12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასასოწარკვეთილება და უიმედობა მოზარდებში

სასოწარკვეთილება და უიმედობა მოზარდებში

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირია მოზარდების გაუჩინარებისა თუ თვითმკვლელობის შემთხვევები. თუ რა არის ამის მიზეზი, რატომ ვარდებიან მოზარდები უიმედობასა და ბავშვი დეპრესიაში სასოწარკვეთილებაში და როგორ უნდა დააღწიონ თავი ამ მდგომარეობას? გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი მალხაზ ყიფიანი:

„ყოველი ადამიანი ამქვეყნად გარკვეული მისიით, ღვთის ლოცვა-კურთხევით მოდის. ეს მისია ადამიანმა ცხოვრებაში კეთილად უნდა აღასრულოს. რის შემდეგაც იგი სასუფევლის მკვიდრი გახდება. ბევრი ჩვენგანი არც კი დაფიქრებულა იმაზე, რისთვის გაჩნდა და ამქვეყნად მოვლინებისთვის უფლისთვის მადლობაც არ შეუწირავს. ასეთ ადამიანთა კატეგორია, თავისთავად, მომავალ თაობას კეთილ თვისებას – მადლიერებისა და საკუთარი დანიშნულების გაცნობიერებისა, ვერ ჩაუნერგავს. ამიტომაც, ასეთ ოჯახებში აღზრდილი თაობა გულგრილად და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეგოცენტრული სურვილების დასაკმაყოფილებლად ცხოვრობს. რაც მიზეზი ხდება ხშირად სხვადასხვა განსაცდელებისა. უფროსი თაობის ადამიანების მოვალეობაა, არა მარტო სიტყვით განვსწავლოთ, არამედ, მაგალითი საკუთარი საქციელითაც მივცეთ. რაც, პირველ რიგში, ჭეშმარიტი სარმწმუნოების სწავლებითა და დაცვით უნდა ვაჩვენოთ.

როდესაც ადამიანებში ყოველივე სიკეთის საფუძველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, მაშინ ყველაფერი მოწესრიგდება. მრავალი სიძნელე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი მოზარდები დგანან, ეს იქნება გაუჩინარების, თვითმკვლელობის, ნარკოდამოკიდებულების, აზარტული თამაშობებისა თუ სხვა შემთხვევები, ადვილად დაიძლევა და ყველაფერი თავისთავად დალაგდება. მთავარია, არ დავკარგოთ და გვქონდეს იმედი ხვალინდელი დღისა, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ადამიანში ბუნებითად ღვთისაგან არის ჩადებული შინაგან ძალთა შორის ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომელსაც იმედი ჰქვია. მის გარეშე ადამიანს ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია. იმედით მგზავრობს მგზავრი, – ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ზრდის მშობელი შვილებს, იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს.“

მაინც, რა იწვევს ადამიანში იმედის დაკარგვას, რაც სხვადასხვა განსაცდელის მიზეზი ხდება?

ეს არის მცირედმორწმუნეობა და არაეკლესიური ცხოვრება. ჩვენ დაკარგული გვაქვს ღვთის მოწყალების იმედი და დაგვიფაროს ღმერთმა, თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ უნდა ვიყოთ. რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის გულმოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა, ერთად აღებული, ვერ შეედრება უფლის მოწყალებათა სიუხვეს, რადგან, როგორც თავადაა უსასრულო უფალი, ასეთივეა მისი კაცთმოყვარებაც. ჩვენ, სასულიერო პირებმა უნდა ვასწავლოთ მოზარდებს, რომ უფრთიხლდნენ სასოწარკვეთილებას. რამეთუ, როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს მას. მაგრამ, სანამ ეს მოზარდები ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაერთვებიან, პირველ სწავლა-დარიგებასა და აღზრდა – განათლებას იღებენ ოჯახში და იმ საზოგადოებაში, სადაც მათ თანაცხოვრება უწევთ. ბავშვი დეპრესიაში ოჯახი არის მისი სულის ერთგვარი ლაბორატორია, სადაც ფორმირდება. ასევე, გამოცდილებას იძენს მოზარდი.

რა გვასწავლიან წმ. მამები სასოწარკვეთილებისა და უიმედობასთან ბრძოლისათვის?

ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი წმ. მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვარიგებს:

„გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებული უიმედობისა და სასწარკვეთილების წუთებში. ამ წამლის გამოყენებისას უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება, როდესაც აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად გონებაში წარმოვთქვამთ შემდეგი ლოცვის სიტყვებს: „დიდება, შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის. ამას ჩემი ცოდვებით ვიმსახურებ. მომიხსენე, მე სასუფეველსა ჩემსა.“

ეს ლოცვა უნდა წარმოითქვას აუჩქარებლად, შემდეგ მცირე ხნით შევისვენოთ და განვაგრძოთ 5 ან 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ ვიგრძნობთ, რომ სული დაგვიმშვიდდა და დაგვიწყნარდა.

წმ. მამათა სწავლებით ცოდვების გამო სასოწარკვეთილებამდე მისული მწუხარება ღვთის მოწყალების იმედით უნდა დავძლიოთ. როდესაც ადამიანს უიმედობის დემონი ეუფლება უგუნური და შეუსმენელი ხდება, არ შეუძლია მშვიდად მიიღოს რჩევა და აუღელვებლად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. გაურბის ადამიანებს, როგორც დამნაშავეებს და არ ესმის, რომ ამ სნეულების მიზეზი თავად მასშია. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით საჭიროა მისი ეკლესიური მოხსენიება, საჯანმრთელო პარაკლისების წაკითხვა, აღსარების თქმა, ღვთისმსახურებაზე დასწრება, ხშირი ზიარება და რწმენა, იმედი იმისა, რომ გვყავს ჩვენი ცოდვების ყოვლადძლიერი მკურნალი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენთვის საკუთარი სისხლი დასთხია და თან დაგვაიმედა: ნუ გეშინიათ, ამ წუთისოფელს ჭირი და განსაცდელი მრავალი აქვს, მაგრამ მე მიძლევიეს ამ წუთისოფლისათვის და თქვენც მოგცემთ და დაგადგამთ ამ ძლევის გვირგვინს, თუ ჩემი მცნების დამცველნი და ჩემი მოშიშნი იქნებით.

მთავარია, ჩვენ ცოდვებისაგან გათავისუფლება მოვინდომოთ და უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, აწ და მარადის და ყოველდღე, საუკუნეთა დასასრულამდე, ამინ!

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები