რა არის ის გრძნობა, რაც ჩვენში იწვევს ვალდებულებასა და სურვილს იმისა, ვიყოთ ქრისტეს მცნებების აღმსრულებლები? როგორი დამოკიდებულება გაგვაჩნია ღმერთის მიმართ? “ამბიონს” დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა:
“თითოეულ ადამიანს ღმერთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია. თუმცა არსებობს წმიდა მამათა მიერ მკვეთრად გამოხატული სწავლება ღმერთთან მართებული დამოკიდებულების შესახებ, რაც სამ ძირითად შინაგან განწყობაზეა დაფუძნებული:
შიშზე, იმედსა და სიყვარულზე. მოდით, აღნიშნული სწავლების მიხედვით, შევეცადოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის განსაზღვრას. მივყვეთ თანმიმდევრობით.
ღვთის შიში ძალიან დიდი სათნოებაა. მართალია, შიში, ზოგადად, ნეგატიურ განცდებთან არის დაკავშირებული, “რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქუს” (1იოან.4:18), მაგრამ მისი საშუალებით დიდი სიკეთის მიღება შეგვიძლია. მაგალითად, კანონისა და მსჯავრის შიშით ბევრი ბოროტება აღიკვეთება.
წმიდა წერილი გვასწავლის: “დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაი” (ფს.110:10). ე.ი. სულიერი სიბრძნის შეძენას ღვთის შიში განაპირობებს, ხოლო სიბრძნის გარეშე სულიერ წინსვლას ვერ მოვახერხებთ. სიბრძნის გამოხატულების პირველი ნიშანი ცოდვის მანკიერებაზე, მათ გამო ღმერთის წინაშე პასუხისგებასა და მარადიულ სატანჯველზე დაფიქრებაა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უკვე მეტად უღრმავდება ქრისტეს სიტყვებს: “წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის” (მათ.25:41). აღნიშნული სატანჯველის შიში ბოროტებას განგვარიდებს და ეკლესიურ ცხოვრებას გვავალდებულებს.
ღვთის შიში ღმერთისკენ სავალი გზის საწყისია, რაც ღმერთისთვის მოსაწონი მდგომარეობაა, მაგრამ არა – დამაკმაყოფილებელი. წმიდა მამები ღვთისმოშიშ ადამიანებს მონებს ადარებენ და ამბობენ: მონას ბატონის შიში აქვს, რადგან იცის, რომ ურჩობის შემთხვევაში მას ბატონი დასჯის. შესაბამისად, რასაც ბატონი უბრძანებს, ცდილობს, ყველაფერი განუსჯელად აღასრულოს. ასევე, მოშიში მორწმუნეც ნაკლებად ფიქრობს სიკეთის ქმნაზე და უმეტესად ცოდვით გამოვლინებებს ემიჯნება, რათა სასჯელის ღირსი არ გახდეს. თავისთავად, ესეც მსახურებაა, მაგრამ მონური.
ღვთის იმედი სიკეთის აღსრულების შედეგად სამაგიეროს მიღების მოლოდინია. თუკი ღვთის შიში ბოროტებას გვარიდებს, იმედი მასზე აღმატებული მდგომარეობაა, რადგან ჯილდოს, ანუ სამაგიეროს მიღების მოლოდინს აჩენს და თან, ამავე დროს, არ აქარწყლებს შიშის შეგრძნებას. პირიქით, შიშის უფრო მეტად მისაღები ფორმა ყალიბდება, ვინაიდან მარტოოდენ მარადიული ტანჯვისგან თავის არიდების გამო კი არ ვართ ღვთისმსახურებაში, არამედ სამომავლო სიკეთის და ნეტარების მოლოდინიც გვიჩნდება. ამიტომ მრისხანე და შურისმაძიებელი ღმერთის წილ სამართლიანი და დამფასებელი ღვთის წარმოდგენა გვიყალიბდება. ასეთ ადამიანებს წმიდა მამები ადარებენ არა მონას, არამედ დაქირავებულ მუშაკს, რომელიც გარკვეული გასამრჯელოს საზღაურად ბატონის წინაშე სამუშაოს აღასრულებს. მას მხოლოდ იმის შიში აქვს, თუ სიკეთეს არ გააკეთებს, თავის ამაგს ბატონი არ დაუფასებს. ცდილობს, აღასრულოს ის მოვალეობა, რაც თავისი ნებით იტვირთა, რომ მის სამაგიეროდ გასამრჯელო მიიღოს.
“მოძულე უსჯულოება და ქმენ კეთილი,” – მოგვიწოდებს წმიდა დავით მეფსალმუნე. როგორც ვხედავთ, მარტოოდენ ბოროტებისგან გამიჯვნა საკმარისი არ არის, სიკეთის ქმნაც აუცილებელია. თუმცა სამოთხის მოლოდინითა და ღმერთისგან ჯილდოს მიღების იმედით აღსრულებული ღვთისმსახურება ანგარებით დამოკიდებულებას მოგვაგონებს: “გავაკეთებ სიკეთეს და ღმერთი მომავალ საუკუნო ცხოვრებაში აუცილებლად წყალობით დამიფასებს”. ამიტომ არც აღნიშნული მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს, რადგან სრულყოფილებისკენ მოწოდებულნი ვართ: “იყვენით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი არს” (მათ.5:48). ვინაიდან ღმერთი სიყვარული არს, ამიტომ სრულყოფილება და მისადმი მსგავსება სიყვარულითვე უნდა გამოიხატოს.
ღმერთის სიყვარული მისადმი მსახურების მესამე მიზეზია და ბატონისადმი შვილის დამოკიდებულების ტიპური ანალოგი. შვილს არ ეშინია მშობლის. ის მამას იმიტომ არ ემსახურება, რომ სასჯელს აერიდოს ან დაფასებულ იქნას მისი ღვაწლი. ღირსეულმა შვილმა კარგად უწყის, რომ რაც მამისაა, ყოველივე მისიცაა: “ჩემი ყოველი შენი არს და შენი ჩემი არს” (იოან.17:10). უნდა აღინიშნოს, რომ სულიერების ამ ეტაპსაც თან სდევს გარკვეული შიში, რომელსაც წმიდა მამები ფრიად სასარგებლოდ და მაცხოვნებლად მიიჩნევენ. მისი გამოხატულება კი უკვე შორს არის სატანჯველის წარმოდგენისა და ანგარებითი დამოკიდებულებისგან. აქ ყველაფერი მამისადმი წრფელი სიყვარულითაა გაჟღენთილი, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე აღესრულება და მოცულია მხოლოდ მამისადმი გულის ტკენის შიშით.”
როგორ ჩამოვაყალიბოთ ღმერთთან სწორი დამოკიდებულება?
თავდაპირველად გვმართებს უფლის შიშის მოპოვება, რაც ღვთისა და მისი სიტყვისადმი რწმენაზე უნდა დაფუძნდეს. თუკი ადამიანი ღმერთის არსებობის შესახებ ორჭოფობს და წმიდა წერილისადმი გულგრილი დამოკიდებულება გააჩნია, მაშინ შეუძლებელია რაიმე სახის ურთიერთობაზე იყოს საუბარი. ამიტომ სწორედ ღვთისადმი რწმენა და საკუთარი არამართებული ცხოვრება წარმოშობს იმ ბუნებრივ შიშს, რაც საშინელ სამსჯავროსთან და საუკუნე სატანჯველთან ასოცირდება. ამის ფონზე იწყება ბოროტებასთან და ცოდვასთან ბრძოლა, რითაც დასაბამი ეძლევა სიბრძნეს, რაც სიკეთისა და ბოროტების განრჩევაში მდგომარეობს. ცოდვასთან დაპირისპირების თავდაპირველ შემართებას ქრისტეს მცნებების სიღრმისეული გააზრება უნდა შეერწყას, რის შედეგადაც უკვე მეტის მიღების სურვილი ჩნდება – მოიპოვოს სამოთხისეული ნეტარება. თუმცა რაც მეტად ხდება მცნების შინაგანი წვდომა, მით მეტად წარმოჩინდება ადამიანის დაკნინებული, ცოდვილი და უძლური ბუნება. ამას მოჰყვება სინანული, ანუ გამოსწორების სურვილი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ლოცვას, აღსარებასა და ცრემლს.
სინანულში მყოფი ადამიანი ნელ-ნელა განიწმინდება და სხვადასხვა ვნებისგან თავისუფლდება. აქედან გამომდინარე, ჩნდება გარკვეული იმედი იმისა, რომ სახარებისეული მეზვერის, მეძავისა და ავაზაკის მსგავსად შეიძლება ისიც შეწყნარებულ იქნას ქრისტეს მიერ. იმედი განაპირობებს ლოცვისა და ღვაწლის გაძლიერებას, რითაც კიდევ მეტად შეიცნობა საკუთარი ცოდვილობა და შესაბამისად, სინანულიც ძლიერდება. მონანული სული მდაბლდება, ხოლო მდაბალთ ეძლევათ მადლი. მადლი სიყვარულის განმაპირობებელია.
როგორც ვხედავთ, ღვთის შიშიდან სიყვარულამდე ამაღლება გარკვეული სულიერი ეტაპების გავლას მოითხოვს. სიყვარული იკავებს შიშის ადგილს და მას აღარ უტოვებს პიროვნების ტანჯვის საშუალებას: “შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქუს; ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა” (1იოან.4:18). თუმცა, წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, ღვთის შიშის განსხვავებული გამოვლინება ბოლომდე მაინც არ განქარდება, რადგან იძენს სხვა აღმატებულ გამოხატულებას და ყოველგვარი ტკივილისგან ათავისუფლებს მორწმუნეს. ამ დროს მხოლოდ იმის შიში რჩება, რომ ღმერთი არ გაანაწყენოს და მის სიყვარულს საკადრისად არ უპასუხოს.
თეონა ნოზაძე

ღმერთთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის განსაზღვრაში,სულიერი ეტაპების გავლაში, მართლაც საჭიროა ღმერთთან მართებული დამოკიდებულებების სწავლება, თუ როგორ მივყვეთ ეკლესიურ ცხოვრებას, თუკი დაგვეხმარება საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი მოხარული ვიქნები.
რუსუდანს ვეთანხმები, გამართლებული მცდელობაა და თუკი ეს ყოველივე უფრო ღრმა ხასიათს შეიძენს ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს ყველა ქრისტიანს.
თეო შენი იმედი ნამდვილად მაქვს, რომ ამ წამოწყებას შუა გზაში არ მიატოვებ.
რუსუდან თუ ნებას მომცემთ გირჩევთ რომ მართმადიდებლური ჟურნალ გაზეთების კითხვაში რა უნდა იყოს ცუდი, თუ არა კარგი მაგრამ ღმერთთან სიახლოვე მისი სიტყვიდან ხდება მხოლოდ შესაძლებელი, ანუ წმინდა წერილი, ახალი და ძველი აღთქმა…იკითხეთ,ეძიეთ და გაიგებთ უფლის ხმას თქვენს გულში, ან უფრო სწორედ გაარჩევთ მის ტკბილ სიოსავით მოჩურჩულე ხმას და გარჩევა და გაგონება მისი ხმის იმას ქვია რომ ივლით მისი გზით…რაც შეეხება შიში ანუ თაყვანისცემა ღვთისა, ეს შიში რა თქმა უნდა უნდა იყოს ადამიოანში მაგრამ დამიჯერეთ..სხვა არანაირი შიში არ უნდა გაგაჩნდეს უფლის წინაშე..ის მეფეა,ჩვენ მონები ვართ მაგრამ განა არსებობს უფლის გარდა ისეთი მეფე რომელიც ესოდენ ზრუნავდეს თავის მონებძე რომ საკუთარი თავიც კი გასცირა რომ ჩვენ ” მონები” ვეცხოვნებინეთ…ერთხელ ეკლესიაში ერთმა ქალმა შიშით მითხრა “შვილო ზეთი ვიცხე და დამეწვეთა და რა ვქნა მოძღვარს ვუთხრაო?” მე ვუპასუხე ქალბატონო საშინელ ცოდვებს იდენს ადამიანი…კაცს კლავს მრუშიბს ანგარებს ამპარტავნებს შიკრიობს ქურდობს ….და ყველაფერს პატიობს უფალი და ზეთის დაწვეთების შეგეშინდათქო…ამისი რისი თქმა მინდა არ გეშინოდეთ უფლის..ეს დაგაშორებთ მას…მონას ცუდი ბატონის ეშინია და გარბის და განა უფალი უტკბილესი არ არის არანაირი შიში ..რა თქმა უნდა გარდა თაყვანისცემისა არ უნდა გკონდეს და ეს ნათლად ჩანს ეგვიპტიდან რომ გამოიყვენე ისრაელიანები უფალმა და სინას მთაზე პირველად რომ ამოჩნდა ცეცხლის სახით ადამიანებში..მათ შეეშინდათ უფლის და არ მიუახლოვდნენ მთას…არ დაგვწვწას უფალმა რადგან ცეცხლის სახით დაენახა..არადა უფალმა გამოსცადა ისინი რწმენაში..არადა უნდა მიახლოვდებოდნენ და არ უნდა შეშინებოდათ მაგრამ არ მოხდა ესე და მიზეზი გაინტერესებთ ადამიანებს უფლის წინაშე სიშიშვლის შეესინდათ და იმიტომ არ მიუახლოვდნენ აი რა შიში დევს ადამიანებში ია რატომ ვერ უახლოვდებიან უპალს და ჰგონიათ ტომ ან ეკლესია ან მოძღვარი ან ჯურნალები დაეხმარებათ მათ ამაში არადა არავინ დაგეხმარებათ თუ საკუთარი თავი არა …ასე რომ მიუახლოვდით უფალს ..რატომ გეშინიათ სიშიშვლის მის წინაშე განა ის ვერ გხედავთ თქვენ ისეთს როგორიც ხართ და არ უნდა რომ თქვენ უკეთესები გახდეთ და გაბრწყინდეთ…მიუახლოვდით უფალს არ შეგეშინდეთ არაფრის მის წინაშე…მიუახლოვდით და გაბრწყინდით…მარიამ–ხათუნა კვაჭანტირაძე
საოცარი პათოსის ადამიანი ხარ, დაე ღმერთმა კიდევ უფრო გაგაძლიეროს და განგამტკიცოს თავის სიყვარულში.
გიორგი(გრატო) მადლობა…
რა უშეცდომოდ მიწერია არა…მაპატიეთ