19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიჯანმრთელობასეზონური გრიპები

სეზონური გრიპები

ტემპერატურის კლებასთან ერთად გაციებისა და ვირუსული ინფექციების რიცხვმაც მოიმატა. გრიპი ვირუსით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების ჯგუფს, გრიპი რომლის წევრებიც პერიოდულად ეპიდემიებსა და პანდემიებს იწვევენ. მწვავე რესპირატორულ ინფექციებს ახასიათებთ სეზონურობა, ისინი უფრო ხშირია შემოდგომის,ზამთრის, გაზაფხულის პერიოდში. ამის ძირითადი მიზეზია ცივი ამინდები, ქარი, რაც ხელს უწყობს გაციებას, იწვევს ცხვირის ღრუს, პირისა და თვალის ლორწოვანი გარსების გამოშრობა-გაღიზიანებას და ზრდის მასში ვირუსების შეღწევადობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ეპიდემია საქართველოს მოსახლეობას არ ემუქრება, თუმცა გარკვეული პროფილაქტიკური ზომების მიღება არ გვაწყენს.

სეზონური გრიპის ვირუსის რა ტიპები არსებობს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “ამბიონს” ექიმი-თერაპევტი ინგა ინჯგია ესაუბრება:

“გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს გრიპის სხვადასხვა ტიპის ვირუსი. სახელწოდება წარმოდგება ფრანგული სიტყვიდან “gripper”, რაც შებოჭვას, დაჭერას ნიშნავს. გრიპის ეპიდემიები ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს იყო ცნობილი. ევროპაში კი დაავადება ინფლუენცის სახელით იცნობდნენ. გრიპის გამომწვევი 1933 წელს სმიტმა, ენდრიუსმა და ლეიდლოუმ აღმოაჩინეს. შემდგომში მას უწოდეს A ტიპის ვირუსი. ზოგადად გამოყოფენ გრიპის A, B და C ტიპის ვირუსებს. მათ ტიპობრივ დაყოფას საფუძვლად უდევს ანტიგენის თავისებურება. იგი მსგავსია ერთ სახეობაში შემავალი ყველა ვირუსისთვის და განსხვავდება სხვადასხვა სახეობის გრიპის ვირუსებში. გრიპის ანტიგენი მუდმივად იცვლება და ყველაზე მეტად ეს ცვალებადობა ახასიათებს A ტიპის ვირუსს. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის გამომუშავების პროცესისა და ვაქცინების დამზადებისთვის. ყველაზე ხშირად ეპიდემიების გამომწვევია A და B ტიპის გრიპის ვირუსები, C ტიპის გრიპის ვირუსი კი – იშვიათად. გრიპის ვირუსი თერმოლაბილურია, ე. ი. ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, სწრაფად იღუპება გამოშრობისას. მგრძნობიარეა ისეთი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ, როგორიცაა სპირტი, მჟავეები, ტუტეები”.

– რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპებს?

გაციების ნიშნებია

სურდო (ცხვირით სუნთქვის გაძნელება, “გაჭედვა”, გამონადენი, ცემინება),
ყელის ტკივილი, “ჩახეხილი ყელი”, ხველა, ცრემლდენა, თვალების წვა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, სიცხე.

გამომწვევი ვირუსების მიხედვით მწვავე რესპირატორული ინფექციები შეიძლება იყოს შემდეგი:
1) რინოვირუსული ინფექცია – ცხვირიდან დენა, სხეულის ტემპერატურის მომატება 37- 37,5 გრადუსამდე; ზოგადი სისუსტე ნაკლებადაა გამოხატული; 2) ადენოვირუსული ინფექცია,
რომელიც ხასიათდება შემცივნებით, სურდოთი და მშრალი ხველებით და რომელსაც მეორე დღიდან დაემატება თვალების წვის შეგრძნება, ცრემლდენა, ყელის ტკივილი, შეიძლება კისრისა და იღლიის მიდამოს ლიმფური კვანძების გადიდებაც აღინიშნებოდეს. 3)პარაგრიპის დროს მწვავე ცხელებას ემატება კატარალური მოვლენებიც: ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამონადენი, შეუპოვარი მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა; 4)რეოვირუსულ ინფექციას კი ახასიათებს სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება.

-როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან, რას გვეტყვით ვაქცინაციაზე, რა სახის ვაქცინები არსებობს გრიპის წინააღმდეგ და შეუძლია თუ არა ყველას ჩაიტაროს აცრები? თუ ახასიათებს რაიმე უკუჩვენება გრიპის ვაქცინას და რამდენად კარგად დაგვიცავს იგი გრიპის ვირუსისგან?

გრიპისაგან თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა ყოველწლიური მასობრივი აცრები. ვაქცინები ეფექტურია და უსაფრთხო. მოსახლეობის 70%-90% ვაქცინამ შეიძლება დაიცვას გრიპის დაავადებისაგან, ან დაავადების შემთხვევაში ავადმყოფობა მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრები ტარდება სეზონური გრიპების ეპიდემიის დაწყებამდე, შემოდგომაზე. ეს იმუნიტეტი ნარჩუნდება 6 თვის მანძილზე, შემდეგ თანდათან კლებულობს.

გრიპით დაავადების თავიდან ასაცილებლად, ასევე, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ეპიდემიის დროს ხელის ხშირი დაბანა, სახლის სველი წესით დალაგება, ხშირი განიავება, დაავადებულთან კონტაქტისაგან თავის არიდება, ნიღბების ხმარება, პროფილაქტიკის არასპეციფიური საშუალებების (იმუნომოდულატორების ვიტამინების) გამოყენება, საკვებად დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

ვაქცინები იყოფა ცოცხალ და ინაქტივირებულ ვაქცინებად. ცოცხალმა ვაქცინებმა პრაქტიკაში გამოყენება ვერ ჰპოვეს. ინაქტივირებული ვაქცინები შეიცავენ მთლიან, გახლეჩილ ან სუბერთეულოვან გრიპის ვირიონებს. ამჟამად გამოიყენება გახლეჩილი და სუბერთეულოვანი გრიპის ვაქცინები, რომლებიც უსაფრთხო და ეფექტურია.

თანამედროვე ვაქცინები აკმაყოფილებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მოთხოვნებს, რომ ისინი უნდა იყვნენ ეფექტურები, უსაფრთხო, ნაკლებ ტოქსიურები და ჰქონდეთ ნაკლები გვერდითი მოვლენები. ვაქცინა უნდა იყოს იმუნოგენური, ანუ ჩამოაყალიბოს ეფექტური იმუნიტეტი. ვირუსი გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება და ეფექტური იმუნიზაციისთვის გრიპის ახალი შტამების წინააღმდეგ ხდება ვაქცინების შემცველობის განახლებაც ისე, რომ ისინი შეიცავდნენ ახალ ვირუსულ ანტიგენებს და იყვნენ ეფექტურები ახალი შტამით გამოწვეული გრიპების მიმართაც. ინაქტივირებული სუბერთეულოვანი და გახლეჩილი ვაქცინები(ფლუარიქსი, გრიპოლი) გამოიყენებიან ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებში – 6 თვიდან და მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და ორსულებშიც. მათი გამოყენება ნებადართულია ქრონიკული თანმდევი დაავადებების მქონე პაციენტებშიც. თუ ბავშვი ან მოზარდი გრიპით არასდროს ყოფილა ავად, აცრა ტარდება ორჯერადად, 4 კვირიანი ინტერვალით, ასევე, ორჯერადად უტარდებათ ვაქცინაცია იმუნოდეფიციტიან პაციენტებს. ვაქცინები ორსულებში გამოიყენება მეორე ტრიმესტრიდან .

ვაქცინაციას აქვს გვერდითი მოვლენებიც. ადგილობრივ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება ინექციის ადგილის შესივება, გაწითლება, გამაგრება- მტკივნეულობა, იშვიათად შეიძლება იყოს რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებაც, ზოგადი გვერდითი მოვლენებიდან – საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრიდან. ეს მოვლენები 1-2დღეში გაივლის. ვაქცინაციას აქვს უკუჩვენებები: მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

-ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს? ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები ინფიცირდებიან?

ყოველწლიური ეპიდემიები სერიოზულ გავლენას ახდენს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე; ბავშვების დიდი რაოდენობა ავადდება სეზონურად გრიპით და თანდართული გართულებების წინააღმდეგ ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება ხდება საჭირო. ხანშიშესულ ადამიანებს იმუნური სისტემის დასუსტების ან თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამო აღენიშნებათ მძიმე გართულებები, ხოლო სამედიცინო პერსონალი, გრიპით ავადმყოფებთან მუდმივი კონტაქტის გამო, შეიძლება დაავადდეს. ამიტომ ვაქცინაციის ყოველწლიურ ჯგუფებს, ანუ მათ, ვინც მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს, სავალდებულოა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბავშვები 6 თვის ასაკიდან 18 წლამდე, ხანშიშესული ადამიანები 65 წლის ზემოთ, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (ბრონქიალური ასთმით, გულის ქრონიკული უკმარისობით, სისხლისა და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული დაავადებებით), ორსულები, სამედიცინო პერსონალი და ასევე, იმუნოდეფიციტური დაავადებების მქონე პაციენტები.

-რამდენი დღე გრძელდება ხშირ შემთხვევაში სეზონური გრიპები?

დაავადება გადადის დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხველებისას, ცემინებისას; ასევე, გამოყოფენ ვირუსის გადაცემის კონტაქტურ გზასაც დაავადებული ადამიანის ნახმარი საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ( კოვზი, ჭიქა, თეფში და სხვა) და ხელის ჩამორთმევითაც. ამიტომ ინფექციის გადაცემის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფებმა დახველებისას და ცემინებისას უნდა აიფარონ ცხვირსა და პირზე ცხვირსახოცი, რეგულარულად დაიბანონ ხელი და ქონდეთ გამოყოფილი თავიანთი საყოფაცხოვრებო ნივთები.

A ტიპის ვირუსით გამოწვეული ეპიდემია 1-1,5 თვეს აღემატება და მოკლე დროში მოიცავს მოსახლეობის თითქმის ნახევარს. B ტიპის ვირუსით გამოწვეული ეპიდემია უფრო ხანგრძლივია და გრძელდება 2,5-3 თვე, აავადებს მოსახლეობის მეოთხედს. გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციით. ახასიათებს ცხელება და გართულებები, ზოგჯერ მძიმეც. ინფექციის გადადებიდან დაავადება შეიძლება გამოვლინდეს 12 საათიდან 3 დღემდე. დაავადება გადამდებია პირველ დღეებში, რადგან ავადმყოფობის მე-6-მე-7 დღეზე ორგანიზმი თავისუფლდება ვირუსისაგან. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ, საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმით. იწყება უეცრად შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით 39-40 გრადუსამდე, თავის ტკივილით შუბლის არეში, თვალბუდეების სიმძიმის შეგრძნებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით. თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის დახშობა და ყელის სიმშრალის შეგრძნება, ოფლიანობა. მე-2-მე-3 დღეზე იწყება მშრალი ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, 3-4 დღის შემდეგ ნახველის ამოღება და სურდოს მოვლენები. ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, გაღიზიანება, ზოგჯერ გემოს დაკარგვა. სუნთქვა აჩქარებულია, გულისცემა გახშირებული, არტერიული წნევა დაქვეითებულია. ავადმყოფებს მადა ეკარგებათ. გრიპის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში უფრო გამოხატულია კატარული სინდრომი: ცხვირიდან დენა, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, მშრალი ხველა და ა. შ. ყველაზე გავრცელებული ფორმაა საშუალო სიმძიმის გრიპი. ამ დროს სიცხე გრძელდება 4-5 დღე , სასუნთქი ორგანოების დაზიანებასთან ერთად ყურადღებას იქცევს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა, ზოგჯერ ღებინება, ოფლიანობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

-რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

საშუალო სიმძიმის გრიპი შეიძლება გართულდეს, როგორც წესი, ბაქტერიული ფლორის გააქტიურების გამო: ფრონტიტით, ჰაიმორიტით,ოტიტით, ანუ შუა ყურის ანთებით , ფილტვების ანთებით და სხვა. ასევე, გაამწვავოს თანმდევი ქრონიკული დაავადებები: ბრონქიალური ასთმა, დიაბეტი და ა. შ. მძიმე ფორმის გრიპის მიმდინარეობა რთულია და ავადმყოფი უნდა გადაიყვანოთ საავადმყოფოში.

-რას გვეტყვით პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე?

გრიპის პროფილაქტიკა ეპიდემიის დაწყების წინ უნდა ჩატარდეს და ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვაქცინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ეპიდემიების დროს სახლიდან გასვლის წინ შეიძლება ოქსოლინის მაზის გამოყენება ნესტოებზე წასასმელად, ინტერფერონის ჩაწვეთება ცხვირში დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ნიღბების ხმარება. ქუჩაში სიარულისას უნდა ისუნთქონ ცხვირით. ცხვირში ჰაერი თბება, ტენიანდება და სუფთავდება მიკრობებისა და მტვერისაგან. ვაქცინაცია მიზანშეწონილია ადაპტოგენების (ჟენშენის, ელეუტეროკოკის), დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველი ხილისა და კენკროვნების მიღება, პოლივიტამინოთერაპია. ანტივირუსული პრეპარატებიდან კი, პროფილაქტიკა -მკურნალობის მიზნით, გამოიყენება ტამიფლუ, რელენზა, არბიდოლი, რომელთა დანიშვნაც ხდება ექიმის მიერ. ისინი ეფექტურია A და B ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის დროს.

გრიპით დაავადების შემთხვევაში ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, დაისვენოს და მისცეს იმუნიტეტს საშუალება, ებრძოლოს დაავადებას. სავალდებულოა 2-3 დღიანი წოლითი რეჟიმი, სითხეების( ჩაი ჟოლოს მურაბით, თაფლით, ლიმონით,თბილი ხილის კომპოტები, ბორჯომი რძით) მიღება. თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსია და ნაკლები, სიცხის დამწევი საშუალებები რეკომენდებული არ არის. სიცხე ორგანიზმის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულებაა. ორგანიზმი ტემპერატურის მატებით ვირუსის სიცოცხლისა და გამრავლებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. რამდენიმე დღეში ტემპერატურა თავისით დაიწევს , რაც ნიშნავს ვირუსის დამარცხებასა და გამოჯანმრთელების დაწყებას. ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკულად მოავადე პაციენტებში კი მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს (ძლიერი თავის ტკივილი, აგზნება, კრუნჩხვები და ა.შ.). ამიტომ სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება ამ შემთხვევაში საჭიროა. ტემპერატურის დაწევისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სველი, გრილი საფენები თავის, კიდურების, ჭიპის ირგვლივ არეში. მედიკამენტებიდან კი სიცხის დასაწევად გამოიყენება პარაცეტამოლი, ნიმესილი, იბუპროფენი და ა.შ. ასპირინისა და მისი შემცველი პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ცხვირის გაჭედვის დროს გამოიყენება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებები( ნაზივინი, პინოსოლი), ყელის ტკივილის დროს – საწუწნი აბები (ევკალიპტის, ლიმონის შემცველობით), თბილი სოდიანი სავლებები. ნახველის გასათხელებლად – ალთეს სიროფი, მუკალტინი. აუცილებელია C ვიტამინისა და პოლივიტამინების მიღება. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებითი შეშუპების მოსახსნელად კი რეკომენდებულია ანტიჰისტამინური საშუალებები(სუპრასტინი, ტავეგილი და სხვ.). კვება უნდა იყოს მსუბუქი, ორგანიზმი არ უნდა გადაიტვირთოს. ამიტომ მიზანშეწონილია ქათმის ბულიონის , ნიორის ( მასში შემავალი ალიცინი კლავს მიკრობებს), ბოსტნეულისა და ხილის მირთმევა.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. მაინტერესებს არსებობს თუ არა გრიპი ყოველგვარი კატარალური მოვლენების გარეშე? (მაკვს უკვე მე5ე დღეა და თავს მსგავსი დიაგნოზი დავუსვი) ანუ ამ შემთხვევაში ითვლება ატიპიურად?

  2. გამარჯიბატ მიპასუხეტ ვინმემ გტხოვტ 21 წლის ვარ (ბიჭი) უკვე მეტერტმეტე დგეა სიცხე მაქვს… ტავდაპირველად მქონდა ყელის ტკივილი ცხვირის სჰიდა ნესტოების მიდამოების მსჰრალი წვა…
    სასჰინელი ტკივილი იყო მერე დგიდან გამიარა ტკივილმა მაგრამ მერე სიცხეები მომცა და დგესაც სიცხე მაქვს ექიმტან ვიყავი სისხლის საერტო ანალიზი გავიკეტე ფლტვებზე რენტგენი გადავიგე… არაფერი არ იქნა ყველაფერი რიგზეაო ექიმები მეუბნებინ ანალიზები დადებიტია.. მაგრამ სიცხე მაინც მაქვს.. 37,5 მაქსიმუმ მეტი მაგლა ა მიდის და ზალიან გტხოვტ მიხარიტ ვინმემ რა ხდება რამე მესჰველებაა??

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები