მთავარიქრისტიანობასაქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკურ-სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკურ-სამართლებრივი საფუძვლები

წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

“სიტყვა “ავტოკეფალია” ეტიმოლოგიურად ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს თვითმწყემსობას, მამა საბა ნატროშვილი საკუთარი თავის მწყემსობას (αυτο-თვითონ; κεφαλη-თავი). აღნიშნული უფლება გულისხმობს მართვა-გამგეობასა და პირველიერარქის არჩევაში სრულ დამოუკიდებლობას. თუ გადავხედავთ წმინდა წერილს, დავინახავთ, რომ პირველ საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს სახარება უამრავ ქალაქში და ქრისტიანობაზე მოქცეული მრევლის სულიერ ზედამხედველებად თავიანთ ნაცვლად ადგენდნენ ეპისკოპოსებს. ასხამდნენ მათ ხელს, ანუ გადმოდიოდა ამ ადამიანებზე სულიწმიდის მადლი და სწორედ ამ მომენტიდან, ისინი ითვლებოდნენ მაცხოვრის მოწაფეთა საქმიანობის გამგრძელებლად და მათ უნდა ეზრუნათ ქრისტეს სჯულის შეურყვნელად დაცვასა და გავრცელებაზე. სწორედ მოციქულთა მემეკვიდრეობა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველი ავტოკეფალურობისა….

ავტორიტეტულ აპოკრიფულ თხრობაში, რომელიც შეწყნარებულია მთელი ეკლესიის მიერ ,,მიმოსვლა ანდრია მოციქულისა“ ნათქვამია, რომ ანდრია პირველწოდებულმა წმ.მატათასთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში და სწორედ მან მოაქცია ქრისტიანობაზე ეს მხარე. ამგვარად, მე-4 საუკუნემდე ჩამოყალიბდა და ფორმირდა 600-ზე მეტი ადგილობრივი ეკლესია, რომელნიც ერთიანდებოდნენ 5 საპატრიარქოში. დასავლეთსა და აფრიკის კონტინენტის ნაწილს მართავდა რომის პაპი, ხოლო აღმოსავლეთში კი მათ ხელმძღვანელობდნენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები…

ამგვარი მოწყობის ფორმას პენტარქია, ანუ ხუთთა მმართველობა ეწოდებოდა. აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ნახსენები დაქვემდებარება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ყველა ქალაქის ეპისკოპოსს თვითმწყემსობის უფლება ჰქონდა მინიჭებული. მორჩილება გამოიხატებოდა იმაში, რომ ღვთისმსახურებისთვის საჭირო მირონი დედაეკლესიისგან უნდა წამოეღო ადგილობრივ ეკლესიას და საღვთო ლიტურგიაზე უნდა მოეხსენიებინათ მაკურთხეველი ეკლესიის პატრიარქი. შედარებით გვიან კი, წვრილ-წვრილი საეპისკოპოსოები დაექვემდებარნენ მიტროპოლიტს, ანუ კონკრეტული პროვინციის დედაქალაქის მღვდელმთავარს, რომელიც ბუნებრივია ეპისკოპოსებში ყველაზე მეტი გავლენით და ავტორიტეტით სარგებლობდა. მე-5-6 საუკუნეებში იწყება ამგვარი მიტროპოლიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და მათ მმართველ მღვდელმთავრებს ეძლევათ პატრიარქის, კათალიკოსის, პრიმასის თუ ეგზარქოსის ტიტულები… საეკლესიო სამართლის მიხედვით, თვითმწყემსობის უფლებით აღჭურვის კომპეტენცია აქვს მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებას ან და იმ დედა ეკლესიას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენდა იგი ავტოკეფალიის მიღებამდე.

როგორც მოგეხსენებათ, 335 წელს ქრისტიანობა ქართლში გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო 468 წელს ანტიოქიის საპატრიარქომ მისცა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია და 12 ეპისკოპოსთან ერთად აკურთხა პირველი ქართველი კათალიკოსი პეტრე. ამ ფაქტს ეფესოს კრების კანონთა კომენტარებში ადასტურებს თეოდორე ბალსამონი, აგრეთვე მე-14 საუკუნეში მოღაწე ცნობილი კანონისტი მათე ვლასტარიც თავის სინტაგმაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია არაა დაქვემდებარებული აღმოსავლეთის არც ერთ საპატრიარქოზეო.

მე-9 საუკუნიდან კი მოვიპოვეთ მირონის მცხეთაში მომზადების უფლება, რაც მხოლოდ სამოციქულო ეკლესიის პატივია. სწორედ ამ პერიოდიდან, მსოფლიო ეკლესიათა დიპტიქში ვიკავებთ მე-5 ადგილს იერუსალიმის პატრიარქის შემდგომ და ვხდებით სრულიად დამოუკიდებელი სულიერ-ადმინისტრაციული ერთეული. თუმცა, საქართველოს ეკლესიის კანონიკურად ჩამოყალიბება-განვითარების პროცესი ავტოკეფალიის მოპოვებით არ დასრულებულა. მან სრულად გაიზიარა აღმოსავლეთის ეკლესიების პროტოკოლური ცხოვრების წესი. ანუ ის მონაწილეობას ღებულობდა როგორც ბაზელის და ფლორენციის საეკლესიო კრებებზე ასევე 1666 წლის მოსკოვის კრებაზე, რომელიც მოიწვიეს პატრიარქ ნიკონის საქმის განსახილველად. საყოველთაოდ ცნობილია, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო მოიცვა ხატთმებრძოლობის ერესმა, ქართულ ეკლესიას არ გადაუხვევია ჭეშმარიტი სწავლებიდან და იოანე გუთელი ეპისკოპოსი მცხეთაში ჩამოვიდა საეპისკოპოსო ხელდასხმის მისაღებად და მისი მღვდელმთავრად კურთხევის წესი შეასრულა მცხეთის კათოლიკოსმა. შესაბამისად, ქართული ეკლესიის, კანონიკური მადლმოსილების საკითხი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ.

1722 წელს რუსეთის იმპერიაში ხდება განსაკუთრებული, არაორდინალური მოვლენა, რომელიც შემდგომში პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ჩვენი ეკლესიის ბედზე. კერძოდ კი, იმპერატორი პეტრე პირველი ყოველგვარი კანონიკურ-სამართლებრივი ნორმების დარღვევით აუქმებს პატრიარქის ტიტულს და წმ.სინოდის მმართველობას აბარებს საერო ადამიანს – ობერპროკურორს. ამ აქტით სახელმწიფომ აბსოლუტურად დაიქვემდებარა და ფაქტობრივად, უუფლებო მდგომარეობაში ჩააყენა ეკლესია.

1783 წელს იდება გიორგიევსკის ტრაქტატი, სადაც ერეკლე მეორე რუსეთს ქართლ-კახეთის მფარველობაში მიღებას სთხოვს. აღნიშნული ხელშეკრულებით ეკლესიის დამოუკიდებლობა თითქოს ფორმალურად ხელშეუხებელი რჩება, თუმცა მის მე-8 პარაგრაფში აღნიშნულია, რომ კათალიკოსი ხდებოდა რუსეთის წმ.სინოდის წევრი და მასში ტობოლსკის მიტროპოლიტის შემდგომ დაიკავებდა მე-8 ადგილს… ეს გახლავთ კანონიკური ნონსენსი და მოციქულთა 34-ე კანონის უხეში დარღვევა. არ შეიძლება რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური იყოს სხვა, უცხო ეკლესიის სინოდის წევრი. პატრიარქობა ყველაზე მაღალი იერარქიული პატივია, შესაბამისად, იგი უნდა თავჯდომარეობდეს სინოდს და ყველა მღვდელმთავარი ემორჩლებოდეს კათალიკოსს, რასაც ბუნებრივია რუსეთის იმპერატორი არ დაუშვებდა, რადგან თავად გააუქმეს რუსეთში პატრიარქობა და გამოვიდოდა, რომ საკუთარ ეკლესიას ქართველ მწყემსმთავარს დაუქვემდებარებდნენ… 1811 წელს იძულებით გადასახლებაში გარდაიცვალა წმ.პატრიარქი ანტონ მეორე. ახალი მეთაურის არჩევის ნება კი არ მისცა ქართველ სამღვდელოებას პეტერბურგმა. ამ დროს ამიერკავკასიის მთავარმართებელი სწერს მიტროპოლიტ ვარლამ ერისთავს, რომელიც მოვლენილი იყო თბილისში ამ წინასწარ გაწერილი მოვლენების სამართავად, რომ სინოდის ობერპროკურორისა და პირადად იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა ისე უნდა მოეწყოს, რომ იგი დამოკიდებული იქნეს რუსეთის სინოდზე… პასუხად მიტროპოლიტმა ვარლამმა შეიმუშავა ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთში არსებული 13 ეპარქიიდან დარჩა მხოლოდ ორი, ხოლო 9 საარქიმანდრიტოდან დატოვა 5… რუსეთის სინოდმა დაამტკიცა ეს პროექტი და განაჩინა, რომ: ,,საქართველოს ეკლესიას გაუუქმდეს ავტოკეფალია და მას სათავეში ჩაუდგეს მცხეთა-ქართლის მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი და მიენიჭოს მუდმივი ეგზარქოსის ტიტული.“ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1811 წლის 30 ივლისს და სწორედ ამ პერიოდიდან დავკარგეთ დამოუკიდებლობა …

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს აქტი საეკლესიო სამართლის მიხედვით ავტომატურად ბათილად ითვლება, რადგან ავტოკეფალიის გაუქმება ძალადობრივი გზით მოხდა იმპერატორის და მისი სინოდის მიერ… რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 მუხლში ნათქვამია: ,,ნურვინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით საერო ხელისუფლების ქედმაღლობა. ნუ დავარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმიდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ ყოველგვარი შევიწროების გარეშე წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული დამოუკიდებლობის უფლება. აქვე ვადგენთ, რომ თუ ვინმე ამის საწინააღმდეგო რამეს შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული“. შესაბამისად, იმპერიის ქმედება სრულიად სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ასევე დარღვეულია ნიკეისა და ქალკედონის მსოფლიო კრებების ნორმები და უგულებელყოფილია საერთო მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიცია.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მოხდა ხელისუფლების ცვლილება… მართვის სადავეები აიღო დროებითმა მთავრობამ. ამავე წლის 25 მარტს კი ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნულ საეკლესიო სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილი ქართველი ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და საერო პირთა მონაწილეობით, გამოიცა დეკლარაცია, რომლის თანახმადაც ივერიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასწლიანი ლოდინის შემდეგ კვლავ მოიპოვა თვითმწყემსობის უფლება… აღდგა ისტორიული სინამდვილე და დასრულებულად გამოცხადდა მმართველობის ის ანტიკანონიკური რეჟიმი, რომელშიც ჩვენი ეკლესია აღმოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების გამო.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები