12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვასერგეი მესხი - ლიტერატურული პატიოსნება

სერგეი მესხი – ლიტერატურული პატიოსნება

ლიტერატურული პატიოსნება

სერგეი მესხი არსად არ არის ისე ძნელი პატიოსნების სახელის დაცვა, როგორც ჩვენში. სანამ არავის პიროვნებასა და იმის საზოგადო მოქმედების რომელსამე ცუდ მხარეებზე არა გვითქვამს-რა, სანამ თავმოყვარე კაცებს აქებ და არავის არ ამხილებ ნაკლულევანებასა და შეცდომას, მანამ პატიოსანი და ყოვლად საქები, ღირსეული კაცი ხარ.

მაგრამ ერთი გაბედე და ცოტა რამ ლაქა მონახე ვისმეს საზოგადო ცხოვრებაში და მოქმედებაში, გაბედე და საქვეყნოდ გამოააშკარავე ისეთი ნაკლულევანება და მოქმედება რომლისამე პირისა, რომელსაც რამე საზოგადო მნიშვნელობა აქვს, და მაშინ ნახავ, თუ როგორ შემოგიკურთხებენ, რა ეპიტეტებით და სახელებით შეგამკობენ!
– ეს კაცი მთელს ქვეყანას ჰკიცხავს! ყოვლად საპატიო პირები და საქმეები ჩვარათაც არ მიაჩნიაო! ერიდე მაგას! ცუდი ენისა და უპატიოსნო კალმის პატრონი კაცი არისო!

ამგვარი საქმეები “დროებასაც” დამართნია ხოლმე. სანამ რომელსამე საზოგადო მნიშვნელობის მქონებელ საქმესა ან პირს აქებდა, მანამ ამ საქმის გამკეთებელთა და პირთა სახეში “დროება” მშვენიერი, პატიოსანი, ჭკვიანი, სარწმუნო გაზეთი იყო.

მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა, და გაზეთმა ერთი ნაკლულევანება შენიშნა იმათში და, – დახე იმის მხნეობას! – არა თუ შენიშნა, გაბედა კიდეც (თუმცა ძალიან მკრთალათ და მოწიწებით), რომ იმაზე საზოგადოების ყურადღება მიექცია. ეს გარემოება საკმაოა, რომ სრულებით შეიცვალონ აზრი გაზეთის ხასიათსა და ღირსებაზე.

გუშინ “დროება” სარწმუნო გაზეთი იყო; დღეს იმან ამა და ამ საქმეში, რომელსაც მე თანავუგრძნობ, ნაკლულევანების მონახვა და გამოაშკარავება გაბედა? – არა დაუჯეროთ-რა “დროებას”, სულ ტყუილებს ლაპარაკობს!

გუშინ “დროება” ჭკვიანი, საინტერესო გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ისეთს საგნებზე დაიწყო სჯა და ისეთნაირი სჯა, რომ იმაში არც ჭკუა სჩანს და საზოგადოდ არც არაფერი საინტერესო იბეჭდება!

გუშინ “დროება” პატიოსანი გაზეთი იყო; მაგრამ დღეს იმან ჩემი შეხება გაბედა? – უპატიოსნო გაზეთი ყოფილა!
ამგვარს სჯაზე უარესი კიდევ ის არის, რომ ხანდისხან ზოგიერთნი პირნი ისეთის ხერხით, ისეთის საშუალებით ავრცელებენ გაზეთზე ცუდს ხმებს, რომ პასუხის გაცემა შეუძლებელი და მოუხერხებელია.

ესეც კიდევ არაფერი: ზოგჯერ ისეთს შემთხვევაში გამოილაშქრებენ “დროებაზე”, როდესაც იციან, რომ გაზეთი, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ხმას ვერ ამოიღებს. ისეთს საგანზედ დაუწყებენ გაზეთს ლაპარაკს, რომელზედაც ის გაჩუმებული უნდა იყვეს.

მკითხველმა გაარჩიოს: რომელია ამ ორში უფრო მართალი და პატიოსანი: გაზეთი, რომელიც მუდამ პირდაპირ ლაპარაკობს და გადაკვრით თუ იტყვის სიტყვას, მხოლოდ იმიტომ, რომ პირდაპირ ვერ უთქვამს; თუ ისინი, ვინც ჩუმად ცდილობენ გაზეთს ორმო გაუთხარონ, და აშკარად თუ გამოდიან, მხოლოდ იმისთანა შემთხვევაში, როდესაც გაზეთის მხრით სრულებით საქმის გამოაშკარავება და იმის შეხება შეუძლებელია.

დაიბეჭდა გაზეთ “დროებაში”, 1875 წ., #52

რუბრიკას უძღვება თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. სამწუხაროდ ადამიანებს შორისაც ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები