მთავარი » საზოგადოება

სტუმრად სოციალურად დაუცველ ოჯახთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2012 | 2,668 ნახვა

დეკანოზ დავით დათუაშვილის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ინტერნეტჟურნალ “ამბიონმა” და “წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ფორუმმა” აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კობა ზოტოვისა და ბარბარე ხოკერაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს მიულოცა. ბარბარე ხოკერაშვილი ცოლ-ქმარი 6 შვილთან ერთად 1-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. სახლი ავარიულია, ფართი- მცირე, კედლები- გაულესავი, გაჯი ჩამოდის და ნაფხვენები ცვივა. 11 წლის მარიამი, 9 წლის ილია, 7 წლის ანასტასია, 5 წლის ავთანდილი, 3 წლის შიო და 8 თვის ნინო უფლის მადლით, შემწეობითა და მშობლების თავდაუზოგავი შრომის წყალობით იზრდებიან. მიუხედავად გაჭირვებისა, კობასა და ლალის არასოდეს უნანიათ ამდენი შვილის ყოლა, ამას უფლის საჩუქრად მიიჩნევენ და თუ ღვთის ნება იქნება, მეშვიდე შვილსაც უყოყმანოდ დიდი სიხარულით გააჩენენ.

ბარბარე ხოკერაშვილი: “სახლში მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი 6 შვილი ვცხოვრობთ. დილა ხმაურით იწყება, შუადღიდან კი ვისვენებთ, თუ ამას დასვენება ჰქვია. ამ პერიოდში უნდა მოვასწრო ბავშვებისთვის სადილის მომზადება, თუ გარეცხვა. გადაჭარბებულად ჟრიამულიანია ჩვენი ოჯახი. კეთილი მეზობლები გვყავს. შეიძლება წუხდებიან, მაგრამ ამას არასდროს მაგრძნობინებენ. მეუღლე თბილისის წყალსადენში მუშაობს. თითქმის სულ დაკავებულია. დედამთილი და მამამთილი რაიონში არიან.

მამა დავითი თითქმის ყველა ქრისტიანული დღესასწაული ჩემთვის მნიშვნელოვანია და შეძლებისდაგვარად ვემზადები კიდეც. დროის უქონლობის გამო ზოგჯერ ისე ვერ ვახერხებ მარხვას, როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც ვცილობ, უფრო ხშირად ლოცვაში ვიყო, თუმცა ეს ან არ გამომდის, ან დაკავებული ვარ. როცა ვერ ვასრულებ ამ ყოველივეს, გული მწყდება. ამჟამად წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვარ. მეც და ბავშვებიც ეკლესიურად ვცხოვრობთ. ხშირად ვეზიარებით. თავდაპირველად ისინი ჩვენ მივიყვანეთ ეკლესიაში, მაგრამ ახლა თავისი ნებით აგრძელებენ ტაძარში სიარულს. ხანდახან ეზარებათ, არ ვაძალებთ, მაგრამ სინდისი ქენჯნით მერე და სძლევენ სიზარმაცეს. გვყავს მამაო და ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს მასთან. შიო და ნინო პატრიარქის ნათლულები არიან და ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ნათლია როცა ძლიერია, თან სასულიერო პირია, ეს ბავშვის სულიერებაზეც აისახება. და თუ ოდესმე გაუჭირდება, იქ პატრიარქის ლოცვის ძალა და მადლი გამოვლინდება”.

როგორც მრავალშვილიან ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დახმარება თუ გაქვთ?

ერთხელ ვითხოვეთ სოციალური დახმარება, მაგრამ დიდი ჯაფის მერე უარი გვითხრეს იმის გამო, რომ მეუღლე მუშაობს და არ გეკუთვნითო. ძალიან გულნატკენი ვიყავი. დღეს ჩვენს ქვეყანაში 2 შვილის პატრონსაც კი არ ულხინს. 350 ლარს დახმარების სახით ვიღებთ.

რა არის თქვენთვის ძირითადი პრობლემა?

სააღდგომო ნახატი სახლი ავარიულია, თურმე კომუნისტების დროიდან არ ანგრევენ. კედელი სინესტისგან დაზიანებული იყო, მერე გავაკეთებინეთ დრენაჟი, სულ მთლიანად სველი გახლდათ, 1 მეტრზე ჩამოინგრა კიდეც. მთავარი პრობლემა ფართის სიმცირეა. მარტო რომ ვიყო, ყველაფერს ავიტანდი, მაგრამ ფიზიკურად ძნელია აქაურობის დალაგება ასეთ პირობებში. გაჯი ჩამოდის, კედლიდან ცვივა ნაფხვენები და ბავშვებისთვისაც საშიშია. სკოლიდან ყველანი ერთად ბრუნდებიან სახლში და ილია, მაგალითად, ოდნავ ხმაურშიც კი ვერ მეცადინეობს, რის გამოც, გარკვეული პერიოდი, ჩამორჩა კიდეც სწავლას. თუმცა, მიუხედავად პირობებისა, ყველანი კარგი მოსწავლეები არიან, მშვენივრად ხატავენ. ხატვის ნიჭი, ალბათ, მშობლებისგან გამოყვათ, თუმცა მე და ჩემს მეუღლეს ერთი ჩვენი ნახაზიც კი არ გვიჩვენებია მათთვის.

ზამთარში სიცივეა ჩვენი პრობლემა. თბილისის ქარხნის გამათბობლით ვთბებით. წელსაც ძალიან გაგვიჭირდა, დიდი გადასახადები მოგვივიდა, მაგრამ ღვთის მადლით გაგვაქვს რაღაცნაირად თავი.

ზოტოვი გამგეობას ვთხოვე შემოდგომაზე დახმარება. გამგებელმა არც უარი მითხრა, მაგრამ არც დაგვაკმაყოფილა. განცხადება არ დაიტოვა, მხოლოდ მომისმინა. მომცა ნება, მუნიციპალიტეტიდან წამეყვანა ხალხი და გადაეღოთ სურათი, რომ ენახათ, რა მჭირდებოდა. მაგრამ არავინ გამოჩენილა. გარედან გაკეთება კი შემოგვთავაზეს, მაგრამ როცა ვკითხე, შიგნით რატომ არ შემოდიოდნენ, ზუსტად ასე მიპასუხეს: ხარჯები რომ დაგვიმთავრდება, რა ვთქვათ, ვის დავეხმარეთ, მრავალშვილიან ოჯახსო?

შემოსავალი თუ გყოფნით?

ვცდილობთ, ვიმყოფინოთ. რაიონიდან, ძირითადად, მოსავლის სახით გვეხმარებიან, გვიგზავნიან ბოსტნეულს, ხილს. ბაზარში თუ მივდივარ, ჩვენი ოჯახისთვის ის 20-25 ლარი არაფერია. ხშირად სახლში მოსულს მიფიქრია, რამეში ზედმეტად ხომ არ დავხარჯე ფული-მეთქი, რადგან თანხის შესაფერისი პროდუქტი არ მჭერია ხელში.

გაჭირვებისას ყველაზე მეტად რა გეხმარებათ?

როცა გვიჭირს, ღვთის იმედი გვაქვს, სასოწარკვეთილებაში არასდროს ვვარდებით. ალბათ, ესეც მადლია. დღეს მანქანაც გვაქვს, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა ერთი კარტოფილი და ფქვილი მქონია სახლში, 1 კონა მწვანილის საყიდლად ჩავსულვარ და მემწვანილეს რამდენიმე შეკვრა უჩუქებია.

იყო დრო, ამაზე მეტად გვიჭირდა, მაგრამ გული არ გაგვიტეხავს.

უკიდურესი გაჭირვების დროს მაინც თუ გინანიათ ამდენი შვილის ყოლა?

სახლი მიუხედავად გაჭირვებისა, არასოდეს გვინანია ამდენი შვილის ყოლა. მეშვიდე შვილსაც დიდი სიხარულით გავაჩენთ. მართალია მეუღლე ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს, მაგრამ არასოდეს უფიქრია აბორტის გაკეთება. ის ჩემზე დიდსულოვანი ადამიანია. როცა ხედავს, შვილები ეკლესიაში არ არიან, საყვედურობს, რატომ არ მიდიხართ ტაძარშიო. ბავშვები თითქმის მიყოლებით გვყავს. როცა რამდენიმე წელი გადის ნამატის გარეშე, მეუღლე იკითხავს ხოლმე, რაღაც ცოტა არ იყოს, გავღარიბდით და რაშია საქმეო? აი, ასეთი სიღარიბე უჭირს, მეტი არაფერი. მეც ეს ყველაფერი გულს მითბობს და სტიმულს მაძლევს.

მამა დავითს (დათუაშვილი) დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დახმარებისთვის, სააღდგომო საჩუქრებისთვის და მას სულიერ გაძლიერებას ვუსურვებ.

თათია ნავროზაშვილი

იხილეთ: “რეპორტაჟი – სოციალურად დაუცველ ოჯახთან სტუმრობისას”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მადლენა says:

    ქ ნი თათია ნავროზაშვილი, ტყუის როცა ამბობს. რომ სახლი ავარიულია. ეს ხალხი დაინტერესებულია,რომ სახლი ავარიული გახადონ, ეს არის ავანტიურა და მეტი არაფერი. ადამიანის სხვა ღირებულებეს უნდა გაესვას ხაზი და არა სპეკულიანტებს, რომლებიც ძალით ანგრევენ სახლებს, რომ დახმარება მიიღონ

  • თეონა ნოზაძე says:

    ქალბატონო მადლენა, თქვენ ხართ ნამყოფი ამ ოჯახში? ნამდვილად იცით რომ სახლი ავარიული არ არის? ჟურნალისტის ამ ფორმით დადანაშაულება მართებული არ არის.
    თუმცა სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის მიღმა ხშირად არცთუ ისე გაჭირვებული ადამიანები არიან ამოფარებულნი…

  • ელისაბედი says:

    ღმერთმა ამრავლოს, როცა ამ გაჭირვებაში ასეთი სულისკვეთებით მიჰყვებიან ცხოვრების გზას. მადლენა, რატომ გაქვთ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ. 6 შვილიანი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობს, ამაზე მეტი ღირებულება რა გინდათ, შვილს უფლის საჩუქრად ღებულობენ და ეკლესიურ გზას მიჰყვებიან.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი