მთავარი » ქრისტიანობა

“შემეცნების აკადემიური დარბაზი” დაფუძნდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.03.2024 | 663 ნახვა

სასულიერო პირებმა „შემეცნების აკადემიური დარბაზი“ დააფუძნეს, რომლის მიზანიც მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და სარეკომენდაციო ხასიათის აკადემიური დასკვნების გაზიარება იქნება. დამფუძნებლებმა შეიმუშავეს ქარტია, რომლის მიხედვითაც, ,,დარბაზი“ არის არარეგისტრირებული, არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციული ერთობა; საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ როგორც სასულიერო დასის წარმომადგენლებთან, ასევე – საერო პირებთან.

საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა, აღვირახსნილობაში გადასული სიტყვისა და ქცევის თავისუფლება, ტრადიციისა და კულტურის ფსევდო ფასეულობებით ჩანაცვლება, ქრისტიანის მებრძოლი სულისკვეთების დაკნინება და მათში ინერტული განწყობების დამკვიდრება და სხვა მრავალი გამოწვევა, უცილობლად საჭიროებს სულიერი ძალებისა და ინტელექტუალური რესურსების უპრეცენდენტო კონსოლიდაციას, სიღრმისეულ თათბირს, კრიტიკულ შეფასებებსა და შესაძლებლობის ფარგლებში, საეკლესიო სწავლებებზე დაფუძნებული ადეკვატური სარეკომენდაციო დასკვნების გაკეთებას.

რა არის „შემეცნების აკადემიური დარბაზის“ დაფუძნების მიზანი?

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი: „დარბაზის“ დაფუძნების მიზანია ქვეყანაში არსებულ ზნეობრივ და მორალურ პრობლემებზე მსჯელობა, სააშკარაოზე გამოტანა, რათა საზოგადოებას უკეთესად დავანახოთ რეალობა, რა ზნეობრივი პრობლემებია ქვეყანაში და დავსახოთ მისი გამოსწორების გზები. პირველ ეტაპზე, გვსურს, შევიდეთ ციხეებში და გავეცნოთ ადგილზე პრობლემებს და თუ რაიმე იქნება გასასაჯაროებელი, მათი ნებართვით, ამ საკითხებს განვიხილავთ.”

მღვდელი ზაქარია აბჟანდაძე: „ჩვენი ტკივილი, ამ შეკრების მიზანია შემეცნების დონეზე მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ერისთვის საჭიროა, ვაჩვენოთ ის პრობლემები, რაც სულიერად გამანადგურებელია.

ვეცდებით, ჩვენი აგური დავდოთ ერის სულიერი აღმშენებლობის საქმეში.“

დეკანოზი დავით დათუაშვილი: „როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, თვითოეულ ჩვენგანს გვქონდა ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი ზნეობრივი, დეგრადაცია-პრობლემებიდან გამომდინარე სხვადასხვა მტკივნეული შეფასებები. ვხედავდით რა, თუ როგორი გამოწვევებია ჩვენი სამშობლოს წინაშე, როგორიცაა ნარკომანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ჭრილში, აბორტის ზღვარგადასული გამოყენება, ლგბტ პროპაგანდის მიუღებელი ზემოქმედება ერის იდენტობაზე, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებზე. განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, ოჯახზე დასავლური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენები, სოციალურად დაუცველი პირების მდგომარეობა, მიგრაცია და დემოგრაფიული კვდომის საშიში ტენდენციები, ქართული სოფლის დაცლის და მისი სოციალურ-ეკონომიური განვითარების არასათანადო შეფასებანი… ჩავთვალეთ, რომ გვერდზე გადგომა ერის და რწმენის ღალატის ტოლფასია!

პრინციპით ,,რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.” (მათე.XVIII; 20) გადავწყვიტეთ ქრისტიანული ერთობით, შეგვექვმნა ისეთი აკადემიური პლატფორმა, რომელიც ეკლესიური სწავლებიდან, თეოლოგიური და მეცნიერული თვალთახედვიდან გამომდინარე, იმსჯელებდა ასეთ საკითხებზე და დადებდა სარეკომედაციო ხასიათის შეფასებებსა და აკადემიური ხასიათის ნაშრომებს.

ამჟამად უკვე დაწყებულია გარკვეულ თემებზე მუშაობა, კერძოდ, ოჯახის სიწმინდის საკითხებზე, ლგბტ პროპაგანდის მავნე ზეგავლენაზე, ქრისტიანობის სულის სიმტკიცესა და ბრძოლის უნარიანობაზე. გვსურს, ხელი შევუწყოთ სამშობლოს სულიერ, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ქრისტიანული კუთხით; ასევე, შეძლებისამებრ, ვიშრომოთ იმ თემების ანალიზსა და გადაწყვეტაზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.“

დეკანოზი ბასილ ახვლედიანი: „დღეს განგაშის მდგომარეობაშია ალბათ ყველა ქართველი და მამულიშვილი, შესაბამისად, სასულიერო პირებიც. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სულიერ – ზნეობრივ პრობლემებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეკლესია არასდროს დუმდა პრობლემურ საკითხებთან მიმართებით, რასაც ვაკეთებდით ჩვენ სხვა ლოკაციებზე, მამები ვიკრიბებოდით და ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს, დამოკიდებულებას პრობლემებზე, ვგეგმავდით და სხვადასხვა პროცესებში ვიყავით ჩართული… ახლა გადავწყვიტეთ შექმნილიყო ერთგვარი პლატფორმა – „დარბაზი“, რომელიც ქართული შესატყვისია და საერთო იქნება ყველასათვის.

ჩვენი ვალდებულებაა ღვთის წინაშე, ნებისმიერი სიწმინდე დავიცვათ თითოეულმა სასულიერო პირმა, ქრისტიანმა, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი სიმტკიცე, რომელიც ქვეყნის საფუძველია არის ოჯახი. მტკიცე და სწორი ოჯახი, მტკიცე სახელმწიფოს საწინდარია. ოჯახის სიწმინდე ჩვენი „დარბაზის“ ზემნიშვნელოვანი თემაა. უწმინდესმა დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე და ამ საკითხზე მას ნაშრომიც აქვს შექმნილი.

„შემეცნების აკადემიური დარბაზი“ არ არის კერძო ორგანიზაცია, რაც მეტნი ვიქნებით, სხვადასხვა საკითხის განხილვისას უფრო ჯანსაღ აზრამდე მივალთ. ძალა ერთობაშია და არა ცალკე მყოფობაში. ნებისმიერ საკითხს სჭირდება შემეცნება, მეცნიერული მიდგომა, ახსნა – განმარტება, თითოეული ახსნა დაფუძნებული იქნება წყაროებზე. ჩვენი დასკვნები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

დაინტერესებულ პირს, სასულიეროს თუ თემატურად მოწვეულ სპეცილიასტს საშუალება აქვს გაეცნოს ჩვენს ქარტიას, რა ინტერესს ემსახურება „დარბაზი“.
ნებისმიერ სასულიერო პირს შეუძლია ჩვენთან გაერთიანება და მოხარულნი ვიქნებით, თუ ერთად შეხვედრის საშუალება გვექნება, სადაც განვიხილავთ აქტულურ პრობლემებს და ვიმსჯელებთ.“

შემეცნების აკადემიური დარბაზის დამფუძნებელთა
ქ ა რ ტ ი ა

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ცხადჰყოფს, რომ მოვლენები სულ უფრო და უფრო გადის კონტროლის ზონიდან და ქაოტურ ხასიათს იღებს.

ადამიანებში და ხალხთა შორის იხილვება სიყვარულის უპრეცენდენტო კლება, რის შედეგადაც კაცობრიობის ესქატოლოგიური პროცესები უკვე აპოკალიპტურ ფაზაში შევიდა, რაც განსაკუთრებული განგაშის საფუძველია და მეტ სულიერ და გონივრულ მობილიზებას მოითხოვს.

საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა, აღვირახსნილობაში გადასული სიტყვისა და ქცევის თავისუფლება, ტრადიციისა და კულტურის ფსევდო ფასეულობებით ჩანაცვლება, ქრისტიანის მებრძოლი სულისკვეთების დაკნინება და მათში ინერტული განწყობების დამკვიდრება და სხვა მრავალი გამოწვევა, უცილობლად საჭიროებს სულიერი ძალებისა და ინტელექტუალური რესურსების უპრეცენდენტო კონსოლიდაციას, სიღრმისეულ თათბირს, კრიტიკულ შეფასებებსა და შესაძლებლობის ფარგლებში, საეკლესიო სწავლებებზე დაფუძნებული ადეკვატური სარეკომენდაციო დასკვნების გაკეთებას.

,,სამშობლოს” მცნებისა და ,,პატრიოტიზმის” მართებულ გააზრებას ეკლესიის საჩინო მამები მუდმივად მოძღვრავდნენ ერის შვილებს.

მათ შორის გამოვყოფდით:

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?”.
(წმიდა ილია მართალი ჭავჭავაძე)

,,სამშობლოსა და მისი სიწმინდეების დამცველი პირნათლად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოანე 15, 13)”.
(წმ. ფილარეტ მოსკოველი)

,,გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლეს ნუ დაიშურებთ მისთვის”.
(წმიდა იოანე კრონშტადტელი)

,,სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა”.
(ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ამ ეგზისტენციალური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და რეაგირების მიზნით, ჩვენ, ქვემო ხელის მომწერნი, შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ და დავადგინეთ:

  1. დაფუძნდეს ,,შემეცნების აკადემიური დარბაზი“ (შემდგომში ,,დარბაზი“);
  2. ,,დარბაზი“ არის არარეგისტრირებული, არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციული ერთობა;
  3. ,,დარბაზი“-ის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის რეგულაციები ქარტიას დაერთვება დანართების სახით, რომლის ხელმომწერნი იქნებიან ,,დარბაზი”-ის დამფუძნებლები.
  4. ,,დარბაზი”-ის საქმიანობას წარმართავენ დამფუძნებლები, რომელნიც, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობენ როგორც სასულიერო დასის წარმომადგენლებთან, ასევე – საერო პირებთან.

მაღალმა და კაცთმოყვარე ღმერთმა აკურთხოს განზრახვა ესე და კეთილად წარმართოს ჩვენი ჩანაფიქრი უფლის სადიდებლად, ერის საკეთილდღეოდ, მოყვასის სანუგეშოდ და სულის საცხონებლად. ამინ!

Facebook – დააკლიკე შემეცნების აკადემიური დარბაზი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი