გოგონა თეთრი ფრთებით…
(,,ამპარტავნებს შემუსრავს ღმერთი”)
მოთხრობა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვწერ…
ჩემი სამყარო ჩემს ოთახში ეტევა. თუ გინდა ნახო, სარკმლიდან უნდა შემოიხედო. სამყარო სხვადასხვა ფერია. ჩემთვის ის სალათისფერია, რადგან ჩემს სარკმელს სალათისფერი შუშები აქვს. ჩემი სამყარო ჩემს ოთახშია. ისეთი არეულობაა, ყველაფერი თავდაყირა დგას. დილით ჩემთვის აღარ გათენდა იმიტომ, რომ მზე ვეღარ ვიპოვე. ახლა ჩემს ოთახში ბნელა და ცივა. მინდა გავიღვიძო, მაგრამ მძინავს იმიტომ, რომ ჩემს სამყაროში რა ხანია ისევ ღამეა. მინდა აქედან გასვლა, მაგრამ საკუთარი თავი არ მიშვებს, მინდა გავაღო სარკმელი და გავფრინდე შორს, მგონია ეს ადვილია, მაგრამ მეშინია, არ დავკარგო ჩემი სამყარო, მეშინია ის ისეთი არ გახდეს, როგორიც სხვისია. მეშინია და კიდევ უფრო მეშინია საკუთარი შიშის.
სარკმელს მაინც გავხსნი, ჩემი სამყარო ძალიან ნელა გაიპარება გარეთ, ოთახში მხოლოდ მე დავრჩები, მე და ჩემი საკუთარი თავი, კიდევ მზე, რომელიც საწოლის ქვეშ შეგორებულა…
თენდება… ვიწყებ ცხოვრებას თავიდან და ეს მერამდენედ მჯერა, რომ აღარ შევცდები. თვალის გახელის პირველი წამიდან ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როცა ჩემს თვისებებს სჭირდება შემცვლელი. დამღლელი ფიქრები, რომლებიც გამომყვა ღამიდან, უნდა უკუვაგდო, უნდა გავიხსენო რაღაც, სილამაზის და სიკეთის შემცველი. დღე მე არ მიცდის, გადის არც თუ ისე ნელა, მე ისევ ვცდები და მიკვირს, რომ ვცდები. ეს მერამდენედ ვერ შევძელი. ისევ უნდა დავიწყო თავიდან. ღამდება. . . უკვე მერამდენედ ვარწმუნებ თავს, რომ ცხოვრებას შეცდომის გარეშე დავიწყებ ხვალიდან. . . და ისევ იგივე, თენდება. . .
ცხოვრების ლაბირინთებში სიარულს ვსწავლობდი, ტყუილად ვწვალობდი და ვერ გავიგე, მის ხლართებში როდის გავები. მერე ძალიან გამიძნელდა თავის მიგნება, ძლიერ მინდოდა ოცნებების წამში მიგდება. მერე უცნობი ლაბირინთი ჩემი ცხოვრების გადაიშალა ჩემს წინ, როგორც ძალა ცხონების. ამ გზას მივყევი, იგი თურმე ტაძრამდე მიდის. ახალ ცხოვრებას ჩავუფიქრდი სულ მცირე შვიდგზის. ჩემი ცხოვრების ლაბირინთი სულ გამარტივდა და ოცნებებზე უარის თქმა აღარ დამჭირდა. კვლავ მივუყვები ლაბირინთებს ჩემი ცხოვრების. . .
სულ ფრთებზე ვოცნებობდი, ხოდა ამიხდა! ვიღაც უჩინარმა, ვისაც, როგორც ჩანს, ძალიან ვუყვარდი, მაჩუქა საოცნებო ფრთები.
ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და უცნაური გრძნობებით სავსე. ჩემი სხეული მსუბუქია და შემიძლია მისი დაძვრა დედამიწიდან.
ფერისცვალება ჩემი…
ვგრძნობ უჩვეულო სიხარულს და აღარ მახსოვს არაფერი ამ ქვეყანაზე…
ახლა სხვა სამყაროთი ვცხოვრობ…
საკუთარი თითებით ვსინჯავ ვარსკვლავებს და ნახევარმთვარეზე ვქანაობ იმდენს, სანამ არ დამეხვევა თავბრუ…
ვარ ბედნიერი… ასე მგონია, ამ სიხარულს აღარ გავცვლი არაფერზე!
ხალხი გაოცებული მიმზერს და უცებ ვიგრძენი, რომ მე მათნაირი არ ვარ, მე ისინი ვერასოდეს გამიგებენ, რადგან მე ერთადერთი ვარ, მე ყველაფერი უნდა მქონდეს საუკეთესო! და ვგრძნობ… რომ თითქოს ვმაღლდები მათზე!
ამპარტავნება ხარობს ჩემში ისე, როგორც არასდროს…
და გადავწყვიტე, აღარ მიყვარდეს არავინ, რადგან ვერავინ ვიპოვე ღირსი ჩემი სიყვარულისა… მე ხომ განსაკუთრებული ვარ… გოგონა თეთრი ფრთებით…
არავინ მჭირდება გვერდით, რადგან არავინ იმსახურებს ჩემს თავს… ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან?! მე კი…… მე ვარ გოგონა თეთრი ფრთებით, მე ხომ არაჩვეულებრივ რაღაცეებს ვეტრფი…
ყველამ გაიგო ჩემი ამბავი: ტელევიზია, პრესა, ფოტოგრაფები… ყველას ხომ არ შეუძლია, სხეული დაძრას დედამიწიდან?! პოპულარობა, უჩვეულო სიმდიდრე, ერთადერთობა!
ამპარტავნება ხარობს ჩემში ისე, როგორც არასდროს. . .
აღარ ვაპატიებ აღარაფერს არავის, მე ყველას უნდა ვუყვარდე, მე ხომ განსაკუთრებული ვარ?! მე ვარ გოგონა თეთრი ფრთებით…
აღარ მანაღვლებს სხვისი ცრემლები, დაე, იტირონ, ანდა რა აქვთ სასიხარულო?! მე ხომ მათ გვერდით არ ვარ, მე, რომელიც საოცრება ვარ მთელი სამყაროსთვის!
ამპარტავნება ხარობს ჩემში ისე, როგორც არასდროს და განიძარცვა ჩემმა სხეულმა შესამოსელი პირველი… ვეღარ ვგრძნობ სიმსუბუქეს ჩემი ფრთებისას… დამძიმებული სხეული ვეღარ დავძარი და რაღაც მტკივა შიგნით;
ვტირი, თუმცა ცრემლები არ მომდის და საშინელია ჩემი ტანჯვა.
მარტოობა მკლავს და ვგრძნობ, ჩემი სული წრიალებს ჩემში, რადგანაც ხორცის ტყვეობაშია იგი ჯერაც…
ხანდახან იგრძნობს შვებას ჩემი სული, ეს დედა ლოცულობს, ალბათ, ჩემთვის და მეცოდება ჩემი თავი, მე ხომ სული მტკივა ასე საშინლად?!
მომეფერე, დედა…
მე დავისაჯე ამპარტავნებისთვის და ახლა ღამის თეთრი პეპელა ვარ, ღამის სტუმარი. სიბნელეში ვცხოვრობ და რა მინდა, იცით? სიკეთის მჯეროდეს, ჰოდა ვეძებ, ღამით ვეძებ, მთელი ღამე… სიკეთე რომ დაინახო, უნდა გჯეროდეს მისი არსებობის, მინდა მჯეროდეს, რადგან ჩემი სული სიბნელეში ცხოვრობს. მე ხომ ღამის თეთრი პეპელა ვარ და ისეთი თხელი ფრთები მაქვს, რომ მეშინია სინათლის…
სახლის სახურავზე ვცხოვრობ, თავისუფალი ვარ თითქოს. ჩემს სახლს არც კედლები აქვს და არც – სახურავი და მაინც, რაღაცით შემოსაზღვრულია ჩემი არსებობა და მეშინია საკუთარი სურვილის, გავცდე ამ საზღვრებს ისე შორს, რომ დამავიწყდეს უკან დასაბრუნებელი გზა…
ერთი კვირის წინ საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე. ჩარჩო ვიყიდე, ჩვეულებრივი ჩარჩო, მინდოდა მასში მომექცია ჩემი ცხოვრება და ვყოფილიყავი მშვიდად, მაგრამ სისულელეა, არ გამომივიდა გრძნობებისა და ეჭვების ჩარჩოთი შემოსაზღვრა.
საკუთარ თავს ვერ ვიტან, წუხელ საშინლად მატირა. წარმოგიდგენიათ? პირდაპირ მომახალა, არასოდეს შეგიყვარებსო! ასე სასტიკად რატომ მომექცა? არადა, მის ნათქვამში არის რაღაც სიმართლე, რაღაც კი არა, უფრო ზუსტად, დიდი, დიდი სიმართლეა, მაგრამ ხომ იცით ჩემი ამბავი? თან ისე საყვარლად თოვდა, ხომ შეეძლო არ ეთქვა ამ დიდი ფიფქების ხათრით მაინც?! მაგრამ, არა! სწორედ წუხელ პირდაპირ მომახალა, არასოდეს შეგიყვარებსო და საშინლად, საშინლად მატირა. . .
თავს უცნაურად ვგრძნობ, ანუ რაღაცას ვგრძნობ, რაც მაიძულებს მიხაროდეს. მიხაროდეს ის, რომ ცოცხალი ვარ, მიხაროდეს ის, რომ ძალიან დიდი ფანტელებით თოვს და ამ ფანტელებით ვივსები მთლიანად. ასეთ დროს მგონია, რომ ვარ პატარა თოჯინა, რომელიც სასაცილოდ აფახულებს თოვლით დამძიმებულ წამწამებს; ეს შეგრძნება ისე მახარებს, რომ მიკვირს კიდეც… ამ წუთს არ ვიცი, ბედნიერი ვარ, თუ უბედური, მიხარია, თუ მწყინს, დედამიწაზე ვარ, თუ სადღაც სხვაგან, ან საერთოდ, ვარ, თუ – არა? მე, უბრალოდ, ვტირი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ფანტელებით თოვს და მე ამ ფანტელებით ვივსები მთლიანად.
თითქოს რაღაცას ვხვდები, მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, თითქოს ვიღაცის არსებობამ მაიძულა, ვიგრძნო რაღაც და მე მინდა, რომ ის ვიღაც იყოს ახლა ჩემს გვერდით, ხელისგულები აივსოს ფანტელებით და მერე მაჩუქოს… ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ?!
დღეს პირველად შემეშინდა, რომ არ შემიყვარდეს. ვიცი, ეს თოვლი გამაგიჟებს და კიდევ თვალები… მისი თვალები, რომლებიც მე არ მიყურებენ ხოლმე…
პირველად ჩემს ცხოვრებაში მომინდა, რომ… არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მაგრამ მომინდა, ბედნიერი ვყოფილიყავი, მომინდა, ვმდგარიყავი ამ თოვაში მანამ, სანამ მთლიანად არ დავიფარებოდი თეთრად. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ეჭვების გარეშე, ფანტელებით დამძიმებული წამწამებით.
როგორ მინდა იცი, რომ კარგად მიცნობდე?! ისეთს მიცნობდე, როგორიც სინამდვილეში ვარ, ისეთს მიცნობდე, როგორიც მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ, ისეთს არავინ მიცნობს და მინდა, რომ შენ მიცნობდე.
ნუთუ შემიყვარდი! რა სისულელეა, მე ხომ სიყვარულის ნიჭი არ მაქვს!
ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ, როცა კიდევ მნახავ, ტელეფონის ნომერი მთხოვე, კარგი? თორემ მომკლავს მე ეს ფიფქები და უშენობა…
და კიდევ ის, რომ არასოდეს შემიყვარებ! სულ უბრალო მიზეზის გამო, შენ ხომ არც კი მიცნობ?!
– უკაცრავად, ცუდად ხომ არ ხართ? მთელი საათია გიყურებთ, აქ დგახართ, ერთ ადგილას…
– მე… არა, ცუდად არ ვარ, უბრალოდ, თავს ვკარგავ, როცა ასე თოვს.
– მართლა? მე თორნიკე ვარ.
– ნინო… მე ნინო ვარ…
– სახლამდე გაგაცილებ.
– კარგი.
– მომეცი, მაგ ზურგჩანთასაც წამოგიღებ.
– არ შემიძლია.
– რატომ? მასეთი რა გიდევს?
– ფრთები, ამ ზურგჩანთაში ფრთები მიდევს.
– დიდი უცნაური ვიღაც ჩანხარ.
– მე ღამის სტუმარი ვარ, ღამის თეთრი პეპელა და იმისთვის დავისაჯე, რომ სიკეთის არ მჯეროდა, ჰოდა, ახლა ყოველ ღამით ფრთებს ვიმაგრებ და მარტო ვრჩები საკუთარ ეჭვებთან. დავიღალე, ძალიან დავიღალე… ყოველ ღამე ვეძებ… გესმის?
– აბა, რა გითხრა…
ცივი ზამთარი, ლამაზი ზღაპარი, შენი სახება, ოცნების ხატება, მე გამოვიხმე ლამაზი ზღაპრიდან, არა იმიტომ, რომ რამე გთხოვო?! მსურს, დაგიხატო შენ მომავალი ცისარტყელებად, ოქროსფერებად, რომ პეპლის ფრთებზე, მთებზე, ველებზე, ყველგან დავწერო შენი სახელი. მე გამოგიხმობ ლამაზ ზღაპრიდან, რომ გაგიქარვო დარდი, ნაღველი. ოცნების კოშკებს სწრაფად აგიგებ, რომ შევძლოთ ერთად ჩვენ დაბუდება, მერე ცეცხლს მივცემ ყველა ზღაპრის წიგნს, რომ ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება.
მე მჭირდება სულ ცოტა დრო, რომ ვიგრძნო ის სივრცე, რომელშიც ვარ და რომელიც ჩემშია. სივრცეში იქცევა უსასრულოდ ისიც კი, რასაც აქვს დასასრული, დროში ჩერდება ყველაფერი. სივრცეა ისეთი ვრცელი, რომ მოგინდება, ფრთები გაშალო… სივრცის ოცნება, ფართო თვალები, თვალებშიც სივრცე, ცისარტყელები და მის ფერებში თევზები ოქროს… მზე შენს თვალებში… ლიმნისფერი ვარსკვლავები და მთვარე ცოტა უფრო მუქი… სიცოცხლე რძისფერი და შენ… შენამდე გზა უსასრულობა… სივრცე სივრცეში… მინდა იმხელა სივრცე, რომ დავიკარგო მასში და გზა უსასრულოდ გრძელი. მინდა ბედნიერება წამით და მინდა ჩემი ცხოვრება გაიყინოს ამ წამზე. მინდა ვიცნობდე საკუთარ თავს ისე კარგად, რომ ვერასოდეს შევძლო მისი ღალატი. მინდა ოცნება ძალიან უბრალო, რათა ვერავინ მიხვდეს, რომ ეს ჩემი ოცნებაა. მინდა ბევრი გვირილები და ოქროსფერი მტვერისაგან მოქსოვილი სამოსელი, მინდა ლურჯი ცა, ოღონდ მხოლოდ დღისით, მერე კი შავი, ვერცხლით დაფერილი. მინდა იყო ჩემს გვერდით, ან იქნებ, არც მინდა. მინდა, გაჩუქო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ის ისეთი მოსაწყენია… მე კი არ მინდა, რომ შენ მოიწყინო. მინდა ძალიან ბევრი სიცილი, რადგან შენ ერთხელ მითხარი, რომ გიყვარს, როცა ვიცინი. მინდა შენი არსებობის ყველა წამი და მინდა შენს სიზმრებში ყოფნა. მინდა შენი ყოველი დღე დაიწყოს ჩემით და მინდა დამთავრდეს ჩემითვე, მინდა მიყვარდე და ყველაზე მეტად კი ის მინდა, რომ ეს შენც გინდოდეს.
ასე მგონია, მეძახი, შენსკენ მიხმობ, ასე მგონია, გიჭირს უჩემობა, მგონია, გენატრები, იძახი და ჩემს მეტს არავის ესმის შენი ძახილი და მეც მოვდივარ.
მოვდივარ შენკენ და მინდა, გაგიმხილო, გითხრა ის, რასაც ასე ვინახავდი ჩემში.
არ შეგეშინდეს, მე ხომ მოვდივარ…
ხეები გადახვეულან ერთმანეთში… მუდარით ვუთხარი, მელოდება-მეთქი და იმ წამსვე გამითავისუფლეს გზა სავალი.
ზღვას მივადექი, უჩემოდ ვერ გაძლებს-მეთქი და გაიპო შუაზე, მშრალად გამატარა.
მთები აღიმართა ჩემ წინ, დამაგვიანდება-მეთქი და ამიტაცეს, მშვიდობიანად გადმომატარეს თავისი კალთები.
მზე ჩადიოდა, გზას ვეღარ გავიგნებ-მეთქი და შეჩერდა მზე ღრუბლების ცისფერ ქათიბზე.
და, აი, მე მოვედი, მოვედი, გესმის?!
შენ წინ შევჩერდი დაღლილი და გახარებულმა, მოვედი-მეთქი, გითხარი.
შენ კი გაოცებით შემომხედე, – როდის გიხმეო?
ისევ უსაზღვრო მოლოდინით დამძიმდა გული, ვერ დავაღწიე მარტომ თავი შავ-თეთრ ფერიდან. შევეცოდები ოქროსგულა ლამაზ ფრინველებს და შენს სახებას მომიტანენ შორი ქვეყნიდან.
მთელი ღამე თოვდა. საკუთარ თავს ვეღარც ვხედავდი თოვაში. თეთრი ფრთები ფიფქებით დამიმძიმდა. ხან მინდა ვიყო პატარა ფანტელივით ლამაზი და არ ვფიქრობდე სისულელეებს.
– უკაცრავად, მე სიკეთეს ვეძებ, ხომ ვერ მეტყვით, საით წავიდე?
– უცნაურია, ძალიან უცნაური, გოგონა პეპლის ფრთებით, უცნაურია!!!
– ჰო, ალბათ, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ… სად ვიპოვო სიკეთე?
– უცნაურია, ძალიან უცნაური!!!!
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ…
– ვაააააა, სადმე მასკარადია?
– მე… მე სიკეთეს ვეძებ, საით წავიდე?
– რა ვიცი, ახლა, შენი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, მგონი ასათიანზე გირჩევნია.
– დავიღალე, ძალიან დავიღალე, გთხოვთ, მე სიკეთეს ვეძებ.
– ეჰ, შვილო, მეც ვეძებ და თუ იპოვი სადმე, მიმასწავლე.
– იცით, მე სიკეთეს ვეძებ და ვერ ვპოულობ.
– ეტყობა, კარგად არ ეძებ, შვილო, ის ყოველ ნაბიჯზეა.
– მე რომ ვერ ვხედავ?!
– იქნებ იმიტომ, რომ თვითონ არ შეგიძლია სიკეთის ქმნა?
და მე დავიჯერე სიკეთის მაშინ, როცა საშინლად თოვდა…
ვგრძნობ, ჩემი სული წრიალებს ჩემში და მტკივა სადღაც შიგნით და ვიცი, რომ მე ვარ ადამიანი…
ავტორი: ნინო დიღმელაშვილი

dzalian magaria venacvale damwers….
unikaluriaa…