მთავარიქრისტიანობა„დღეს შემორჩენილი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა  ჩვენი ისტორიიდან მცირე ნარჩენებია“

„დღეს შემორჩენილი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა  ჩვენი ისტორიიდან მცირე ნარჩენებია“

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: “საქართველოს ეკლესია ღმრთივმიმადლებულობით მრავალ სიწმიდეს ფლობდა. სამწუხაროდ, დღეს, შემორჩენილი ფონდი, რითაც სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით გულს ვიხარებთ მხოლოდ მცირე ნარჩენებია. ამასთან, უფრო სავალალოდ დაკარგული გვაქვს მათ შესახებ ცნობები. არადა, ყველა ქალაქსა და სოფელში არსებულ ტაძრებში არა ერთი წმიდის ხატება ერისთვის ხვავრიელად შემწე იყო. თაობების მიხედვით, ისინი სადღესასწაულო ზეიმით გადაიცემოდა და აღიწერებოდა.

მრავალმა ამაოხრებელმა შემოსევებმა არა ერთი ხატი და მათი მადლმოქმედების ისტორიები დაკარგვას მისცა. დღეს, როცა ბერძნული თუ სლავური ეკლესიები მსგავსი ცნობებით ყველას ახარებენ, ჩვენთან ეს ყველაფერი დაკარგვით დავიწყებას მიეცა. საქართველოს დღევანდელ მორწმუნე საზოგადოებას ჰგონია, რომ ჩვენ ამას მოკლებულნი ვართ, თითქოს მადლგამოვლენადი ხატები მხოლოდ ელინურ და სლავურ სივრცეებშია აქტიურად და ცნობები მხოლოდ მათ შესახებ იციან. არადა, ეს ღმრთივმომადლებულობა ხვავრიელად გვქონდა.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადგილობრივად ხსენებული ამა თუ იმ წმინდანის ხატი ერთსა და იმავე პირს ასახავენ, ხატთა ნაირსახეობის მიუხედავად ღმრთისმშობელი იქნება, წმ. გიორგი, წმ.ნიკოლოზი… არ განიყოფიან და ადგილის განურჩევლად ყველას მეოხობენ.

თუმცა, სულიერი ისტორია ყველასთვის საშურად სასურველია და იგი ჩვენს ერს უხვად გააჩნდა.

მსურს, ერთი მადლმოქმედობა შეგახსენოთ, რომელი ხატიც საქართველოში იყო და თანადგომად კვლავ გაბრწყინდა. მისი წინარე ისტორია ჩვენთვის უცნობია. მხოლოდ ვიცით, რომ იგი აღმოსავლეთში იყო – კახეთი, კუხეთი, კამბეჩოვანი ან ჰერეთი. მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის პერიოდული შემოსევებისას მრავალ სიწმიდესთან ერთად ღმრთისმშობლის ეს ხატიც გაიტაცეს. იგი რუსმა ვაჭარმა ირანში ნახა და მათგან გამოისყიდა. რუსეთში დავანებისთანავე ხატი მადლგამოვლინებას აქტიურად იწყებს, რითაც იმ ეკლესიის ადგილობრივ სიწმიდეთა შორის ფრიადი ყურადღება და პატივი მიიღო. ეს ხატი საქართველოისად-“გრუზინსკაიად” იწოდება. სწორედ დღეს, ახ.სტილით 5 სექტემბერს არის მისი ხსენება.”

ტროპარი 1

ხარობს ერი მართლმადიდებელთა, დედუფალო, ქალწულო, ღმრთისმშობელო, მზირალი შენი საკვირველი და სასწაულმოქმედი ხატისა. მღებელნი კურნებისა სულისა და ხორცისასა, შენს მიერ დაუცხრომელი მოწყალებითა, ამისთვისცა ჩვენ თაყვანისგცემთ და მხურვალედ გიღაღადებთ: შეგვიწყალენ დედაო სახიერო მდაბალნი მონანი შენნი და გვიხსენ ყოვლისავე ბოროტისა და საცდურიანისა მტერისა. ევედრე ძესა შენსა, უფალსა იესუს, რათა გვიხსნას და მოვიღოთ ზეგარდმო ცხოვრება კაცთმოყვარებითა და სახიერებითა მისითა.

ტროპარი 2

დღეს ნათლად ხარობს კრებული შენი და მისთანა ზეიმობს რაითის უდაბნო, ვითარცა მზის სხივი აღმოსავალით აღმოშუქებული. დედუფალო მოვიღეთ შენი საკვირველი ხატი, რომლითაც ფანტავ, წყვდიადის განსაცდელთ და გვიხსნი სიძნელეთაგან, მათ ვინც რწმენით გხადიან. იხსენ კრებული და ყოველი ქვეყანა ქრისტეანეთა და დაიცვენ სულნი ჩვენნი, ვითარცა მოწყალემან მცველმან ნათესავთა ქრისტეანეთასა.

კონდაკი

ინებე რა საღმრთოითა განგებითა ურწმუნოთა ხელთაგან პატივი შენი დედოფალო. ხატი შეურაცჰყვეს ურწმუნოთა და ლახვრითა ჰგმირეს. დაღაცათუ ქვეყანასა მართლმადიდებელთასა იგი სიყვარულით განიდიდა ყოველთა მიერ და პატივით მიითვალება, ამისთვისცა მეოხებითა შენითა ბრმათა თვალნი აღეხილება, ყრუთა ესმით, უტყვნი მეტყველებენ, კოჭლნი ვლენან, უძლურნი განძლიერდებიან, მგლოვარენი ნუგეშინისიცემებიან, ამისთვისცა სიხარულით გხადით შენ: ვითარცა სახიერმან მოწყალეო დედაო, მარადის მოგვფინე წყალობა შენი ჩვენზედა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები