“ცრუ და უნაყოფოა, როცა კაცი გარეგნულად, სხვათა საჩვენებლად ნანობს, ასეთი ვინმე მაშინ სწუხს, როცა მისი ცოდვა გამჟღავნდება. იმას კი არ განიცდის, რომ ზეციერი მამის წინაშე შესცოდა, არამედ იმას, რომ ქვეყანამ შეიტყო და საზოგადოებაში შერცხვა. ზოგჯერ კაცს სინანული მხოლოდ შიშისაგან უჩნდება,
რომ ღმერთმა ცოდვებისათვის არ დასაჯოს და ჯოჯოხეთში არ ჩააგდოს, – დასაწყისში ესეც კარგია, მაგრამ უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულისაგან იშვება, ანუ რომელიც ცოდვის გამო ზეციერი მამისაგან განშორების წუხილით იბადება. სინანული სულიერი მწუხრება და შემუსვრილებაა ცოდვათა და უღირსებათათვის; თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულის კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშნავს. მაცხოვარი მხოლოდ ამას მოითხოვდა: შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღმრთისა! თუ ცხოველი სარწმუნოება, ცხოველი სასოება და ანთებული სიყვარული არ გააჩენენ კაცის გულში სინანულს, მაშინ სინანული ყალბი, ცრუ და უნაყოფო იქნება. თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, ეკლესიაში გონება გეფანტება და ცოდვა გერევა და გიზიდავს, შენს გულში ეს ლოცვა ხშირად გაიმეორე: მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი სულსა ჩემსა, ცხოვრების მომცემელო!
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს; სანამ კაცი არ მოიძულებს და არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის, რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჭეშმარიტად სურს საუკუნოდ გაყრა და განშორება ცოდვასთან. ამიტომ აღსარების თქმამდე შენი სულიერი მდგომარეობა კარგად განიხილე, ერთი კვირის განმავლობაში კი არ უნდა იყო გაფრთხილებული, არამედ მთელ შენს ცხოვრებაში, ე.ი. შენი ყოფაქცევა და ხასიათი სრულიად უნდა გამოიცვალო,” – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
