სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:
ერთხელ სადღაც ამოვიკითხე, რომ წინასწარი განწყობა ბევრად განაპირობებს ადამიანის სულიერ განვითარებასა და მიმართულებას, ამიტომ მოვინდომე გამომეცადა იგი საკუთრ თავზე და გადავწყვიტე შემყვარებოდა ყველა…
ამის მისაღწევად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა საყვარელია და ძვირფასია თითოეული ადამიანი და მალე მე ისე შევეჩვიე ამაზე ფიქრს, რომ შინ თუ გარეთ, ტრანსპორტსა თუ გაჩერებაზე, ლხინში თუ ჭირში ყველას ვუყურებდი სიყვარულით და იმ განწყობით, თუ როგორი კარგი და განუმეორებელია თითოეული ადამიანი, როგორი ტრაგიკული და მძიმეა ზოგჯერ მისი ყოფა, როგორი გმირულია მისი ნაბიჯი და რა წრფელი მისი სიყვარული; ზოგჯერ რა მძიმე მწუხარება ისადგურებს მის სულში და როგორი საბრალოა ის მაშინ. როგორი დიდი საიდუმლოა ადამიანად ყოფნა და სამყაროს შემომქმედის რა საოცარი ქმნილება…
ხრწნადი ხორცისა და უკვდავი სულის ჰარმონიული ნაზავი, თავისუფალი ნებისა და ღვთაებრივი გონიერების მატარებელი, საუნჯე, რომლისთვისაც ღმერთი განხორციელდა და მისდამი სიყვარულის გამო ჯვარს ეცვა…
გადიოდა დღეები და მართალი გითხრათ, ჩემს თვალში სამყარომ სულ სხვა ელფერი მიიღო, რაღაცნაირად გამრავალფეროვანდა, გამდიდრდა, ღირსება შეიძინა… თითქოს ყველა მიყვარდა, ყველას გავუგე, ყველასი მესმოდა, ყველას თანავუგრძნობდი და თუ აქამდე სამყარო უცხოდ და მტრულად მეჩვენებოდა, ახლა ისეთი ახლობელი და მშობლიური იყო, როგორც ბავშობაში…
მე თითქოს ღვთის საუფლოში შემავალ საიდუმლო კარს მივაგენი. ღმერთო, რა კარგი იყო იქ… როგორი მშვიდობა, როგორი თანხმიერება, როგორი წესრიგი…
და აი, ერთ დღეს, სახლში ვბრუნდებოდი სამარშუტო ტაქსით. სახეზე ალბათ ნეტარება გადამდიოდა. ბედნიერი ვიყავი ამდენ კეთილ ხალხში, ამდენ საყვარელ ადამიანებში… რაღაც მომენტში ჩემ გვერდზე ადგილი განთავისუფლდა. გაჩერდა ჩვენი ტრანსპორტი და ვხედავ, ამოდის ნახევრად შიშველი და საოცრად გამხდარი, ტუჩზე, ცხვირზე, წარბზე პირსინგებით და ათასგვარი ტატუებით აჭრელებული საყურეებიანი შავი არსება. “ნეტავ ჩემ გვერდით არ დაჯდეს” – გავიფიქრე, მან კი ერთი გაიხედ-გამოიხედა და თუმცა თავისუფალი ადგილები საკმაოდ იყო, მაინც ჩემ გვერდზე დასკუპდა… იძულებული გავხდი, თავი გვერდზე მიმებრუნებინა, რადგან არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად საშინელი სუნი ასდიოდა… მალე ტელეფონმა დაურეკა და დაუწყო ვიღაცას პირსინგებისა და ტატუების მნიშვნელობებზე ხმამაღალი ლაყბობა, თუ ვინ იყო კარგი სპეციალისტი, ვისთან აჯობებდა მათი გაკეთება და რა ფასებში იყო ეს შესაძლებელი… “ღმერთო რა საშინელებაა, ნეტავ აქ არ ვიჯდე“ – ზიზღით გავიფიქრე და უცებ გამახსენდა სულ რამდენიმე წუთის წინანდელი ჩემი ნეტარი განწყობა, ვითომ ყველა რომ მიყვარდა და მჯეროდა, რომ ყველას ტვირთვა შემეძლო…
და მივხვდი, რომ ღვთისგან იყო ეს ყველაფერი და ჩემთვის იყო ეს ადამიანი აქ ამოსული…
დიდება შენ უფალო, ორი წელია ამ ტრანსპორტით დავდივარ და დღემდე არ შემხვედრია ასეთი მოვლენა…
“- მიდი, აბა ახლა შეიყვარე, გაუგე, შეიბრალე“ – მითხრა გულისთქმამ. ვეცადე, მაგრამ ვერა. ვერ შევძელი დამეძლია შინაგანი განზიდულობა და ამომევსო ჩვენ შორის არსებული სიცარიელე. არანაირი საერთო, არანაირი სიახლოვე, თანაგრძნობის უმცირესი სხივიც კი ვერ ვპოვე სულში და მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: “- გეყო… ჩამოფრინდი ციდან… რაც ხარ, იმას მხოლოდ მექანიკური მეცადინეობით ვერ შეცვლი და ვერ გაითავისებ. ასე, მგონი მხოლოდ ხიბლს გამოჰკრავ ხელს… სჯობს უპირველესად საკუთარი დაცემულობის სიღრმეს ჩასწვდე, დაინახო მისი საშინელება, გამოიტირო იგი და მერე თავად ის გასწავლის როგორ უნდა შეიყვარო სხვა და უთანაგრძნო მას…”
ის დალოცვილი ტელევიზიასთან ჩამოვიდა, მე კი მანქანის ფანჯრიდან გავყურებდი ადამიანთა მქროლავ სილუეტებს და ღიმილს ვერ ვიკავებდი…
და მაშინ, პირველად ვიგრძენი მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომლის მეშვეობითაც იმ დღეს სამუდამოდ დასამახსოვრებელი გაკვეთილი მივიღე ჩემი კაცთმოყვარე უფლისგან… მას დიდება უკუნისამდე!
წიგნიდან “მომეფერე უფალო”
