უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“ღვთისმოყვარე, ღვთივკურთხეულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა, მშვიდობა თქვენდა და სიხარული ღვთისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი.
ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.
ანგელოზთა დასი მის ქვეყნად მოვლინებას შეხვდა საზეიმო გალობით: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.” ამ დროს კი სოფელი, რომლის ხსნისთვისაც განხორციელდა იესო ქრისტე, უგრძნობი დარჩა ღვთის შობის აღსრულებული დიადი საიდუმლოს მიმართ. ოდენ ციურნი მნათობნი იყვნენ მოწმენი უცხო სასწაულისა, მხილველნი ახლადშობილი მაცხოვრისა.
და გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა და ბეთლემის გამოქვაბულთან მოიყვანა მოგვნი ბაგაში მწოლი ღვთის თაყვანისსაცემად.
სიდიადე და თავმდაბლობა-როგორი გაუგებარი და შეუთავსებელნია ისინი ჩვენი აზროვნებისთვის. არადა აუცილებელია ჩავწვდეთ ამ სიტყვებით აზრს და არა მარტო გავიცნობიეროთ იგი, არამედ ვიცხოვროთ ამ სულისკვეთებით, რათა შევძლოთ მივეგებოთ ჩვენსკენ მომავალ მაცხოვარს.
თქვენ იკითხავთ: მივეგებოთ, მაგრამ რით? ოქროთი, გუნდრუკითა და მურით?
სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?
არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს.
ძველი რომაული გამონათქვამია: “მივედ, ვნახე, გავიმარჯვე”. ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება.
ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამ ქვეყნად, რათა იხილოს იგი, სარწმუნოებით სძლიოს წუთისოფლის განსაცდელით სავსე ცხოვრებას და გამარჯვებული სუფთა გულით წარუდგეს შემოქმედს.
დიახ, ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს -სამყაროში და სამყაროს-შენში, აი რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.
თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს. უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრავალ ცოდვაზე ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას…
და თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია ძალა შენი მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იგივეს ვაკეთებ. შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ. შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს. მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.
-რით? – ჰკითხა წმიდანმა.
-თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.
და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრო, დემონი უჩინარ იქმნა. გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს. მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო… აბნევს მის ცნობიერებას.
ამონარიდი 1990 წლის “საშობაო ეპისტოლედან”
მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა

gmertma kvelas shegvacnobinos tavmdablobis dzala da aqcios igi chveni nebis nacilad.