მთავარიქრისტიანობასინანული-სინდისის განწმენდა

სინანული-სინდისის განწმენდა

“ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

რა არის ჭეშმარიტი სინანული და რაში ეხმარება ადამიანს სინანულის გრძნობა? რას გვასწავლიან წმიდა მამები სინანულის შესახებ? “ამბიონს” მანგლისის სიონის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი ესაუბრა:

“შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა” /მთ.III-2/, -ამ სიტყვებით იწყებს თავის ქადაგებას იოანე ნათლისმცემელი. სინანული უამრავმა ხალხმა იწყო დენა ნათლისმცემელთან ცოდვების გასამხელად. რა ძალა უბიძგებდა მათ სინანულისაკენ? ეს გახლდათ შინაგანი, ბუნებრივი, თანდაყოლილი ხმა სინდისის ქენჯნისა, რაც დამბადებლის მიერ ბოძებულ ღვთიურ მადლს წარმოადგენს. ვის მიმართ გვამხელს ჩვენი შინაგანი დარაჯი? რაიმე საქვეყნო კანონთა და წესთა წინაშე? ისინი ხომ კაცთა მიერაა დაწერილი და ხშირად არასრულყოფილად, უსამართლოდ მიგვიჩნევია და ამიტომაც ექვემდებარებიან შესწორება-განახლებას?!

სრულყოფილი, ერთადერთი ღვთის მცნებებია, რომელნიც დასაბამიდან უკუნისამდე არ საჭიროებენ ცვლილებას და შესწორებას. ყოველი მცნების დარღვევა ადამიანს განაშორებს სასუფევლისგან, საუკუნო ნეტარი ცხოვრებისგან, ხოლო სინანულს კვლავ შეჰყავს ადამიანი სასუფეველში.

არათუ მხოლოდ მცნების დარღვევისათვის დაკარგა კაცმა ღმერთთან სიახლოვე და უხრწნელება, არამედ სწორედ სინანულის უქონლობის გამო. ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი იოანე ნათლისმცემლის ქადაგებით სინანულითვე გვთავაზობს სასუფევლის კარის შეღებას.

როგორც წმიდა იოანე სინელი ბრძანებს: “სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია”, ამიტომ გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს განუწყვეტლად სინდისი, რათა დავიცვათ კაცთმოყვარე შემოქმედის მიერ ბოძებული მცნებანი, შევიქმნეთ სრულყოფილნი და ვიქმნეთ ღირსნი სასუფევლისა. “სინანული სინდისის განწმენდაა”,- ბრძანებს ღირსი იოანე სინელი.

წმიდა ეფრემ ასური გვასწავლის: “სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.”

“ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქნებიან”,-ბრძანებს მაცხოვარი. სწორედ გულწრფელი მგლოვარება გულისა არის ნიშანი ღვთის სიყვარულისა, რომელიც მომნიჭებელია ნეტარებისა.

სასოწარკვეთილებასა და უიმედობას არ უნდა მიეცეს ადამიანი, რადგან ღმერთი ყოვლად მოწყალეა. “ითხოვდეთ და მოგეცემათ”,- ბრძანებს უფალი, “ირეკდეთ და განგეღოთ”, გვანუგეშებს და მოგვიწოდებს მაცხოვარი სინანულად, როგორც მოსიყვარულე მამა. ჩვენ რაღა დაგვრჩენია, თუ არა შემუსვრილი სულითა და დამდაბლებული გულით აღვუაროთ უფალს შეცოდებანი ჩვენნი. სწორედ ესაა ჭეშმარიტი და სასურველი შესაწირავი ღვთისა. განა ამაში არ იგრძნობა მისი მშობლიური უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი?!

გულწრფელმა, ცრემლით მორწყულმა სინანულმა მიანიჭა ქრისტეს სამგზის უარმყოფელ პეტრეს სიმაღლე მოციქულთა თავად წოდებისა. ხოლო იუდას ქედმაღლურმა სინდისის ქენჯნამ მოჰგვარა სასოწარკვეთილება, უიმედობა ღვთის სიყვარულისა და მოწყალებისა.

გულწრფელი სინანული არის განმწმენდელი ადამიანისა, რომელიც მიანიჭებს მას სრულყოფილებას. ასეთი სინანულის ნიშნებია: სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული. ეს არის შეჭმარიტი შესაწირავი უფლისა, რომელსაც ღმერთი არ შეურაცხყოფს, – ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი.

“მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უსჯულოებაი ჩემი,”- გალობს და შეჰღაღადებს ის დამბადებელს და საკუთარი სინანულის იმედი კი არ აქვს, არამედ ღვთის მოწყალებას სასოებს, რადგან მხოლოდ ის არის მოწყალების უფსკრული:

“რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე ვუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის”/ფს.დავითის.50:3/.
ასეთი სინანულია სათნო უფლისათვის, როდესაც მონანული აქეთ-იქით კი არ აცეცებს თვალებს და სხვათა ცოდვებს დაეძებს, არამედ საკუთარი ცოდვები უდგას მარადის თვალწინ, მათ განიცდის და გლოვობს, სხვებისას კი ვერც ამჩნევს.

“შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ,”- დიდი ძალა აქვს ამ ფსალმუნს, მას აჰყავს მონანული სინანულის მწვერვალზე და ანახებს უფსკრულს ცოდვით დაცემისა, შეაგრძნობინებს უსაზღვრო, განუზომელ სიყვარულს შემოქმედისას.

რადგანაც სინანული არის გამხსნელი სასუფევლის კარისა, ამიტომ ეს ფსალმუნი ჩართულია თავშივე თითქმის ყველა ლოცვისა. ის აფხიზლებს და შეაგონებს მორწმუნეს საკუთარ ცოდვებს, ამზადებს მას მოსანანიებლად. წმ. სილუანი ბრძანებს: დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებითო.
როგორც ვხედავთ, სინანული არის მოწყალება ღვთისა, რომელიც მიგვიღია სასუფევლის კარის გასახსენლად და მასთან საუკუნოდ დასამკვიდრებლად.

ეს არის მარადის ჩვენი სათხოვარი უფლის მიმართ:
“ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ”,- წმ.ეფრემ ასური.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს სინანულს, რომელიც განამართლებს ადამიანს, როგორც გვეუწყა მაცხოვრის მიერ იგავით ფარისევლისა და მეზვერის შესახებ.

“სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება”, – ბრძანებს მამა პაისი მთაწმინდელი. სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს ნათლისმცემელი სინანულად, რათა შეწყდეს დევნილება ადამის მოდგმისა და დაბრუნდეს პირველქმნილი ღირსება ადამიანისა და ქვეყნისა. ხოლო სურვილი დაბრუნებისა უნდა იყოს ადამიანის თავისუფალი ნებით გამოხატული.

“კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა”,- ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე.

ამისთვისაა მოცემული ეს წარმავალი წუთისოფელი, რათა ადამიანმა დაინახოს საკუთარი სულიერი ნაკლულოვანება განსაცდელთა სარკეში და გადალახოს ეს ღვთის რწმენით. განიმტკიცოს სული, რათა აღარ იქმნეს დაცემა შურითა და განკიხვითა, უძღებებითა და სიხარბითა სხვა მრავალ მახეთაგან.

“ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულისგან იშვება”, -გვასწავლის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ამისთვისაც ვიშრომოთ, საყვარელო ძმებო და დებო, განვიწმინდოთ გული და გონება, რათა შევიყვაროთ უფალი ჩვენი ყოვლითა გულითა, გონებითა და მოყვასი ჩვენი, როგორც საკუთარი თავი, რათა სრულ ვიქმნეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი.”

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები