საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. მისი დაარსება 1852 წლით თარიღდება, როდესაც რუსეთის იმპერიის გეორგაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა.
გაერთიანება მიზნად ისახავს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის პირობების გაუმჯობესებასა და საგამოფენო და სამეცნიერო, საგანმანათლებლო საქმიანობების ეფექტურად წარმართვას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მუზეუმებსა და სამეცნიერო ცენტრებს აერთიანებს, მათ შორისაა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
კოლორიტული არქიტექტურით, მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობითა და უნიკალური ეთნოგრაფიით სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტურისტული ცენტრია.
ისტორიულ წყაროებში ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნის მე-2 ნახევრიდან მოიხსენიება. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, 1802 წლიდან, სიღნაღი სამაზრო ცენტრი ხდება და ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს აღწევს.
სიღნაღის მუზეუმის ისტორია კი 1950 წლიდან იწყება და მის კოლექციებში კახეთის რეგიონში აღმოჩენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ეთნოგრაფიის ნიმუშები და შუა საუკუნეების ნივთებია დაცული.

2007 წელს, არსებული მუზეუმის ბაზაზე დაარსდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, რომელმაც არსებული ტრადიციები და ახლებური მიდგომა შეითავსა.
საქართველოში პირველი არქეოლოგიური გათხრები 1852 წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმს უკავშირდება. კახეთში ინტენსიური არქეოლოგიური სამუშაოები XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მიმდინარეობს. მონაპოვარი მასალის დიდი ნაწილი სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი და წარმოადგენს საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთებს ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეთნოგრაფიას უდიდესი ტრადიცია აქვს. ქართველური ტომების ზნე-ჩვეულებებისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული მონაცემები ჯერ კიდევ ასურულ, ხეთურ, ურარტულ და სხვათა დამწერლობებში გვხვდება. სიღნაღის მუზეუმში თავმოყრილია მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქური ყოფის ამსახველი საინტერესო ნიმუშები.
შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები IV საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. შუა საუკუნეების ექსპოზიციაში დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია.
სიღნაღის მუზეუმში შევხვდებით ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერულ ტილოებს, რომელიც სპეციალურად შეირჩა სიღნაღის მუზეუმისთვის.
ფიროსმანი წარმოშობით კახეთის სოფელ მირზაანიდან გახლდათ და მისი შემოქმედების პირველი ეტაპი სწორედ კახეთს უკავშირდება. მის შემოქმედებას, რომელიც ავისუფალია ყოველგვარი მიმდინარეობის ჩარჩოებიდან, განსაკუთრებული ადგილი უკავია არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ხელოვნებაში.
მოამზადა თეონა ნოზაძემ
