21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიეკლესია-მონასტრებისუმელას სამონასტრო კომპლექსი

სუმელას სამონასტრო კომპლექსი

შავიზღვისპირეთის უძველეს სუმელას სამონასტრო კომპლექსის შესახებ გვესაუბრება გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი:

“სუმელას სამონასტრო კომლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. მაჩკა მონასტერთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია. სუმელას მონასტერი მთიან რეგიონშია აღმართული, ზიგანას ქედის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. ის კლდის თითქმის ზედა ნაწილზეა გამოკვეთილი. მდინარის ხეობის დონიდან კლდეზე მდებარე მონასტრის შეფარდებითი სიმაღლე 270 მ-ია. სამონასტრო კომპლექსი ალტინდერეს ეროვნულ პარკშია მოქცეული და შესაბამისად, დაცული ტერიტორიაა.

სუმელას სენაკები

ვიზიტორი სანამ უშუალოდ მონასტრამდე მივა, ის ამ მხარისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ ხეობაში ხვდება. მაჩკას რომ გავცდებით, ბაზილიკა სუმელასთან ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები გვხვდება, თუმცა მისი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. ალტინდერეს ხეობაში ბევრი კემპინგია, არის ისტორიული თაღოვანი ხიდი, დასასვენებელი ადგილი… ზაფხულის პერიოდში ხეობაში მისვლა ბოლომდე შესაძლებელია, ზამთრის პირობებში კი გარკვეული შეზღუდვებია. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ვიწრო გზებია, დიდი გამავლობის ტრანსპორტით ბოლომდე გადაადგილება ნებადართული არაა.

პირველი ემოცია, რაც ვიზიტორს ამ სამონასტრო კომპლექსის ხილვისას აქვს, ეს ბერების საცხოვრებლებია, რომლებიც მე-19 საუკუნეში აიგო. უშუალოდ მონასტერი კი, რომელიც კლდეშია ნაკვეთი, წყაროებზე დაყრდნობით, მე-4 საუკუნიდან ფუნქციონირებს. კლდეში არსებული ბუნებრივი სიცარიელეების სამონასტრო ტერიტორიებად გადაკეთებაც ბუნებრივ პირობებში მოხდა.

სუმელა ბერძნული სამონასტრო კომპლექსია. ხშირად ვარძიასაც ადარებენ. ერთ-ერთი ვერსიით “სუმელა” ლაზურად სამებას ნიშნავს.

სუმელას მონასტერი

ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამ ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი ფრესკებით, მდიდარი ისტორიული წარსულით… ამბობენ, რომ ერთ-ერთ პატარა სამლოცველოში მხატვრობა ხელოვნურადაა დაზიანებული. თუმცა, ალბათ რესტავრაციისას უფრო მოხდა მისი დაზიანება, ვიდრე დამპყრობლების მიერ. მხატვრობა უმთავრესად მე-13-ით თარიღდება. ამავე პერიოდში, როდესაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა აქ სამონასტრო ცხოვრება, შესაძლებელია ქართველი სასულიერო პირებიც მოღვაწეობდნენ, სუმელას მხატვრობარადგან სუმელას მონასტერი შედარებით ახლოსაა ტაო-კლარჯეთის ზონასთან და იმ დროს პონტოელ ბერძნებს და საერთოდ, ამ იმპერიას საქართველოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. როდესაც ტრაპიზონის იმპერიაშიც და თურქეთის სხვა ნაწილებშიც მართლმადიდებლური სარწმუნეობა შეიზღუდა, ამან საეკლესიო მსახურების შემცირებაზეც გავლენა იქონია. თუმცა მე-19 საუკუნეში სუმელას მონასტერი ძალიან პოპულარული იყო და სწორედ ამ პერიოდში აიგო კლდეზე აშენებული ბერების საცხოვრებელი სენაკები. მე-20 საუკუნეში აქ სამონასტრო ცხოვრება ჩაკვდა.

ბოლო 2 წელია, 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობის დღესასწაულზე სუმელას მონასტერში ქრისტიანული ღვთისმსახურება აღევლინა. შესაბამისად, მონასტერში ამ დღეს უამრავი მომლოცველი მიდის. სხვა დროს, როგორც ყველა ტურისტულ ობიექტში, წირვა-ლოცვის ჩატარება, პარაკლისი აღსრულება, სანთლის დანთება, შეუძლებელია. ვიზიტორმა წესის დარღვევისას მცველებისგან გარკვეული შენიშვნებიც შეიძლება მიიღოს, თუ არ დაემორჩილება, შეიძლება დაჯარიმდეს კიდეც.

როგორც ვთქვით, სუმელას მონასტერთან შემორჩენილია ბაზილიკა და მომლოცველებს აქაც შეუძლიათ სანთლის დანთება.

თბილისიდან სამონასტრო კომპლექსამდე მანძილი 600კმ., ხოლო საზღვრიდან – 220კმ-ია. ამ ტერიტორიებზე 2 დღით დაგეგმილი ტურისას შესაძლებელია ტრაპიზონის მე-13 საუკუნის ჯვარგუმბათოვანი მცირე აია-სოფიის ტაძრის მონახულებაც. აქ უამრავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, ბუნებრივი მღვიმეები გვხდება…

ტრაპიზონის აია-სოფიის ტაძარინებისმიერ ვიზიტორს, რომელიც სუმელას მიმართულებით გადაადგილდება გარკეული მოსაკრებელის გადახდა მოუწევს. უშუალოდ ტურისტული ობიექტის მონახულებისათვის 8 ლირაა საჭირო. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით შესვლას 20-30 ლირა სჭირდება.

სუმელას კომპლექსს სეზონზე საშუალოდ 10 000-მდე ვიზიტორიც კი სტუმრობს. შესაბამისად, რიგში დგომაც შეიძლება დაგვჭირდეს. ამასთან, ზამთარში, ნოემბრის თვიდან მონასტერში შესვლის საათები ცვალებადობს. კომპლექსის მონახულება შესაძლებელია 10:00-დან – 16:00-მდე, ზაფხულში კი 10:00-18:00 საათებში.
დღეისათვის სუმელას სამონასტრო კომპლექსი და ალტინდერეს ეროვნულ პარკი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ობიექტიები და მათ ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს.”

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

5 COMMENTS

  1. დიდი სიამოვნებით მოვილოცავდი, ძალიან კარგი ფოტოებია გადაღებული, მადლობა სტატიის ავტორებს

  2. sharshan viyavi sumelas monastershi.panagia sumelas ucodeben da martlmadidebluri tadzaria..rogorc zemot aris moxseniebuli mxolod mariamobis dgesascaulze agevlineba cirva-locva. dzalian momecona. saocari nagebobaa, me piradad patara ierusalims upro mivamsgavse. samcuxaro mxolod is iyo, rom pirjvari gadavicere da dacvis tanamshromelma shenishvna momca, ak ar sheidzleba locvao. kargi ikneba tu bevri qartveli moinaxulebs am lamaz monasters:)

  3. რა ბედნიერი ვარ , რომ ეს ყველაფერი, რაც აქ არის ნაჩვენები ღმერთის შეწევნით ჩემი თვალით დავინახე სინამდვილეში და მომეცა უფლის ნებით იმის შანსი, რომ ჩვენამდე შემორჩენილ ბაზელიკური ტაძრის ნანგრევებში სანთელი ამენთო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები