25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებასაქართველო ევროპულ სივრცეში საკუთარი ეროვნული იდენტობით

საქართველო ევროპულ სივრცეში საკუთარი ეროვნული იდენტობით

“ამბიონს” მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესაუბრა:

“ქართველ ერს (კავკასიაში რუსების გამოჩენამდე) მუდამ გააჩნდა თავისი სახელმწიფო და არსებობდა კიდეც ათასწლეულთა მანძილზე სახელმწიფოებრივი ცხოვრებით. იბერიის, ანუ საქართველოს სახელმწიფოს შესახებ მრავალ ცნობას გვაწვდიან ანტიკური ეპოქის ავტორები. მაგალითად, I ს-ის ცნობილი გეოგრაფოსი და ისტორიკოსი სტრაბონი აღწერს იბერიის სახელმწიფოებრივი მმართველობის სისტემას, გვაწვდის ცნობებს მისი ჯარის, ქალაქების, სოფლებისა და ხალხის შესახებ. მეუფე ანანია ჩვენთვის საინტერესოა, რომ სტრაბონი საქართველოს მიიჩნევს ევროპული სივრცის ნაწილად გეოგრაფიული თვალსაზრისით. კერძოდ, ის ძველ ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარი ევროპასა და აზიას შორის გადის მდინარე ფაზისზე. ძველ სამყაროში ცნობილი მდინარე ფაზისი გაედინება საქართველოში. თანამედროვე შეხედულებით, ესაა მდინარე რიონი, მაგრამ ძველი ავტორების აზრით, ფაზისი ერქვა მდინარე ჭოროხს. მაგალითად, ბიზანტიური განათლებით სახელგანთქმული ექვთიმე მთაწმინდელი, სხვა წმიდა მამები ათონურ-ბიზანტიური სკოლისა (რომელთაც საქართველოში განამტკიცეს ევროპულ-ბიზანტიური განათლების საფუძვლები X-XI სს-ში) მიიჩნევდნენ, რომ მდინარე ფაზისი ეწოდებოდა მდინარე ჭოროხს. როგორც აღინიშნა, სტრაბონის ცნობით, მდინარე ფაზისის მარჯვენა სანაპიროდან იწყებოდა ევროპა, ხოლო მის მარცხენა სანაპიროზე აზია იყო განლაგებული, ვინაიდან ისტორიული საქართველოს უმეტესი ნაწილი ამ მდინარის მარჯვნივ მდებარეობდა, ანტიკურ ეპოქაშიც საქართველო ევროპის ნაწილად მოიაზრებოდა.

ალბათ, გეოგრაფიულზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ, სულიერი და კულტურული თვალსაზრისით, საქართველოს მუდამ თავისი თავი მიაჩნდა ნაწილად ევროპული ცივილიზაციისა. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდიან ეროვნული მატიანეები. კერძოდ, I-IV სს-ში ქართველთა მიერ ქრისტიანული სარწმუნოების მიღება განიხილებოდა, როგორც უმთავრესი მომენტი, რომელმაც სულიერ-კულტურული თვალსაზრისით საქართველო გამიჯნა აზიიდან და შეუერთა იმჟამინდელ ევროპულ სივრცეს. მაგალითად, როგორც კი IV ს-ში იბერიის მეფე მირიანმა და მთელმა ქართველმა ერმა წმ. ნინოს მოღვაწეობით მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, მაშინვე იბერიის დედაქალაქ მცხეთიდან ცნობა გაიგზავნა რომის იმპერატორთან ამ მოვლენის შესახებ. მემატიანის თქმით, იმპერატორმა მადლი შესწირა უფალს, რომელმაც იბერიის ხალხი გაქრისტიანების გზით დაუკავშირა დასავლეთს. იმჟამად, ქრისტიანობა წარმოადგენდა სარწმუნოებას რომაულ-ბიზანტიური იმპერიისა, რომლის საფუძველზეც აღმოცენდა შუა საუკუნეთა ევროპული ცივილიზაცია. ქართველი ერი ამ სარწმუნოების მეშვეობით არა მხოლოდ სულიერად გადაიქცა ერთ-ერთ ნაწილად ევროპული სივრცისა, არამედ მან იტვირთა ფუნქცია აღმოსავლეთის მიმართულებით მისი დაცვისა. საბოლოოდ, ქართველი ხალხი კავკასიაში იყო ერთადერთი ერი, რომელსაც XI ს-ის შემდეგ ერთდროულად გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო და ქრისტიანული სარწმუნოება, რის გამოც საქართველო, ფაქტობრივად, გახლდათ ევროპულ-ქრისტიანული სივრცის დამცველი, მისი აღმოსავლეთის ბასტიონი, რომელსაც მუდამ უტევდნენ არაქრისტიანული აღმოსავლეთის იმპერიები. საქართველოს დაცვა ევროპული ცივილიზაციის დაცვასაც ნიშნავდა, რადგანაც ის, მისი ერთ-ერთი ფორპოსტი, სასაზღვრო ჯებირიც იყო.

ციხე ქრისტიანული მსოფლიოს დამცველად რომ წარმოედგინათ ქართველ მეფეებს თავიანთი თავი, კარგად ჩანს V ს-ის დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან, სადაც ის აცხადებს, რომ მისი ბრძოლები მიმართულია იმისაკენ, რომ დაიცვას იერუსალიმისა და ყველა ქრისტიანი ერის უსაფრთხოება. მემატიანის ცნობით, მისი არმია ეომებოდა უზარმაზარ, ასიათასობით ჯარისკაცისგან შედგენილ არმიებს. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგმა დატოვა ანდერძი, რომლის აღსრულება საუკუნეთა მანძილზე განსაზღვრავდა ქართველთა ლტოლვას ევროპული სივრცისაკენ. კერძოდ, მისი ანდერძი იყო: “ნუ მიატოვებთ ბერძენთა სიყვარულს”. ბერძნებში იგულისხმება ბიზანტიურ-ევროპული ქრისტიანული სივრცე. ასე რომ, ქართველობა არა მარტო მიიჩნევდა თავის თავს ევროპული სივრცის ნაწილად, არამედ საკუთარი სისხლითა და თავდადებული ბრძოლით საუკუნეთა მანძილზე იცავდა მას. საქართველო შუა და დასავლეთ ევროპას არაქრისტიანული მებრძოლი ტომების მოზღვავებას არიდებდა.

თავის მხრივ, ევროპასთან კავშირმა გააძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მოვიყვან ორიოდე მაგალითს. როგორც ითქვა, ათასწლეულთა მანძილზე ქართველ ერს უწყვეტად გააჩნდა თავისი სახელმწიფო, ზოგჯერ – ძლიერი, ზოგჯერ კი – სუსტი. მაგრამ ყოველი გაძლიერება ქართული სახელმწიფოებრიობისა დაკავშირებული იყო ევროპასთან. ცნობილია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განსაკუთრებული გაძლიერება I-II სს-სა და XII-XIII სს-ში. ეს იბერიის (საქართველოს) სახელმწიფოებრიობისა და კულტურის გაფურჩქვნის განსაკუთრებული საუკუნეები გახლდათ.

მცხეთის მიდამოებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის სტელა ბერძნული და ლათინური წარწერებით. მასში ნათქვამია, რომ სტელა არმაზის ციხის გალავანთან აღიმართა რომის იმპერატორების ვესპასიანესა და დომიციანეს სახელით, ნიშნად იბერიასა და რომის იმპერიას შორის მეგობრული ურთიერთობისა. წარწერაში, რომელიც შედგენილია I ს-ის 70-იან წლებში, იბერიის მეფე მითრიდატეს ეწოდება `კეისრისა და რომაელი ხალხის მეგობარი~. ფაქტი, რომ რომის იმპერია, იმჟამინდელი მსოფლიოს ზესახელმწიფო, თავის მეგობრად მიიჩნევდა იბერიას, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ამას უკვალოდ არ ჩაულია, არა თუ უკვალოდ, არამედ ამ მეგობრობამ განადიდა და განაბრწყინა იმჟამინდელი საქართველო. გაიზარდა მისი საზღვრები, იბერთა მეფემ თავისი გავლენა განავრცო, გაძლიერებულმა მისმა არმიამ, მემატიანეთა ცნობით, რამდენჯერმე დაამარცხა პართიის ჯარი. საქართველოში I-II სს-ში გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები, არქეოლოგიური მონაპოვარი აჩვენებს იმპორტული მასალის სიუხვეს.

ისტორიკოსთა დასკვნით, რომის იმპერიასთან მეგობრობის დროს I ს-ის 30-იანი წლებიდან II ს-ის 60-იანი წლების ჩათვლით იბერია იყო ძლიერი სახელმწიფო, ამიტომაც რომაელი ისტორიკოსები: ტაციტიუსი, დიონ კასიუსი და სხვები თავიანთ თხზულებებში ხალისით უთმობდნენ ადგილს იბერიის სისხლსავსე ცხოვრების აღწერას. შუა საუკუნეთა ევროპელები ანტიკური დროის იბერიას უკეთ იცნობდნენ, ვიდრე თავიანთი ეპოქის საქართველოს. რომის იმპერიასთან მეგობრობის ნიშნად რომში სტუმრად მიიწვიეს იბერთა მეფე ფარსმან ქველი, იგივე ფარსმან II (134 წელს, იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს), სადაც ის დიდი პატივით მიიღეს. რომში დაიდგა იბერთა მეფის ფარსმან II-ის ცხენოსანი ქანდაკება. ამასთანავე, ისტორიკოსის ცნობით, იმპერატორს გაუფართოვებია იბერიის საზღვრებიც. ქართველმა ხალხმა მადლიერების ნიშნად ფარსმან მეფეს “ქველი” უწოდა თავისი გულმოწყალების გამო. ის იყო წინაპარი საქართველოს მეფე რევ მართლისა, რომელსაც III ს-ის დასაწყისში, წყაროს ცნობით, უკვე მოსმენილი ჰქონდა წმიდა სახარება: `სმენილ იყო მისდა მცირედ რამე სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და აქვნდა რამე სიყვარული ქრისტესი~ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 58).

არანაკლები სიდიადე მოიპოვა საქართველომ ათასი წლის შემდეგ, XII ს-ის დასაწყისში, მეფე დავით აღმაშენებლის დროს. იმჟამად თურქ-სელჯუკებისა და ეგვიპტელების გავლენის ქვეშ მოექცა პალესტინის წმიდა ადგილები. ამასთანავე, ბიზანტიის იმპერია თურქ-სელჯუკებმა ძლიერ დაამარცხეს და შეუტიეს საქართველოს. თურქ-სელჯუკები, რომელთაც ბიზანტია დაამარცხეს, უთუოდ საქართველოს საბოლოო დამარცხებასაც შეძლებდნენ. ამ დროს ჩვენს ქვეყანას ესაჭიროებოდა ისეთი დამხმარე ძალა, რომელიც თურქ-სელჯუკების ყურადღებას გადაიტანდა საქართველოდან სხვა მიმართულებით. მართლაც, ქართველთა მემატიანის თქმით, ეს ევროპელმა მეფეებმა მოახერხეს, როცა ჯვაროსნულმა მოლაშქრეებმა თურქ-სელჯუკებს შეუტიეს მცირე აზიასა და წმიდა მიწაზე. შეიქმნა ერთიანი ფრონტი ქრისტიანობის დასაცავად. ჩვენი მემატიანე დავით აღმაშენებლის წარმატებებსა და ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების დაწყებას უკავშირებს ამ პროცესებს. ის წერს: “ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია და შეწევნითა ღვთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანს ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს” (ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 325-326). მაშასადამე, დაახლოებით 1099 წელს საქართველოს აღორძინების დასაწყისად მიიჩნევა იმ ერთიანი ქართულ-ევროპული სამხედრო კოალიციის შექმნა, რომელმაც შეძლო თურქ-სელჯუკების საბრძოლო მიმართულების გადატანა საქართველოდან უფრო სამხრეთით, პალესტინისა და მცირე აზიისაკენ. მუსულმანთაგან გათავისუფლდა იერუსალიმი, წარმოიქმნა ქრისტიანული სამეფო იერუსალიმისა, რომლის მეფეც თვითონ ჩამოსულა საქართველოში დავით აღმაშენებელთან მოსალაპარაკებლად. დიდგორის სახელოვან ომშიც ჯვაროსანთა 500 რაინდის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რაინდთა სამხედრო აღჭურვილობა და ბრძოლისუნარიანობა ამხნევებდა სხვა მებრძოლებს. დიდ დავით აღმაშენებელს მემატიანე “მეორე ალექსანდრე მაკედონელს” უწოდებს, რომელმაც შეძლო ქართველი ერის კონსოლიდაცია და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად მეგობრული კავშირების შეკვრა ევროპის სამხედრო ძალებთან. მართლაც, XII ს-ის საქართველო ისევე ბრწყინავდა, როგორც ათასი წლის წინ ფარსმან II-ის დროს.

ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი გაძლიერების ვრცელი ეპოქები ეფუძნებოდა მეგობრობასა და მჭიდრო ურთიერთობას ევროპულ ქვეყნებთან.

საქართველოს ერის თავისთავადობის საყრდენი ათასწლეულთა მანძილზე იყო და ამჟამადაც არის მართლმადიდებელი სარწმუნოება. სიყვარული ამ ეროვნული სარწმუნოების მიმართ ვერ დაჩრდილა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობამ XIX ს-ის დასაწყისში. ივანე ჯავახიშვილი თავის წიგნში `დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში~ კარგად აღწერს, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ, კეთილმეგობრობის ნიღბით როგორ აუქმებდა რუსეთის იმპერია საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ძირს უთხრიდა მისი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ქართველთა შორის დაინერგა მრავალი ცრუ იდეოლოგიური წარმოდგენა. მაგალითად, ამჟამად გავრცელებული თვალსაზრისი, თითქოსდა ევროპული ცივილიზაცია მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. სინამდვილეში, მართლმადიდებელ ერთა და ქვეყანათა უმეტესი ნაწილი ევროპული სივრცის სრულფასოვანი წევრია. მართლმადიდებლური ქვეყნები: საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, შესაბამისად, ისინი თავიანთ თავს გრძნობენ უფრო დაცულად. მე მქონდა ბედნიერება, 80-იან წლებში მემოგზაურა საბერძნეთში და მომელოცა ათონის მონასტრები. იმჟამად საბერძნეთი თითქმის ისეთივე განვითარების ქვეყანა იყო, როგორც საქართველო. მეორედ, თითქმის 20 წლის შემდეგ, კვლავ ვეწვიე საბერძნეთს. სხვაობა ძალზე დიდი გახლდათ. საბერძნეთი 20 წლის განმავლობაში გაძლიერდა და განვითარდა. როცა ვიკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი, განაცხადეს, რომ შევედით ევროკავშირში და მისგან მიღებული უდიდესი ეკონომიკური მხარდაჭერის შედეგიც სახეზეაო. ასე რომ, მართლმადიდებლური ქვეყნების უდიდესი ნაწილი ევროპული სივრცის წევრია, ისინი ამჟამად ვითარდებიან და იფურჩქნებიან. ამავე სივრცის ნაწილი გახლდათ ძველთაგანვე საქართველო. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ქვეყანა, მსგავსად ბულგარეთის, რუმინეთისა და საბერძნეთისა, კვლავ დაუბრუნდება თავის მშობლიურ ევროპულ სივრცეს, რომლის ნაწილად მიაჩნდა მას თავი ათასწლეულთა მანძილზე.

მართალია, საქართველო ძველთაგანვე იყო ბუნებრივი ნაწილი ევროპული სივრცისა, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მას გააჩნდა თავისი ეროვნული იდენტობა _ საკუთარი კულტურა, რომელიც ეფუძნებოდა ქართულ ენასა და დამწერლობას. ქრისტიანობა ქართველმა ერმა მიიღო მშობლიურ ქართულ ენაზე და არა უცხო, იმჟამად საერთაშორისო ბერძნულ, ანდა ლათინურ ენებზე. ქრისტიანული კულტურის განვრცობა ევროპაში გლობალიზაციის ერთ-ერთი პირველი ეტაპი იყო. ეს კულტურა მთლიანად მიიღო ქართველმა ერმა, მაგრამ გარდაქმნა ის საკუთარი ეროვნული კულტურის ქურაში და შედეგად აღმოცენდა ეროვნულ-ქართული ქრისტიანული კულტურა, რაც ქართველი ერის თავისთავადობის, მისი იდენტობის საფუძველი გახლდათ. ამ საქმეს ემსახურებოდნენ თაობები ქართველი სასულიერო მამებისა, მათ შორის განსაკუთრებითაა აღსანიშნავი ათონის ივერთა მონასტრის სასულიერო კერა, რომელმაც შეძლო უვრცელესი ბერძნული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა-გადმოღება თავისი ერისათვის.

ჩვენ ამით იმის თქმა გვსურს, რომ ამჟამადაც, გლობალიზაციის ახალი ტალღის ეპოქაში, ქართველმა ერმა თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევები უნდა მიიღოს და გაითავისოს არა რომელიმე საერთაშორისო ენის, არამედ ეროვნული ქართული ენისა და დამწერლობის საშუალებით. თანამედროვე ტექნიკური მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები ქართულენოვანი უნდა იყოს. ჩვენი მეზობელი ხალხები უფრო მომზადებულნი შეხვდნენ გლობალიზაციის თანამედროვე ტალღას. მაგალითად, ავიღოთ თითქოსდა უმარტივესი მობილური ტელეფონი. საქართველოში ამ ტექნიკური საშუალებისათვის ვიყენებთ ლათინურ შრიფტს, მაშინ, როცა ამისათვის აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყველა მეზობელ ქვეყანაში ეროვნული საანბანო შრიფტები გამოიყენება. ამის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოზარდი თაობის ერთ ნაწილს ლათინური ასოებით უფრო ემარჯვება აზრების ჩაწერა, ვიდრე ათასწლოვანი ქართული შრიფტით. ეს თავზარდამცემი მომენტია.

ახლა მოგვიწოდებენ, საყოველთაოდ შევისწავლოთ საერთაშორისო ენები – ინგლისური და რუსული და მათი საშუალებით ვეზიაროთ თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციას. ეს არის მცდარი გზა. ჩვენ გვაქვს წინაპრების კარგი მაგალითი, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ათონელი მამების დროს X-XI სს-ში საერთაშორისო ცივილიზაციისა და გლობალიზაციის ენა ბიზანტიურ სამყაროში იყო ბერძნული, დასავლეთ ევროპაში კი – ლათინური. მათი ცოდნის გარეშე თითქოსდა ვერავინ ეზიარებოდა იმჟამინდელ ცივილიზაციას, მაგრამ ათონელმა ქართველმა მამებმა სხვა გზა აირჩიეს. მათ ის კი არ მოუწოდეს ქართველებს, რომ ყველას შეესწავლა ბერძნული ენა, არამედ თვითონ დაიწყეს ბერძნულიდან თარგმნა უზარმაზარი ლიტერატურისა და ბერძნულენოვანი ცივილიზაცია ქართული ენის მეშვეობით გაათავისებინეს ქართველთა თაობებს. ამჟამად საჭიროა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები აღიჭურვოს ქართული შრიფტით, დაინერგოს საყოველთაო საკომპიუტერო, თუ სატელევიზიო ქართულენოვნება და გლობალიზაციის ტალღა მივიღოთ ეროვნული იდენტობის სრული შენარჩუნებით. ასე უკვე იქცევიან აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, თუ არას ვიტყვით თურქეთსა და რუსეთზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე.

საბოლოოდ, უნდა ვთქვათ, საქართველო იყო და უნდა იყოს ნაწილი ევროპისა საკუთარი სახითა და იდენტობით”.

ნესტან ბლუაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები