მთავარი » ქრისტიანობა

მაცხოვრის შობა – სადღესასწაულო ქადაგება (07.01.2023)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.01.2024 | 210 ნახვა

7 იანვარს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, მრევლს ქადაგებით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღესასწაული, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, იმსახურებს უფრო აღმატებულ თაყვანისცემასა და მოწიწებას სხვა დღესასწაულებთან შედარებით და მას შეიძლება ეწოდოს დღესასწაულების დედა, ვინაითგან მისგან იღებს სათავეს სხვა დღესასწაულები: ნათლისღებაც, აღდგომაც, ამაღლებაც და სულთმოფენობაც.

მაგრამ მხოლოდ ამიტომ როდი იმსახურებს ასეთ აღმატებულ თაყვანისცემას სხვა დღესასწაულებთან მიმართებით, არამედ კიდევ იმიტომ, რომ თვითონ ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, არის სრულიად განსაცვიფრებელი – ძე ღმერთმა ინება განკაცება, მიიღო კაცობრივი ბუნება, როგორც ადამიანი, მოევლინა კაცობრიობას და თავი დაიმდაბლა იმდენად, რომ ეს ადამიანის გონებისთვისაც კი წარმოუდგენელია.

და აი, წმინდა პავლე მოციქული ამით გაკვირვებული წერს, რომ „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით“.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე როცა იშვა, თავდაპირველად მასთან მოდიან უბრალო მწყემსები და თაყვანს სცემენ მას; შემდეგ მოდიან აღმოსავლეთიდან განსწავლული მოგვები და მოაქვთ მასთან ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა მივართვათ საჩუქრად მაცხოვარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი ძღვენი ახალშობილისთვის?

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უფრო აღმატებული ძღვენი მივუტანოთ მაცხოვარს მოგვებთან შედარებით: ოქროს მაგივრად მივართვათ ჩვენი რწმენა, გუნდრუკის მაგივრად – სასოება, ხოლო მურის ნაცვლად – სიყვარული.

რწმენა – ცოცხალი, გულწრფელი, მზად მყოფი თავგანწირვისთვის და თუ საჭირო გახდა, სიკვდილისთვისაც;

სასოება იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვემთხვევა ცხოვრებაში, ღმერთის დაშვებით ხდება, ჩვენი გამოსწორებისთვის, ჩვენი განწმენდისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის და მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, ჩვენთვის უნდა ყველაფერი საუკეთესო. მას უნდა, რომ ჩვენ ბედნიერი და გახარებული ვიყოთ, თუ ჩვენ თვითონ არ შევუშლით ხელს ამაში მას ჩვენი ცოდვებითა და ვნებებით;

დაბოლოს, მივართვათ უფალს ჩვენი სიყვარული: სიყვარული ღმერთის, სიყვარული ადამიანის. ეს თვისება ძალიან იშვიათი გახდა, იშვიათი ნიჭი გახდა და ამიტომ სწორედ დღევანდელ დღეს ვეცადოთ, რომ უფალს მივუძღვნათ, მივართვათ ჩვენი სიყვარული და მივატოვოთ თუკი რაიმე გვაქვს გულში: წყენა, უკეთურება და ადგილი დავუთმოთ სიყვარულს და სითბოს ადამიანებთან მიმართებით.

და თუ ჩვენ ასეთი ძღვენით მივალთ ეკლესიაში, უფალი მოგვცემს დიდ კადნიერებას და შევძლებთ, დავტკბეთ, გავიხაროთ და ვინუგეშოთ ამ წმინდა სულიერი ტრაპეზით. თუ მოგვებმა მხოლოდ თაყვანი სცეს უფალს, ჩვენ თუ კეთილი სინდისით მივეახლებით, გვეძლევა შესაძლებლობა ეკლესიაში, რომ მის წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიაროთ, აი, ასეთი მადლით დავბრუნდეთ სახლში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მივიღოთ უფალი ჩვენს გულებში და მივართვათ მას ჩვენი რწმენა, სასოება და სიყვარული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ დღის მადლით უფალმა დაგლოცოთ, თქვენი ოჯახები დალოცოს, ქრისტესშობის მადლით უფალმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ!”

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი