მთავარი » ქრისტიანობა

სიყვარული – უპირველესი სათნოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.09.2014 | 8,750 ნახვა

“უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, რადგან მასში უხვადაა ყველა დანარჩენი სრულყოფილება…”

“უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია, არ უყვარდეს მოყვასი”
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

სიყვარული პირველი სათნოებაა, რომელიც ადამიანს თავისუფლებას აზიარებს. ეს სათნოება პიროვნებას ანიჭებს შესაძლებლობას, დაუსრულებლად სრულიქმნას მასში. სიყვარული უდიდეს სიღრმედ გვევლინება, რომლის მიღწევაც ადამიანს შეუძლია. მას დასასრული არასდროს ექნება, რადგან მარადიულია.

მღვდელი ზაზა სოსიაშვილი (არბოს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი): “მცნებათა შორის პირველი სიყვარულის მცნებაა: შეიყვარო უფალი, ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს მცნება მთელი რჯულის აღმსარებელია, ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფაა.…

ყველა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს.…

პავლე მოციქული ბრძანებს:”აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაი,სასოებაი და სიყვარული – სამი ესე, ხოლო უფროის ამათსა სიყვარული არს”.

მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სათნოება,რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს,სიძულვილზეა დაფუძნებული.

ერთმანეთის სიმძიმის ტარება მაცხოვნებელია. შეუძლებელია გვიყვარდეს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი.…უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი მოყვასი, უსიყვარულოდ ცხოვრება შეუძლებელია, მის გარეშე ღმერთთან მისასვლელ გზას ვერ ვპოვებთ.

იმისათვის, რომ ადამიანები შევიყვაროთ, არასდროს განვიკითხოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ მათგანს დაფარული სათნოება გააჩნია. თითოეულ პიროვნებაზე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც ჩვენზე უკეთესზე.

ჩვენს მტრებს წყალობა ფარულად უნდა მივაგოთ, შევთხოვოთ უფალს, შეეწიოს მათ, ეს ყოველივე დიდ მადლს მოუტანს ყველა ქრისტიანს.
“…გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით,” – გვამცნო უფალმა.

როდესაც გვაწყენინებენ, უნდა მოვითმინოთ, თანავუგრძნოთ მას, ვინც გულს გვატკენს, რადგან სცოდავს. უნდა ვეცადოთ, სიკეთე ვაჩვენოთ. აბბა პიმენი ამბობდა: “ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას: ამიტომაც, თუ ბოროტი გიყოს ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება”.

თუ იგრძნობთ, რომ მდგომარეობიდან გამოდიხართ, როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებენ, მანამდე არაფერი წარმოთქვათ, სანამ არ დამშვიდდებით. ილოცეთ გულში სიმშვიდის მონიჭებისთვის და როცა დამშვიდდება თქვენი გული, ამის შემდეგ დაელაპარაკეთ მას, ვინც გაწყენინებთ.

ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს სხვისი სიმდიდრე, როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ხედავს, არ უგულებელყოფს უცხოს, აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა. მაცხოვარმა მოციქულებს უთხრა: “ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს”.

როგორ დავაფასოთ ეს სათნოება და როგორ გავაძლიეროთ ჩვენში?

უნდა გვიყვარდეს უფალი და განუწყვეტლივ ვლოცულობდეთ, რომ მოგვეცეს უნარი საქმეში საუკეთესო სათნოებები გამოვავლინოთ. ლოცვა ჩვენი ვალია. უფლისადმი სიყვარულს ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარულზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ.…

შევინანოთ, რომ ცოდვისკენ უფრო ვიხრებოდით, ვიდრე უფლისკენ . განვეშოროთ უწმიდურებას, სიბილწეს, შევიყვაროთ უფალი მთელი სულით, სიმტკიცითა და მთელი ჩვენი გონებით, ვეცადოთ,არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა.
უფალი მუდმივად სიყვარულისაკენ მოგვიწოდებს, უნდა შევთხოვოთ მაცხოვარს, მოგვცეს ძალა მისი სიყვარულისა. უფლის სიყვარული ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობას, სრულიქმნას.

უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმინდე, ძლიერება ,დიდება, მადლიერება, დაუსრულებლობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მეფობა, სამართლიანობა, სულიერი სრულყოფილება და ცხონება.
ყველაფერი ეს უფალშია. იგი დაუსრულებლად მაღლაა ყოველივე ამათზე.

მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. მოვინანიოთ ის დრო, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: გვიან შეგიყვარე შენ,ასე უძველესი სილამაზე;
გვიან შეგიყვარე, სამწუხაროდ,გავიდა ის დრო,როდესაც არ მიყვარდი!უფალი ადამიანთა გულებში ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლის დასანთებად ჩამოვიდა ზეციდან (ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა, რაი მნებავს,რაითა აწვე აღეგზნეს!.

შევთხოვოთ უფალს, გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად,რომ მთავარი მისი სიყვარულია, მარადიული სინათლე დაანთოს ჩვენს სულში, რათა შევიგძნოთ და შევიყვაროთ.

უფალმა ჩვენ შეგვიყვარა ისე, როგორც საკუთარი თავი უყვარს და ეწამა ჩვენთვის, რომ სამუდამო სატანჯველისაგან გამოვეხსენით.
ღმერთი ჩვენდამი სიყვარულს ამტკიცებს იმით, რომ მან თავისი ერთადერთი ძე მსხვერპლად გაიღო ჩვენი გადარჩენისათვის.

არ შეიძლება უფლის მიერ ასეთი სიყვარულის შემდეგ უგულო დავრჩეთ, ვთხოვოთ ღმერთს, მოგვიტევოს ჩვენი სიცივე და უმადურობა.
ჩვენი სიყვარული უფლისადმი სიკვდილივით მყარი და ყველა ჩვენი მოქმედების მთავარი საფუძველი უნდა იყოს“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი