მთავარისხვადასხვაშვილგარდაცვლილი დედების საერთო ტკივილი

შვილგარდაცვლილი დედების საერთო ტკივილი

თითოეული ადამიანის ცხოვრება განსაცდელებითაა აღსავსე. უფალი ყოველდღიურად გვიგზავნის ავადმყოფობებს, მწუხარებას, გასაჭირს, რათა გამოვფხიზლდეთ და დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრების არსზე. რთულია იმ ემოციებისა და განსაცდელის სიმძაფრის გადმოცემა, რასაც შვილგარდაცვლილი დედა გრძნობს. მძიმეა მათი სატარებელი ჯვარი. დედას, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი, – შვილი ეცლება ხელიდან, უჩნდება კითხვა: რატომ გაიმეტა ღმერთმა ის ამ სატანჯველისთვის? შვილგარდაცვლილი დედები შვილების სიყვარულს შავი ტანისამოსის ტარებითა და უსაზღვრო გლოვით გამოხატავენ. სასოწარკვეთილ დედას ხშირად ავიწყდება, რომ გარდაცვლილის სულისთვის დედის ლოცვა აუცილებელია. ამქვეყნიური ცხოვრება ხომ მომზადებაა მარადიული ცხოვრებისათვის?!

შვილგარდაცვლილი დედები

ჩვენ გვერდით ბევრი ,,შავოსანი’’ დედაა. მათ საერთო ტკივილი – შვილის მონატრება აერთიანებთ. შვილგარდაცვლილმა დედებმა, ცრემლიანი თვალებითა და აჩქარებული გულისცემით, ,,ამბიონის’’ მკითხველისთვის თავიანთი მწუხარება გაგვიზიარეს.

თინა იასაღაშვილი: ,,შობა დღეს დაბადებული შვილი 2000 წელს ამაღლების დღესასწაულზე გარდამეცვალა. მეზობლის ბიჭებმა იქეიფეს. მერე იჩხუბეს. ჩემი კახა მათ აშველებდა. ერთი მათგანი მოუბრუნდა, დანა ჩაარტყა და იქვე მომიკლა დაუოჯახებელი 30 წლის ბიჭი. ათი წლის შემდეგ, 2010 წლის 4 აგვისტოს მეორე ვაჟი, კობა დამეღუპა. სამსახურში მილებს თხრიდა, მკვდარი ნახეს… ექსპერტიზის დადგენით, გულით არის გარდაცვლილი. მე მაინც ვერ გავიგე, მოკლეს თუ გულმა უმტყუნა. შვილებს დიდი სიყვარულით ვზრდიდი, სულ მეშინოდა, არაფერი მომხდარიყო. დღეს კი 72 წლის მშობლები უმწეოდ ვართ დარჩენილი პენსიის ამარა. მეორე შვილისგან, კობასგან ორი შვილიშვილი გვყავს, მაგრამ არ მუშაობენ. მეუღლეს ინფარქტი მოუვიდა, გულის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან სუსტად არის. დაღამებაც კი არ უნდა.

წუთი, წამი არ გავა, შვილები არ ვიტირო. ერთადერთი ეკლესია გვშველის, სადაც კახას გარდაცვალების შემდეგ დავდივარ. ისიც მორწმუნე იყო. დილა-საღამოს ვლოცულობ, სანთელს ვანთებ. ვკითხულობ ფსალმუნებს, დაუჯდომლებს. მიცვალებულთა, გარდაცვალებისა და დაბადების დღეებზე მათ სულებს ეკლესიაში ვიხსენიებთ. იმედი მაქვს, ჩემმა შვილებმა ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს და იქ კარგად არიან. შვილგარდაცვლილი დედები, მართალია, ერთმანეთს ვანუგეშებთ, მაგრამ ჩვენს გულებში მაინც დარდია.’’

ქალბატონ ლამარა გრიგოლიასა და მართა ძიძიგურს შვილების გარდაცვალების ტკივილთან ერთად კიდევ ერთი რამ აერთიანებთ. ისინი აფხაზეთიდან არიან. დაკარგეს ყველაფერი, მხოლოდ ტანსაცმლის ამარა დარჩნენ, მაგრამ ეს ტრაგედია არაფერია იმასთან შედარებით, რა ტკივილსაც მათი გულები უძლებს.

ლამარა გრიგოლია: ,,ჩემი 13 წლის კახა ომში ცეცხლიდან გამოვიყვანე. გზაში რომ მოვდიოდით, სოხუმი იბომბებოდა. ცხოვრება არაფერი ყოფილა. მეუღლე ბათუმში ტყვედ აიყვანეს, თბილისში ნაწამები დაგვიბრუნდა. მთავარი ინტერესი მქონდა, რომ შვილს ესწავლა. თბილისში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით.

იმ წელს ერთოთახიანი ბინაც ვიყიდეთ, ბავშვი უნივერსიტეტში მოეწყო. ბედნიერი დედა ვიყავი. კახა 36 წლის მეზობელს დაუმეგობრდა. სმა საერთოდ არ უყვარდა, ეტყობა მასთან ღვინო დალია. მეუღლემ ღამის 3 საათზე ჩამოიყვანა სახლში. 4 საათზე კი სახლში აღარ იყო. ვიფიქრეთ, ისევ მეზობელთან დაბრუნდა. კართან მივედით, გასაღები შიგნით დაგვხვდა… როგორც ჩანს, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარა, ჩასძინებია და მე- 7 სართულიდან გადამივარდა…

გარეთ გამოვდიოდი, ვყვიროდი, ვკიოდი, თითქოს ასე ვიმსუბუქებდი ტკივილს. მალე მეუღლეც დამეღუპა.

შვილზე უკეთესი ამქვეყნად არაფერი არსებობს. დედის ცხოვრებას მერე აზრი აღარ აქვს. სასაფლაოზე მივდივარ, ჩემს კახას ვეფერები, ვტირი, საფლავს ვასუფთავებ, არ მინდა, ერთი ბალახიც რომ ვნახო. სასაფლაოდან წამოსულს მახსენდება, რომ მეუღლის საფლავიც იქვე მაქვს. უკან ვბრუნდები და პატიებას ვთხოვ ხოლმე.

სულ დარდში, ვარამში, ფიქრში ვარ. აფხაზეთში ორსართულიანი სახლი გვქონდა. თუ ჩემს შვილს ეს ბედი ეწერა, იქნებ მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გადარჩენილიყო კიდეც. ვნანობ, იქიდან რატომ წამოვედი. ვინ ჩივის დაკარგულ ქონებას. ნეტავ, ხის ძირში ვიყო და შვილი გვერდით მყავდეს. ბავშვი თბილისში დავღუპე…

ქალიშვილი გამითხოვდა. მალე შვილიშვილს ველოდებით, მაგრამ ჩემს გულს რა გამოაკეთებს, კახას რა დამავიწყებს, რა შეედრება შვილის სიყვარულს?!

ეკლესიაში შვილის გარდაცვალების შემდეგ მოვედი. მანამდე მხოლოდ სანთელს თუ დავანთებდი. ორი შვილი, ავადმყოფი მეუღლე მისახედი მყავდა. ჩემი პატარა ჭკუით, თითქოს სულ საქმით გახლდით დაკავებული. ნეტავ, ეკლესიაში მევლო და ჩემი შვილისთვის მეშველა. ალბათ, ეს განსაცდელი რომ არა, არც დავიწყებდი ეკლესიურ ცხოვრებას.’’

მართა ძიძიგური: ,,ოჩამჩირეში ვცხოვრობდით. დიდი ოჯახი გვქონდა. ჩემი მაზლი ცოლ-შვილით საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. არანაირი საშუალება არ გვქონდა და ისინი გვეხმარებოდნენ. ჩემს ბიჭს თბილისში ბინაც უყიდეს. ზვიადი 12 წლის იყო, აფხაზეთიდან რომ გადმოვიყვანეთ. ამ ორ ოჯახს ბიჭი მხოლოდ ჩემი შვილი ჰყავდა. მაზლმა სამუშაოდ რუსეთში წაიყვანა. იქ წელიწადი და 8 თვე იყო. საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებისას სახლიდან 100 მეტრში მომიკლეს შვილი. 20 ჭრილობა მიაყენეს.

სახლში ეგონათ, ზვიადი სამსახურში იყო. ამ დროს კი მიცვალებული ყინვაში დილამდე გარეთ ეგდო. ვერ დავიტირე ჩემი 21 წლის უცოლშვილო შვილი. გათიშული ვიყავი. გულიც ვერ მოვიოხე… ახლა კი ვართ ასე გატანჯულები.

დღეს ჩემს გათხოვილ ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ეკლესიაში გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ დავიწყე სიარული და მეცხრე წელიწადია ასე ვცხოვრობ. აფხაზეთში ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ, მაგრამ ღმერთმა ეს არ გვაკმარა. რას არ უძლებს თურმე ადამიანი…’’

ქალბატონი ლამარა ოსიტაშვილის შვილი, კობა ჯავახია 10 წლის წინ გარდაიცვალა. დედამ 40 დღე მიწაზე ფეხის დადგმა ვერ შეძლო. მერე ყოველდღე შვილის საფლავზე დადიოდა. მიხვდა, უკეთესია ეკლესიაში გარდაცვლილის სულისთვის ილოცოს, რათა მან სასუფეველში ადგილი დაიმკვიდროს.

ლამარა ოსიტაშვილი: ,,3 შვილი მყავს. უფროსი შვილი მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ იყო წასული. მათ ორ შვილს მე ვზრდიდი. კობას ბავშვს წითურა ბატონები ჰყავდა დაბრძანებული და გვერდიდან არ შორდებოდა, ეფერებოდა. საღამო ხანს ბიჭებმა დაუძახეს. მეუღლე წინ შეხვდა, თხოვა, სახლიდან არ წასულიყო… კობა 5 წუთში უკან დაბრუნებას დაგვპირდა. ქარიანი დღე იყო…

უბედურება ამხანაგისა და სხვისი გულისთვის დამატყდა თავს. ბიჭებს შორის მომხდარი უკმაყოფილება სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩემმა შვილმა არაფერი იცოდა. კობა სასიკვდილოდ დაჭრეს. არც ერთი ორგანო არ ჰქონდა მთელი. ჩემი მეუღლე და რძალი სასწრაფოდ წავიდნენ საავადმყოფოში. შვილიშვილებთან დარჩენილი ზარს ველოდი. არავინ მეხმაურებოდა. ბავშვები მეზობელთან დავტოვე. საავადმყოფოში მისულმა გავიგე, ოპერაციას უკეთებდნენ, მამხნევებდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ცოტა ხანში გავიგე რაც მოხდა…

კობას თითქოს წინათგრძნობაც ჰქონდა. სადარბზოში მე-2 და მე-3 სართულზე ბიჭები დაიღუპნენ. მე-4 სართულზე 1999 წლიდან ახლაც ავადმყოფი წევს. მე-5 სართულზე კი ჩვენ ვცხოვრობთ და ერთხელ მითხრა, მგონი ჩემი რიგი მოვიდაო…

მისი ფეხის ხმა, მისი სიცილი ყოველ წუთს მესმის. 6 შვილიშვილი მყავს, მაგრამ მას ვერავინ შემიცვლის. კობას შვილი, 11 წლის გიორგი ლომისას წმიდა გიორგის ეკლესიაში სტიქაროსანია. ხშირად მეშლება და მას კობას ვეძახი ხოლმე. ოჯახმა დიდი ტკივილი გადავიტანეთ. ნერვიულობის ფონზე საზღვარგარეთ მყოფი უფროსი შვილიც ძალიან ცუდად გახდა.

20 შვილიც რომ გყავდეს, ეს სიმწარე ძალიან ძნელი ასატანია. 8 წელიწადი ბავშვები მე მყავდა ჩაბარებული, მათ ხომ მოვლა უნდოდათ?! 2 წელია ეკლესიაში დავდივარ. შვება ვიგრძენი. ახლა დრო რომ არ მაქვს, ხელს მოვკიდებ ბავშვებს და ისინიც ეკლესიაში მიმყავს.

შვილიშვილები ძალიან განიცდიდნენ ჩემს ტირილსა და შავ სამოსს. უხაროდათ ჭრელ წინსაფარს რომ ვიკითებდი. პატრიარქის კურთხევის შემდეგ, თითქმის 1 წელია შავი ტანსაცმელი გავიხადე. ყველა მეუბნებოდა, შავებით გარდაცვლილის სულს ვამძიმებდი.’’

გახსოვდეთ, ღმერთმა ადამიანის სული უკვდავი შექმნა და ის არასდროს არ მოკვდება.

(შვილგარდაცვლილ დედებზე თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ.)

თეონა ნოზაძე

10 COMMENTS

  1. ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალს,გამოხმაურებაც ბევრჯერ მინდოდა,მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი.დღეს შვილმკვდარი დედების წერილები რომ წავიკითხე გული ძალიან მეტკინა და ჩემი უახლოესი მეგობარი გამახსენდა,რომელსაც 23წლის ბიჭი დაეღუპა.აგვისტოს ომში უნდოდა ტავისი ვაჟკაცური ვალის მოხდა,მაგრამ გზაში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა და დაიღუპა.იგი ჩუმად წერდა თურმე ლექსებს.დედამ ეს ლექსები მისი სიკვდილის მერე აღმოაჩინა ფაილში აქვს ჩადებული და ძილის წინ ლოცვასავით კითხულობს.მე მას მოკრძალებით რამდენჯერმე შევაპარე,შავი ტანსაცმლის შედარებით ღია ფერის ტანსაცმლით შეცვლაზე და პასუხი შვილის ლექსით დამიბრუნა;

    საფლავში ნელა ჩამასვენებენ,
    რომ არ მატკინონ დაშლილი ძვლები
    და მიწის ბელტებს რომ დამაყრიან,
    გაუთეთრდება დედაჩემს თმები…
    ვიცი რომ ბევრსაც იტირებს,
    უძილოდ გალევს ღამეს,
    შავი მანდილით შეიმოსება,
    ჩაყლაპავს ცრემლის აბებს,
    აღარ ჩაიცვამს დედიკო,
    აწ ფერად-ფერად კაბებს.
    სულიტ ხორცამდე შეზრულმა სიტყვის თქმა ვეღარ მოვახერხე.მას სანამ ომში წავიდოდა წინასწარ ჰქონდა დანახული თავისი სიკვდილი…ეს 23 წლის ახალგაზრდა იყო დათო გამყრელიძე.დედა ქალბატონი ლარისა ხაჭაპურიძე კი შვილის დანატოვარ სიტყვებს არ ღალატობს და ფერად-ფერად კაბებს ალბათ ვეღარასოდეს ჩაიცმევს…

  2. თუ დათო გამყრელიძის შემოქმედება დაგაინტერესებთ,შემიძლია მოგაწოდოთ.

  3. მეც შვილგარდაცვლილი დედა გაწუხებ.მე გთხოვე ასეთ ადამიანებზე დაგეწერა რამე და ძალიან გამეხარდა რომ ვნახე.დიდი მადლობა ქალბატონო თეონა ასე გულთან რომ მიგაქვს ყველაფერი.ასევე დიდი მადლობა ჟურნალ “ამბიონს” კარგი სტატიებისთვის.ჩემი შვილების ავარიამდე მეც ვმუშაობდი, ეხლა კი გაუბედურებული ვარ სახლში.გმადლობთ რომ არსებობთ.

  4. gmertma yvela dedas gaazlebinos da gadaataninos, raoden znelia shvilis dakargva dedaze metad aravin icis, deda jer cocxali shvilis patara avadmyopobas da patara usiamovnebasc rogor grznobs da ganicdis da axla raoden znelia shvilis dakargva, gmerto gvishvele da sheveba mieci chven dedebs, kidev ertxel didi madloba am jurnals, gmertma daglocot da gagaxarot rom sazogadoebis gverdshi gxedavt da tkveni didi cvlili ufalma dagifasot

  5. ა მ ბ ო ბ ე ნ.

    როდესაც სული ხორცს ეცლება.
    გაუსაძლი ტკივილიაო ხორცისო მაშინ,
    რა უნდა იყოს იმაზე მეტი
    დაბადებიდან დღემდე,
    რაც დაგიტოვათ ტკივილი.
    შვილებმა თქვენშ.

    მზაღო(იგივე)ნინო.

  6. ხარხო ეს დიდი ტკივილია ტკივილი რომელსას ვერანარი დრო ვერ გამკურნავს..ორი წელია რას ჩემს 24 წლის ბიჯ ვტირივარრ რომელის უმიზეზოდ დახუპული მხავს..დიდი მადლობა ტეონა დიდხანს ყოფნას გისურვებ.მე ვერაფერი ვერ მაშვიდებს ვერს ის ეკლესია უმისობა მაგიჟებს ხარხო. ადგილს ვერ ვპოვულობ დხე ხამე მის საფლავზე ვარ მინდა რომ მოვტხარო და ვნახო ერტხელ მაინს გიჯი არვარ მარა მენატრებაააააააააა.

  7. დღეს უკვე ოთხი წელი შესრულდა, რაც ჩემი 24 წლის შვილი უფალთან გადასახლდა. ეს ტკივილია, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საშველი, ვერც დრო კურნავს, პირიქით, აძლიერებს მას. ყოველთვის ვამბობდი, რომ “დედობა ისეთი ბედნიერებაა, თუ ქალმა თავად ის არ განიცადა, ვერ მოძებნი შესატყვის სიტყვას, რომ სრულყოფილად ვინმეს გააგებინო-თქო”. რაც შვილი წავიდა, სულ ვამბობ, რომ ეს ისეთი უბედურებაა, ისეთი საშინელი ტკივილია, არ მოიძებნება სიტყვა, რომ ის სრულყოფილად გამოხატო, აღწერო ან ვინმეს გააგებინო. უფალმა დაიფაროს ყველა დედა მსგავსი ემოციისაგან, ტკივილისაგან, სიზმრადაც არ გაეგოთ ეს ტკივილი.
    უფლის შემწეობა და გამძლეობა, გაძლიერება შვილმკვდარ დედებს! :'(

  8. გამარჯობათ. მე სალომეს დედა ვარ. 2012 წლის 10 თებერვალს 14 წლის ასაკში ზეცაში წავიდა ჩემი ერთადერთი შვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ მის საიტზე ვნახე წერილი. “-დედა ამქვეყნიური ანგელოზი- დედა ის ადამიანი ვინც ბოლო წუთამდე არ გვშორდება გვერდიდნ და ზრუნავს ჩვენზე. დედა ეს არის ამქვეყნიური ანგელოზი, რომელიც ჩემი აზრით მოსილი არის ულამაზესი შარავანდედით. დედა ეს არის გააფთრებული მხეცი, რომელიც თავისი ნაშიერის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. შესაძლოა ბევრჯერ გვიგრძნი ათავი მარტოსულად, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მაღლა უფალი და ხმელეთზე დედა მუდამ ჩვენთან არის, ალბათ ყველას სურვილია, რომ დედამ მუდამ იცოცხლოს და იყოს ჩვენს გვერდით. რადგან უდედოთ ცხოვრება ძნელია, რაც არ უნდა დიდი იყო შენ დედისათვის ისევ პატარა ბავშვად რჩები რაც 2თუ 3 წლის ასაკში იყავი. ყველა ბავშვი იძახის, რომ მისი დედა არის ყველაზე ლამაზი, მშვენიერი, კეთილი და საუკეთესო, მაგრამ მე ამას დედაჩემზე ვერ ვიტყვი, რატომ? იგი ჩემთვის არის ანგელოზი, რომელიც უკვე 14 წელია ზრუნავს ჩემზე. მე მისგან ყოველდღე ვგრძნობ სითბოსა და სიყვარულს. მეტს ვეღარაფერს ვამბობ.( არ ვიცი რატომ!)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები