მთავარიქრისტიანობასინის მთის XII საუკუნის შობის ხატი

სინის მთის XII საუკუნის შობის ხატი

უფლის შობის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს ლიტერატურულ საფუძლად სახარება (მათე 2, 1-11), (ლუკა 2, 6-16), იაკობის პირველსახარებისა (პროტოევანგელე) და სხვა აპოკრიფების ტექსტები უდევს. გვხვდება შობის იკონოგრაფიული სქემის მოკლე და გავრცობილი რედაქციები. სინის მთის  XII საუკუნის  შობის ხატი ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში, IV საუკუნის რომში წმ. სებასტიანეს კატაკომბებში გამოსახულია შობის სცენის მოკლე რედაქცია: მარიამი წამოწოლილი სარეცელზე, მის გვერდით შეხვეული ჩვილი – ევმანუელი და მასთან ხარი და ვირი. განვიხილავ შობის გავრცობილი რედაქციის კლასიკურ ვარიანტს, კერძოდ, სინის მთის XII საუკუნის შობის ხატს.

სინის მთის ხატზე გამოსახულია უფლის შობის სცენა, ეს გამოსახულება მრავალფიგურიანი კომპოზიციისგან შედგება. კომპოზიციის ძირითადი ფიგურები არიან ღვთისმშობელი და ყრმა ევმანუელი. ღვთისმშობელი წამოწოლილ პოზაშია გადმოცემული, მას მუქი მეწამული ფერის მაფორიუმი მოსავს, მის გვერდით ვხედავთ ბაგაში მწოლიარე ჩვილ იესოს, რომელიც არტახებში არის გახვეული და შარავანდედი მოსავს. ჩვილ იესოს დასცქერის ხარი და ვირი. ყრმა იესოს მზის სხივები ეცემა. ღვთისმშობლისა და იესოს ზემოთ ოთხი ანგელოზია გამოსახული, მათგან ერთი დახრილია და ხელით მოგვებისკენ მიუთითებს. აქვე გადმოცემულია სამი მოგვი, რომელიც თაყვანს სცემენ და მიართმევენ უფალს ოქროს, გუნდრუკსა და მურს.

სამივე საჩუქარს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და მიანიშნებს იმ საჩუქრებზე, რაც უფალმა თავისი სიკვდილით კაცობრიობას მოუტანა. წმ. მამის გრიგოლ პალამას (XIVს) მიხედვით, მური – უფლის სიკვდილია, გუნდრუკი -კაცთა მოდგმის ღვთაებრივი ცხოვრებით დასაჩუქრება, ხოლო ოქრო – კაცთათვის მარადიული სასუფევლის დამკვიდრება. ამ გამოსახულებაზე ვხედავთ სხვა სცენებსაც. მთავარი კომპოზიციის დაბლა გამოსახულნი არიან ცხვრები და თხები. აქვე ვხედავთ ჩვილის განბანვის ეპიზოდს, სადაც ორი ქალი მონაწილეობს: შარავანდმოსილი სალომე და მეორე ქალს, რომელიც დოქიდან წყალს ასხამს იესოს, ჩვილი კი ემბაზის ტიპის წყლის ჭურჭელში ზის. ამ ფრესკაზე გამოსახულია ანგელოზი სალამურით ხელში, მწყემსი და ჩამომჯდარი იაკობი, რომელიც ჩაფიქრებულია. მთელი ეს კომპოზიცია მთიან ლანდშაფტის ფონზეა გადმოცემული. აღსანიშნავია, რომ ყველა ძირითადი ფიგურის სახე მუქ ფერებშია წარმოდგენილი.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

გამოყენებული ლიტერატურა:
საკითხავი მასალა, ავტორი ნინო ჭიჭინაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები