მთავარისაზოგადოებასაქართველოს სასურსათო უსაფრთხოება

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოება რომის დეკლარაციის (Rome Declaration on sworld Food Security) თანახმად, საზოგადოების, მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების აუცილებელი საარსებო პირობაა, რაც უზრუნველყოფს დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ინტელექტუალური და ა.შ. განვითარების ქცევებსა და შესაძლებლობებს.

სურსათისაქართველოში საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დამკვიდრებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოქალაქეთა დაცვა უხარისხო, ჯანმრთელობისა და ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლისათვის საშიში სასურსათო პროდუქციისაგან. საკვებად არასაიმედო, მათ შორის, ფალსიფიცირებული, გენეტიკურად მოდიფიცირებული და სხვა პროდუქციის მზარდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, ეკონომიკის განვითარებაზე და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები – კავშირი “21-ე საუკუნე” და “სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაცია” ათ წელზე მეტია, რაც აქტიურად მუშაობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში. მათ მიერ ამ სფეროში ჩატარებული სამუშაო, მიღებული გამოცდილება, წლების მანძილზე დაფიქსირებული ფაქტები და რეგულარულად ჩატარებული მონიტორინგისა და კვლევების შედეგები გვარწმუნებს არსებულ პრობლემებზე მიზანმიმართული მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაში.
გთავაზობთ ექსპერტების(შალვა მელქაძე,ეთერ სარჯველაძე,დალი წულაია) მიერ შემუშავებულ ანალიტიკურ ნაშრომს `საქართველოს სასურსათო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვა”.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა”. საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო მსოფლიო პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგებზეა დამოკიდებული, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზეა დამყარებული. ამის დამადასტურებელია საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის თანახმად საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკანონმდებლო ბაზისა და კანონაღსრულების (ინსტიტუციონალური) სტრუქტურის დახვეწა და ევროგაერთიანებასთან მიახლოება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული დიდი ძალისხმევა, რომლის შედეგად ევროკავშირმა, მოგვანიჭა შეღავათები საქართველოდან იმპორტირებული პროდუქციის სატარიფო ბარიერების რეგულირების საკითხებში. ცხადია, რომ ევროპა სატარიფო ბარიერებისაგან განსხვავებით არასატარიფო რეგულირების ნაწილში არაფერს არ დათმობს. ექსპერტების მოსაზრებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციებს შორის ერთ-ერთი ძირითადი სასურსათო პროდუქცია გახდება. ამის მისაღწევად საქართველოს სასურსათო წარმოება და შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს.

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების რომის დეკლარაციიდან გამომდინარე, ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, იცავს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, რისთვისაც ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე შემოსულ პროდუქციას ისეთივე მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, როგორც ევროკავშირში წარმოებულს.

ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ მოწყობას. ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებისათვის, მაგრამ ის ასევე ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირისკენ და აღიარებენ მათ საკანონმდებლო რეგულირებას. სურსათის სფეროში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითად საკანონმდებლო აქტს, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქტების მაქსიმალურ უვნებლობას, 2002 წელს მიღებული EC 178/2002 რეგულაცია – “სურსათის შესახებ კანონის ზოგადი საფუძვლები და მოთხოვნები” წარმოადგენს. ამ რეგულაციის მე-49 მუხლის მიხედვით, ყველა ქვეყანა, რომელიც აღიარებს ევროპულ კანონმდებლობას და მონაწილეობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს.

საქართველოში არსებული ვითარება

ბოსტნეულისაქართველო, რომელიც აღიარებს ევროპულ კანონმდებლობას და მონაწილეობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, სურსათის უვნებლობის სფეროში, აღებული ვალდებულების განხორციელების მიზნით, 2005 წელს მიიღო საქართველოს კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” (შემდგომ – კანონი) და კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი არაერთი ტექნიკური რეგლამენტი.

კანონით განისაზღვრა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ძირითად საკითხებში შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კანონის მიღებით საქართველოს საკანონმდებლო სფეროში შემოვიდა რისკის ანალიზის ცნება და რისკის ანალიზზე დამყარებული მიდგომა. აღიარეს ინტეგრირებული მიდგომა “ფერმიდან სუფრამდე” და აქცენტი საბოლოო პროდუქციის სერტიფიცირებიდან პროცესის კონტროლზე გადავიდა. გაიზარდა სურსათის ბიზნესში ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და განსაზღვრულ იქნა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.

სურსათის კანონში ჩადებული იყო მისი ეტაპობრივი ამოქმედების დროში გაწერილი ხუთ წლიანი გრაფიკი. ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო საკანონმდებლო ბაზისა და კანონაღსრულების სფეროს სრული ჰარმონიზება ევროპის კანონმდებლობასთან.
სურსათის კანონის მიღებისას არსებობდა იმის მოლოდინი, რომ რეფორმა ხელს შეუწყობდა სურსათის წარმოების განვითარებას, შექმნიდა რა სამართლიან და პროგნოზირებად გარემოს, უფრო სანდოს გახდიდა ზედამხედველობის სისტემას და გაუდვილებდა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე შეღწევას. გარდა ამისა, ახალი სისტემის ამოქმედებას უნდა შეემცირებინა სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები და უფრო მრავალფეროვანი გაეხადა სურსათის არჩევანი ბაზარზე.
2006 წლის 29 დეკემბერს (კანონის სრულ ამოქმედებამდე 3 დღით ადრე!!!) საქართველოს მთავრობისა და 2007 წლის 29 ივნისს პარლამენტართა ჯგუფის ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შედეგად კანონის ძირითადი მუხლების, მათ შორის, სურსათის მწარმოებელ საწარმოთა რეგისტრირების (მე-14), მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა (მე-16) და სასურსათო ბიზნესის მონაწილეთა სახელმწიფო ინსპექტირების (22-ე და 23-ე) მუხლების მოქმედება 2010 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა. სახელმწიფომ მარტო მონიტორინგის ფუნქცია დაიტოვა.

შედეგად მივიღეთ ის, 2005 წლიდან საქართველოში არ არსებობს სურსათის უვნებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი მხოლოდ მეწარმის კეთილ ნებასა და ღვთის ანაბარადაა მიტოვებული.

როგორც აღვნიშნეთ, კანონის პირველადი ვარიანტი (ცვლილებების განხორციალებამდე) ძირითადად ევროპულ მიდგომებსა და პრინციპებზე იყო დაფუძნებული, თუმცა 2006-2007 წლებში კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს სასურსათო სფეროს საკანონმდებლო სივრცე და კანონგამოყენებითი პრაქტიკა დაშორდა ევრორეგულაციის მოთხოვნებს და მივიღებული რეალობა ასეთია:

სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მხრივ – სამომხმარებლო ბაზარზე არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ზოგჯერ გაუცნობიერად და ზოგჯერ კი შეგნებულად(!!!) მეწარმეებს გააქვთ პროდუქტი, რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. სწორედ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ უნდა იკისროს გარანტის როლი და ბაზარი დაიცვას მავნე პროდუქციისაგან, ხოლო მომხმარებელს საშუალება უნდა მიეცეს პროდუქციის ხარისხობრივი პარამეტრებისა და მისი ეკონომიური შესაძლებლობიდან აირჩიოს უსაფრთხო პროდუქტი.

კორუფციის საფრთხის მხრივ – კანონის ინსპექტირების მუხლების შეჩერებით, სახელმწიფომ აღნიშნულ პერიოდში, მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე, “თავიდან აიცილა” კორუფციული გარიგებების საფრთხე, თუმცა კორუფციული გარიგების შემცირება და მათი აღმოფხვრა უპირველესად სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ჯანსაღი კონკურენციული გარემოსა და საექსპორტო პოტენციალის დაცვის მხრივ – ხელისუფლებამ, როგორც ადგილობრივ წარმოებებზე, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე ინსპექტირების შეჩერებით ადვილად შემოსაღწევ ბაზრად გახადა სხვა ქვეყნებში დაწუნებული და ფალსიფიცირებული იაფი პროდუქცია, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

იმპორტირებული დაბალხარისხიანი და იაფი პროდუქცია კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას და უკონტროლო კონკურენციის პირობებში სჯაბნის მას. შედეგად ზოგიერთი ადგილობრივი მეწარმე იძულებული გახდა, შეეწყვიტა საქმიანობა, ან უვნებლობისა და ხარისხის შემცირების ხარჯზე შეემცირებინათ პროდუქციის თვითღირებულება, რამაც საბოლოო ჯამში დააზარალა მომხმარებელიც, მწარმოებელიც და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკაც.

შიდა ბაზრის დაცვისა და ადგილობრივი მომხმარებლის დაცვის გარდა სურსათის უვნებლობის ევრორეგულაციის დანერგვა და პროდუქციის სანდოობა არსებითია საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მხრივ. ევროკავშირში სურსათის ექსპორტისას თავისთავად პროდუქცია უნდა პასუხობდეს ევროსტანდარტის მოთხოვნებს და ასევე, საქართველომ უნდა შეძლოს იმის დემონსტრირება, რომ მისი ინსპექტირების სისტემა პასუხობს ევრორეგულაციის მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია საქართველოში ტურიზმის განვითარების მზარდი ტემპებიც და შესაბამისად, მისი როლი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში. ამიტომ უვნებელი პროდუქციის წარმოებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია ტურიზმის განვითარებაში.

ამდენად, 2006-2007 წლებში კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა საქართველოს მოსახლეობასა და სასურსათო ბიზნესს ვერავითარი დადებითი შედეგი ვერ მოუტანა, უარყოფითი კი მრავლადაა. ინსპექტირების მექანიზმის შეჩერებამ დააზარალა როგორც ადგილობრივი სასურსათო წარმოება, ასევე სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის საექსპორტო იმიჯსაც.

2010 წლის ივლისში სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეჩერებული მუხლების ამოქმედება დაიწყო, კერძოდ: ბიზნესოპერატორის ინსპექტირებასა და მიკვლევადობის კონტროლთან დაკავშირებული მუხლები ამოქმედდა. შედეგად, “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~ საქართველოს კანონის შეჩერებული მუხლები ძალაში შევიდა. პირველ ეტაპზე, 2010 წლის ივლისიდან, ინსპექტირების განხორციელება სავალდებულო გახდა ევროკავშირში ექსპორტიორი ბიზნესოპერატორებისათვის, ხოლო მეორე ეტაპზე – 2011 წლიდან, ინსპექტირებასა და მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები სავალდებულო გახდა ყველა ბიზნესოპერატორისათვის.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის # 1756 განკარგულებით მიღებული იქნა ყოვლისმომცველი სტრატეგია სურსათის უვნებლობის სფეროში.

სურსათის უვნებლობის სფეროს სტრატეგიის თანახმად საქართველოს მთავრობა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ეტაპობრივი მიახლოება ევროკავშირის ძირითად/ჰორიზონტალურ რეგულაციებთან 2014 წლისათვის დასრულდება.

პრიორიტეტულ პროდუქტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მიახლოება 2010_2012 წლებში განხორციელდება.
პირველ ეტაპზე, 2010 წლის 1 ივლისიდან, ინსპექტირება დაიწყო მხოლოდ იმ ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ევროკავშირში ეწევიან პროდუქტის ექსპორტს. მეორე ეტაპზე, 2011 წლიდან, ინსპექტირება და მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორისათვის გახდა სავალდებულო.

სურსათის უვნებლობის სფეროს სტრატეგიის თანახმად სურსათის უვნებლობის მთლიანი სისტემა, უფრო კონკრეტულად კი ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი, დაფუძნებული უნდა იქნება პრინციპზე “ფერმიდან სუფრამდე”, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმდება წარმოების მთლიანი ჯაჭვი, დაწყებული ფერმიდან დამთავრებული საბოლოო მომხმარებლით, მათ შორის, პროდუქტის წარმოების, ტრანსპორტტირების, შენახვის, დისტრიბუციისა და საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების ეტაპები.

სტრატეგია მომზადდა ევროკომისიისა და შესაბამისი ექსპერტების, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
სტრატეგია სახელმწიფო დოკუმენტს წარმოადგენს, რომელსაც ამტკიცებს და რომელშიც ცვლილებები შეაქვს საქართველოს მთავრობას.

საკანონმდებლო მიახლოების პროგრამაში მოცემულია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის ჰორიზონტალურ კანონმდებლობასთან მიახლოებისათვის საჭირო ვადების, ეტაპების, პასუხისმგებელი ინსტიტუტებისა და რესურსების ჩამონათვალი.

იმედია ამ სტრატეგიის განხორციელება იქნება საქართველოს სასურსათო ბაზრის: მომხმარებლების დაცვის, ასევე ჯანსაღი კონკურენციისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარი.

ქეთი ჭელიძე

3 COMMENTS

  1. ბრაზილიიდან ხორცს და თურქეთიდან ერბოს რომ შემოიტან და ქართულ ბაზარზე რომ ყიდი, რა ეკონომიკა განვითარდება?!. სახელმწიფო სტრუქტურაში არავინ ფიქრობს ქართული სოფლის გაჭირვებაზე?. მარტო არაგვის, ივრის და ალაზნის ხეობის სოფლებიდან ადრე იმდენი სასოფლო სუფთა პროდუქტი ჩამოდიოდა რომ, ეყოფოდა ბარე სამ თბილისს. სპეციალურად უქმნიან ასეთ პირობებს ქართველ გლეხს რომ, მიატოვოს მიწის დამუშავების კულტურა?. ,,ვინ ხართ და რა ჯიშის ხართ? რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა რუსეთმა და ამერიკამ. საიდან მოხვედით” (,,დათა თუთაშხია” აბელის შესახებ). საით მიაქანებთ სამოთხის მსგავს ქვეყანას?!!. ქართულ სოფელს უნდა მიეხედოს თორემ დიდი პრობლემის წინაშე არმოვჩნდებით მომავალში. პრობლემაა ისაა რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და ნამდვილი ოპოზიციის მაგიერ ,,კნავილა ქეშებია” მხოლოდ. თვითოეულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა უნდა დაინაწილოს თავისად სახელმწიფო თვითოეული სტრუქტურა და იმის ოპონირება და უკეთესობისკენ უბიძგოს. გ.გ.ბორჯღალიონი

  2. მე გიორგის ვეთანხმები, იმაზე კარგი არაფერია როცა საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას იღებ, რადგანაც ის სწორედ იმ პირობებსჰია დამზადებული და მოწეული, სადაც ცხოვრება გვიწევს. ქართულ სოფლის მეურნეობას კი ჩვენი დახმარება ნამდვილად ჭირდება, დღესდღეობით ქართველი გლეხი მხოლოდ რაღაც თეთრებისთვის წვალობს, ამ დროს კი ჩვენ სხვა ქვეყნის პროდუქიას უფრო ძვირად ვყიდულობთ. რატო??? იმიტომ რომ “იმპორტულია”…

Comments are closed.

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები