მთავარიქრისტიანობასასულიერო და საერო პირებმა ტურინის წმ. სუდარა მოილოცეს

სასულიერო და საერო პირებმა ტურინის წმ. სუდარა მოილოცეს

7-8-9 მაისს ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელთან გაერთიანებულმა სასულიერო და საერო პირებისგან შემდგარმა მომლოცველთა ჯგუფმა იტალიაში, ქალაქ ტურინში წმ.სუდარა მოილოცა.

ტურინის სუდარა

თუ როგორ ჩავიდნენ ქართველი მომლოცველები ტურინში და რა განცდა დაეუფლათ უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის მოლოცვისას, „ამბიონს“ ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი, თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი ესაუბრა:

„ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებისა და მსმენელების მონაწილეობით შეიქმნა მომლოცველთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სასწავლებლის რექტორი, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). ჯგუფში ასევე ჩართული გახლდათ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი). 42 კაციანი ჯგუფი სასულიერო პირების, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებისა და მათი ახლობლებისგან შედგა. გავემგზავრეთ იტალიაში, კერძოდ, ტურინში, სადაც 5 წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ ტურინის წმ. სუდარას. საბედნიეროდ, ჩვენი მოლოცვა ამ პერიოდს დაემთხვა და საშუალება მოგვეცა, მოგველოცა არა მარტო ეს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე, არამედ, ღვთის სასწაულით, მოგვეცა საშუალება, წმინდა სუდარასთან წირვაც ჩაგვეტარებინა.

საინტერესოა ისიც, რომ იტალიაში მგზავრობის პერიოდში მრავალი დაბრკოლება შეგვექმნა, რაც ხელს გვიშლიდა ჩავსულიყავით ამ სიწმინდის მოსალოცად. ღვთის ნებით, ყველა სიძნელე დავძლიეთ. 8 მაისი მთლიანად სუდარის მოლოცვისთვის იყო დათმობილი. სიწმინდე ადრიანად მოვილოცეთ, შემდეგ წმ.სუდარის შესახებ ლექცია ჩაგვიტარეს, ვუყურეთ ფილმს, მოვინახულეთ სუდარის მუზეუმიც, სადაც ყველა დოკუმენტია შეკრებილი ამ სიწმინდის შესახებ და ყველაფერი თემატურად, ძალიან საინტერესოდაა განლაგებული.

ასევე, 8 მაისს, ჩვენ მოვახერხეთ, გაგვევლო ტურინის ქუჩებში და გვენახა, რომ მთელი ტურინი, ფაქტობრივად, ცხოვრობს ამ სუდარის თემით. ტაძრიდან რამდენიმე ქუჩა გადის და ყველა მათგანზე პატარ-პატარა მაღაზიებია. ყველა სუვენირი, ამ თემატიკასთანაა დაკავშირებული. აქ მხოლოდ ფეხით გადაადგილდებიან და მანქანები არ მოძრაობენ.

მეორე დღეს, 9 მაისს, ჩვენ მოგვცეს უფლება, დილის 5-ის ნახევარზე ჩაგვეტარებინა მართლმადიდებლური წირვა წმ. სუდარასთან, რაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში არ მომხდარა და ეს პირველი შემთხვევა გახლდათ. ეს საოცარი მოვლენა იყო, რადგან ჩვენ უდიდესი განცდა გვქონდა იმისა, რომ ეს არის წმ. სუდარა, რომელსაც უფალი შეეხო, სუდარამ იხილა ჯვარცმული უფალი, მისი დაფვლა და აღდგომა. როდესაც მას მიუახლოვდები, საოცარი განცდა გეუფლება, რომ თითქოს უფალთან მიდიხარ და იმ ტანჯვა-წამებას განიცდი, რომელიც უფალმა განიცადა. თავისდაუნებურად, ყველას ცრემლი მოგვდიოდა. ეს იყო იმის განცდა, როგორ ევნო და დაეფლა უფალი იესო ქრისტე და ამის განცდის მადლს წმ.სუდარა გვაძლევდა.

წირვის აღსრულების შემდეგ დიდი მადლი და საოცარი განწყობილება მოგვეფინა იმისა, რომ ჩვენთან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იმყოფებოდა. წირვა ხომ უდიდესი საიდუმლოა თვით ქრისტესგან აღსრულებული, უბრალო პური და ღვინო, მაცხოვრის ხორცად და სისხლად გარდაიქმნება და ეს საიდუმლო წმინდა ოდიკზე აღესრულება, რომელიც მისტიურ კავშირშია სწორედ წმინდა სუდარასთან.

ეს დღე არასოდეს დაგვავიწყდება და მუდამ გვექნება ის სითბო სულსა და გულში, რომელიც იქ მივიღეთ თითოეულმა.
ღმერთმა დაგვლოცოს და არ მოგვაკლოს თავისი მადლი და წყალობა, ამინ!”

თეონა ნოზაძე

ფოტო: ირაკლი ზიბზიბაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები