და ყველის შეხამებას რესტორატორებისა და სომელიებისათვის.
. 23 სექტემბერს winexpo georgia 12 –ის ფარგლებში ჩატარდება ღვინის მე-4 საერთაშორისო კონკურსი,რომელსაც დაესწრებიან ჟურნალისტები და სპეციალისტები. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან: ფელისიტი კარტერი (ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი), ჟურნალ “wine business international”- ის მთავარი რედაქტორი(ავსტრალია), ვალტერ ებერენცი(ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი, გერმანია), მარტინ მარიანი(მეღვინე, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ჩეხეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი,ჩეხეთი). ლევან მეხუზლა (ღვინის სპეციალისტი, საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გიორგი სამანიშვილი (სპეციალისტი). შემფასებელთა ჯგუფს თავმჯდომარეობას გაუწევს ენოლოგი, დოქტორი გეორგ ბინდერი.
დეგუსტაციაში საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით საზეიმო სადილზე.
. 24 სექტემბერს, 12 საათზე, ღვინის ექსპერტი გაუძღვება ღვინისა და კერძების შეხამებას რესტორატორებისა და სომელიებისათვის.
. გამოფენის დღეებში წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე – 15 საშუალო და მცირე მარანი.
. გამოფენის სამივე დღის განმავლობაში ჩატარდება ქვევრის ღვინის პრეზენტაცია.
. გამოფენის დღეებში დამთვალიერებელი ნახავს ყველის ტრადიციული მეთოდებით დამზადების პროცესს.
გამოფენის სამუშაო საათებია 11:00 – 18:30 სთ. დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება 23 სექტემბერს 20:00 სთ-ზე.
საგამოფენო ცენტრში ღვინის გამოფენა ყოველწლიურად წელიწადში ერთხელ ტარდება.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. Gamarjobat,me dainteresebuli var am gvinis gamofena dajildovebaze,ar var carmomadgeneli arc erti gvinis kompaniidan,ubralod mainteresebs gavigo meti imformacia kartuli gvinis carmoebis shesaxeb,radgan makvs sashualeba da kavshirebi sazgvar garet,rom gavitano da shevtavazo kartuli gvino.
    tu sheidzleba momacodet informacia,rogor shemidzlia movxvde am gamofena dajildovebaze,sachiroa specialuri mocveva tu shemidzlia vestumro.
    Gmadlobt.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები