მთავარი » სხვადასხვა

სულიერების კერა ტექნიკურ უნივერსიტეტში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2011 | 2,024 ნახვა

,,ეს არის ისტორიული დღე, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუძნდება თეოლოგიიის კათედრა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ეს დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში წინ, მაგრამ, ამავე დროს გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები უკან რწმენასა და სულიერ საქმეში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მეცნიერება და ტექნიკა – ეს არის ღვთის დიდი მადლი. მაგრამ ძალიან საშიშია მეცნიერება და ტექნიკა არასულიერი ადამიანის, ურწმუნო ადამიანის ხელში… აი, ამიტომ მიმაჩნია მე, რომ ღვთისმეტყველების კათედრის დაფუძნება ტექნიკურ უნივერსიტეტში დროული და აუცილებელია. მართლაც, დღეს სულიერების, სიყვარულის საოცარი დეფიციტია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ეს ჰარმონია სულსა და მატერიას შორის…’’- ეს სიტყვები 2001 წლის 19 ოქტომბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ტექნიკურ უნივერსიტეტში, თეოლოგიის კათედრის დაფუძნებისას წარმოთქვა.

წელს კათედრას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდება. კათედრაზე მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით ასწავლიან საქართველოს ყველაზე ცნობილი ღვთისმეტყველები, თეოლოგები და სასულიერო პირები. საგნობრივ ჯგუფში შედის: მსოფლიო რელიგიები, რელიგიები და საზოგადოება, რელიგიები საქართველოში, რელიგიების ისტორია ევროპაში, მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში (საქართველოში).

თეოლოგიის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, გამოუმუშავოს სტუდენტს უნარი, როგორც საქართველოს მოქალაქეს, განსაზღვროს თავისი ადგილი მსოფლიოში ისტორიული, რელიგიური და კულტურული რეალობების გათვალისწინებით, მიაწოდოს მას ცოდნა და ინფორმაცია. ამასთანავე, დაეხმაროს, რათა გამოიმუშავოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც მოამზადებს მას (სტუდენტს) აქტიური მოქალაქეობისათვის პასუხისმგებლობის გრძნობით სამშობლოს წინაშე, რათა შეიცნოს საკუთარი და საზოგადოებრივი ინტერესები, გამოიმუშავოს პატივისცემა და შემწყნარებლობა საკუთარი და სხვა კულტურების (მათი წარმომადგენლების) მიმართ, ამასთანავე, განუვითარდეს, გაუღრმავდეს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღირსება და სამართლიანობა.

ახლადდაფუძნებული კათედრის გამგედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსი, ანანია ჯაფარიძე დადგინდა. მან აღნიშნა თეოლოგიის კათედრის მნიშვნელობა და სამუშაო პროგრამა ჩამოაყალიბა:

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთელი ქართველი ერისათვის წარმოადგენს მეცნიერების, კულტურისა და განათლების საამაყო კერას, ამიტომაც აქ თეოლოგიის კათედრის დაარსებასა და მის კურთხევას უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. თეოლოგიის კათედრის დაფუძნება ერთი ნაწილია საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის იმ დიდი პროგრამისა, რომლის მიხედვითაც საუნივერსიტეტო ტექნიკური განათლება, ამასთანავე, ჰუმანიტარული განათლების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანას, პროფესიონალი ინჟინრის მიერ ეროვნული სულიერი კულტურის გათავისებასა და ეროვნული ფენომენის მატარებელ მოქალაქედ აღზრდას გულისხმობს. თეოლოგიის კათედრას ამ მხრივ დიდი მისია ეკისრება; მის მუშაობას საფუძვლად დაედება უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სწავლება რწმენისა და ცოდნის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ; კერძოდ: “საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერებისა და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განახლებისა. ინტელიგენციაში დიდი პოტენციური ძალაა. წარსული დროის უმძიმეს პერიოდებშიც კი მოაზროვნე ფენა ჩვენი ქვეყნისა ხალხში ნერგავდა განათლებისა და სოციალური პროგრესის მაღალ იდეალებს. ერთადერთი, რაც მას აკლდა, ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების სრული გააზრება. თავისი ფუნქციის სწორად შეფასებასა და შესრულებას ინტელიგენცია მხოლოდ მაშინ შესძლებს, როცა თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგს.“

სარწმუნოებისა და მეცნიერების დაკავშირების შესახებ მთავარეპისკოპოსმა ანანიამ წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ცნობილი მოძღვრებაც გაიხსენა: “ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი არიან, მაგრამ ამ ორ სამფლობელოს შორის შემაერთებელი ხიდი არის სიბრძნე. გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება არის წყარო ერის მსახურებისა, ღვაწლისა, მადლისა და საქმისა, რადგანაც კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისა”; შემდეგ მან აღნიშნა: მეცნიერება და სარწმუნოება შეიძლება ორ მძლავრ ფრთას შევადაროთ, რომელზეც დაყრდნობისას ქართველ ერს შეუძლია კვლავ მოიპოვოს სულიერი და სახელმწიფოებრივი სიძლიერე. ახალი თაობა უთუოდ კვლავ გადებს შემაერთებელ სიბრძნის ხიდს მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის.

„ილიას უკვდავი იდეები, ცხადია, საყრდენი იქნება ჩვენი კათედრის მუშაობისა. დაარსება ამ მნიშვნელოვანი კათედრისა კიდევ უფრო წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკლესია დღეს აღმავლობის გზაზეა. ეს მიგვითითებს, რომ ერის ქრისტიანული სული ცოცხალია და იმედით უყურებს მომავალს.

ქართული ეკლესიის აღორძინება საწინდარია საქართველოს სახელმწიფოებრივი გაძლიერებისა; ქართული ეკლესია სულია ქართველი ერისა. როგორც სხეულს არ შეუძლია სიცოცხლე უსულოდ, ისევე ქართველ ერს – მისი მაცოცხლებელი სულის გარეშე, და დღეს, როცა ხალხი სულიერ საზრდოს ეწაფება, მისთვის შესაბამისი პირობების მიცემაა საჭირო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა ძველი ქართული სასწავლებლების, აგრეთვე, უცხოეთის უნივერსიტეტებში არსებული თეოლოგიის ფაკულტეტების პროგრამების შესაბამისად უნდა შეეცადოს, ყურადღება მიაპყროს ბიბლიოლოგიის (ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილის), ღვთისმეტყველების, ქართველოლოგიის, ასევე, კულტუროლოგიური, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური, ისტორიოგრაფიული და სხვა მიმართულების პრობლემების კვლევასა და სწავლებას; შესაბამისად, აქ უნდა იღვაწონ საერო და სასულიერო მკვლევრებმა.

დასასრულ, მისი უწმიდესობის ლოცვით, გულითადად ვულოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდ საბჭოს, მის ყველა წევრს, რექტორატს, სტუდენტობას, რომელთაც სიხარულით მიიღეს მათთვის უჩვეულო თეოლოგიის კათედრის დაარსება. ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს თეოლოგიის ახალი კათედრა.“

ახლადდაფუძნებული კათედრის წევრ-პედაგოგთა შერჩევა და დაკომპლექტება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის რეკომენდაციითა და ლოცვა-კურთხევით აღსრულდა. სასწავლო პროცესი 2002 წლის მარტის თვიდან დაიწყო.

კათედრის პირველი პედაგოგები გახლდნენ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლების (ძირითადად, თბილისის სასულიერო აკადემიიის) პედაგოგები და ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე პირები, რომელთაც პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ.

ახლადდაფუძნებული კათედრის გამგემ და პედაგოგებმა კათედრის პირველსავე სხდომაზე მიზნად დაისახეს, ერთი მხრივ, სტუდენტთა განსწავლა-კატეხიზაცია საღვთისმეტყველო კუთხით, მეორე მხრივ კი – საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესწავლა.

თეოლოგიის კათედრის ისტორიიდან აღსანიშნავია სტუდენტთა დაინტერესება საღვთისმეტყველო ლიტერატურითა და ეკლესიის ისტორიით. საგანგებოდ გამოსაყოფია ის ფაქტიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა, მაგისტრანტთა და ასპირანტთა ბოლო პერიოდის სამეცნიერო კონფერენციებზე მონაწილეთა მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა თეოლოგიის სექცია; თეოლოგიის კათედრის მასწავლებელთა ხელმძღვანელობით მომზადებული სტუდენტების თემები ყველაზე მეტი დიპლომითა და სიგელით ჯილდოვდება; სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის სფეროში მიღწეულ წარმატებათა გამო თეოლოგიის კათედრას ყოველწლიურად გადაეცემა საგანგებოდ შექმნილი ჭედური დაფა.

თეოლოგიის კათედრის წარმატებული მუშაობა დადებითად არის შეფასებული როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის მიერ. კათედრის გამგეს, მანგლისისა და წალკის მმართველს, ანანია ჯაფარიძეს საქართველოს ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება – მიტროპოლიტობა, ხოლო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ, პროფესორის წოდება მიანიჭა. მეუფე ანანია ასევე არჩეულია საქართველოს საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსად, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის საპატიო წევრად. მან სტუდენტთა საეკლესიო მსახურებასა და ტაძრის აგებულების სტრუქტურაში უკეთ გარკვევის მიზნით უნივერსიტეტის სამ კორპუსში დააფუძნა და აკურთხა წმიდა გიორგის, წმიდა დავით აღმაშენებლისა და წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოები.

შრომატევადი სასწავლო პროცესის მიუხედავად, თეოლოგიის კათედრის წევრები სერიოზულ სამეცნიერო ღვაწლშიც არიან. აღსანიშნავია 2005 წლის გაზაფხულზე 23-25 მაისს კათედრის აქტიური მონაწილეობით ჩატარებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება და რელიგია”; 2006 წ. ივნისის თვეში კი კათედრის თანამონაწილეობით ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

თეოლოგიის კათედრას სხვა მრავალმხრივ საინტერესო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა.

სამომავლო საქმეებს კი ყოვლადსახიერი ღმერთის უსაზღვრო შემწეობის იმედით აღვსებულნი, უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და კათედრის გამგის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის, პროფესორ ანანია ჯაფარიძის წინამძღოლობით განაგრძობენ.

მოამზადა თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • როზეტა გუჯეჯისნი says:

    დიდი მადლობა ამ სტატიისათვის. მეუფე ანანია ჩვენი დროის გამორჩეული მოღვაწეა. იგი, სულიერი მოღვაწეობის პარალელურად,თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი ისტორიკოსია. ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული თეოლოგიის კათედრა მძლავრი სამეცნიერო-სასწავლო კერაა. ვუსურვებთ მეუფეს ხანგრძლივ მოღვაწეობას. ვუსურვებთ ტქვენს გამოცემას წარმატებას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი