მთავარი » სხვადასხვა

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (IV)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2011 | 1,884 ნახვა

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (I)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (II)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)

***
ციხემართლმადიდებლობით ჩვენ დავალებულნი ვართ თვით ქრისტესაგან, ასევე წმ. მოწამეებისა და წმიდა მამებისაგან, ხოლო თავისუფლებით – ჩვენი მამულის გმირებისაგან, რომელთაც სისხლი დაღვარეს ქრისტიანული სამშობლოს მომავლისათვის. ეს წმიდათაწმიდა მოვალეობაა, რომ დავაფასოთ და მომავალს ღირსეულად გადავცეთ ჩვენი მემკვიდრეობა, რომ შევინახოთ იგი და არ გავაბნიოთ. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც ადამიანურად შესაძლებელია, ხოლო რასაც ადამიანური ძალით ვერ ვაკეთებთ, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი შეწევნა მოგვივლინოს. უნდა მივიდეთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ მისი მცნებებით და ვილოცოთ, რათა შევძლოთ სიძნელეების მოგვარება. დავიცხროთ ვნებები, რათა მოვიდეს საღვთო მადლი, ვიცხოვროთ უფრო სულიერად, დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ვილოცოთ, რათა გამოჩდნენ კეთილი ადამიანები.

ყველას და ყველაფერს უფალი განაგებს, უფალივეა მფარველი და თითოეულის განმსჯელ-განმკითხველიც, იმის და მიხედვით, თუ ვინ როგორ იცხოვრა, – დაჯილდოვდებიან სიკეთის მქნელნი და დაისჯებიან ბოროტების ჩამდენნი. უფალი ბოლოსდაბოლოს ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ მძიმე წლებში ჩვენი ლოცვებითა და სიკეთით. უფალს უყვარს ადამიანი, – თავისი ქმნილება და იზრუნებს მასზე, მისცემს ყველაფერს თავის დროზე, რაც მას სჭირდება, ოღონდაც თავად ადამიანს სწამდეს და იცავდეს მის მცნებებს.

ყოველმა ქრისტიანმა მიზნად უნდა დაისახოს, რომ აკეთოს არა ის, რაც მას აწყობს, არამედ დაეხმაროს სხვებს და არასრულოს ღვთის ნება.

სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკივილშია. მას სტკივა ხალხის გამო, მაგრამ ამ ტკივილის სამაგიეროდ მას მიეცემა საღვთო ნუგეში და ადამიანიც საღვთო სიხარულისგან ხარობს. აი, რა არის სულიერი სიხარული, გამოუთქმელი და გულის წამლეკი. დღეს უფალი ითმენს იმას, რაც ხდება. იგი ელის ადამიანებისგან თავის დამდაბლებას, ლოცვას, ბრძოლას. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსებით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა ხალხზე დადებითი ზეგავლენა მოახდინონ. ქრისტიანი ფანატიკოსი არ უნდა იყოს, ის ყოველი ადამიანისათვის მაგალითს მიცემი უნდა იყოს და ყველასადმი სიყვარულს უნდა განიცდიდეს: მისთვის მსხვერპლის გაღება სიხარულის მომნიჭებელი იყოს. სიმშვიდეს სხვისთვის სიმშვიდის მინიჭება უნდა ჰგვრიდეს. რამდენადაც ადამიანი თავს ივიწყებს და იმდაბლებს, იმდენად უფრო მეტ საღვთო ძალას მიიღებს ღვთისაგან. მორწმუნე ადამიანი მამაცია, ვინც გმირულად იღუპება არ კვდება. და თუ გმირობა აღარ არსებობს, მაშინ კარგს ნურაფერს ელი. საგმირო საქმეებს აღასრულებენ ისინი, ვისაც სიმამცე და დიდი გული აქვთ და ვისაც თავის გაწირვა გადაუწყვეტიათ. სიმამაცეში ბარბაროსობა არ არის. კეთილი ადამიანი მტერს კი არ კლავს, არამედ აიძულებს, დანებდეს. ამგვარად განწყობილი ადამიანი საღმრთო ძალას ღებულობს. მოკლედ, სიმამაცე და გაბედულება ერთია და ბოროტება, სისასტიკე და კრიმინალი სრულებით სხვაა. დამნაშავის ლიკვიდაცია სიმამაცე არ არის. ნამდვილი ვაჟკაცობა და დიდსულოვნებაა დამნაშავე დააკავო და გაასამართლო, შეძლებისდაგვარად შეიწყალო კიდეც.

კეთილზნეობითა და თავგანწირვით მოღვაწე ადამიანებს არასოდეს ეშინიათ სიკვდილის, რადგან ისინი ყოველდღე ფიქრობენ მასზე, მუდამ თვალწინ აქვთ სიკვდილი, რითაც ისინი სულიერად ემზადებიან და დიდი მოშურნეობით მოღვაწეობენ. ასე ამაცხებენ ამაოებას და უკვე აქვე იწყებენ ცხოვრებას მარადიულობისა და სამოთხისეულ სიხარულში. თავი უნდა ვაიძულოთ ღვთივსათნოებით, რომ ვაკეთოთ სიკეთე, მაგრამ უნდა მივენდოთ უფალს და არა საკუთარ თავს. ადამიანში უნდა იყოს თავგანწირვის სული, რათა სიმამაცეს გულში საიმედო საფუძველი ჰქონდეს. ასეთ კაცს სიძნელეების ჟამს ღმერთი ეხმარება. მაგრამ იმისათვის, რომ უფალმა მოგვცეს საღვთო ძალა, საჭიროა ადამიანმა მისცეს მას ის მცირედი, რისი მიცემაც თავად შეუძლია. დღეს, იმისათვის, რომ სიძნელეებს საკადრისი პასუხი გაეცეს, ადამიანს საკუთარ თავში უნდა ჰყავდეს ქრისტე, რათა თვითგანწირვისთვის მიიღოს ღვთაებრივი ნუგეში.

მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ჭეშმარიტად. ჯერ არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის, – ადამიანისადმი. ადამიანი რაღაც გარკვეულ ზღვრამდე ადამიანური ძალით უნდა მოქმედებდეს. შემდეგ ყველაფერი ღმერთს უნდა მიანდოს. დახმარების მცდელობა იქ, სადაც ეს ადამიანური ძალით შეუძლებელია, ეგოიზმია. თუ ადამიანს არ სურს, მაშინ ღმერთი მის სურვილს პატივს სცემს. ამგვარად, იმისათვის, რომ ღმერთი ადამიანს დაეხმაროს, ადამიანმა უნდა ითხოვოს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი რწმენა ეს ჩვენი უდიდესი და უბოროტესი მტერია. მხოლოდ საკუთარ მე-ს მოაქვს ყველა სულიერი უბედურება. თვითონ უფალი გვეუბნება – ,,თუ გწამს ღვთის ძალა განიკურნებიო.’’ თუ ვინმე წუხს იმის გამო, რაც ამაჟად ქვეყანაზეა გემეფებული, თუკი ვინმე ლოცულობს ამისათვის, მაშინ ადამიანები ღებულობენ შეწევნას და ამასთან, მათი თავისუფალი ნება არ ირღვევა. შეწევნა მხოლოდ ტკივილიანი ლოცვით მიეცემა ადამიანს – მას უნდა ტკიოდეს ის, რისთვისაც ლოცულობს. ხოლო თუ ამ ტკივილს სულიერად მიუდგება, მას მწუხარება აღარ ექნება. სიკეთე, სინანული და აღსარება, აი, რა არის დღეს საჭირო. თუ ჩვენი გული შეწუხდება იმის გამო, რაც ამჟამად ქვეყანაშია გამეფებული, თუკი ჩვენ ტკივილით ვილოცებთ, მაშინ საღვთო ნუგეში მოგვეცემა. მთავარია სინანული ცოდვათა გამო და სიყვარული, რაც ყველას ცხოვრების წესად უნდა იქცეს. მთელი ქვეყნიერებაც კი არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან სოფელი წარმავალია, სული კი უკვდავი. თუ უსამართლობას სულიერად მიუდგები და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდები, სულიერ სიხარულს მიიღებ. არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამართლობის დათმენისას იღებ. სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკარება, მას უსამართლოდ ტკივილს აყენებენ, იგი კი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარულით ითმენს და ამარცხებს მას. როდესაც უსამართლოდ მოეპყრობიან, ამ უსამარლობის მიღებით არსობრივად ჩვენ სიკეთეს ვიღებთ. ამიტომ ადამიანზე, იმის მიხედვით, ნუ შევიქმნით აზრს, რაც გარედან ჩანს, რადგან მიხვედრა იმისა, თუ რა იმალება მასში, ჩვენს ძალებს აღემატება. ნამდვილი სინანული ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდვების გაცნობიერებისას თავდაპირველად ტკივილს განიცდის, შეინანებს, ღმერთს შენდობას სთხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ ამბობს აღსარებას. მხოლოდ ასე მოდის საღვთო ნუგეშისცემა. ადამიანი, რომელიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, როდესაც ცოდავს, გულს უნდა იმუსრავდეს და თავს იმდაბლებდეს.

ღირს თუ არა ტირილი იმის გამო, რაც სულერთია, ახლა აღარ იქნება? მართლაც, ასე რომ არ მოხდეს – მეცნიერებო, მწერლებო, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლებო, ექიმებო, მასწავლებლებო, სპორტსმენებო, სტუდენტებო, საქართველოს მოქალაქეებო, თბილისელებო, ქართველებო, ვისაც ჯერ კიდევ ,,შავლეგოზე’’ გულისცემა გიჩქარდებათ, გაიხსენეთ ვახტანგ გორგასალი, დავით მეფე, პატარა კახი, მიბრძანდით პატრიარქთან, დაუჩოქეთ, რათა ერთად გვიჩვენოს გზა და კვალი, რათა

,,შენი ივერი აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერთად სხვა ერთა შორის.’’

თუ ვინმეს შეუძლია ადამიანებს დახმარება გაუწიოს ამ ქეყანაზე, ეს ეკლესიური ადამიანებია. მძიმე წლებია… ვილოცოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო.

ტყვეობაში ყოფნისას გავაკეთე ეს პატარა ჩანაწერები, დავწერე ათიოდე ლექსი და რაც მთავარია, სულით არ დავეცი. ყველაფერი ღმერთისგან მოდის. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ქრისტიანული ცხოვრება რომ დამეწყო. რასაკვირველია, ჯერ კიდევ შორს ვარ მიზნისგან. მაგრამ პირველი ნაბიჯები უკვე გაკეთებულია. მთავარია, ღმერთის წინაშე იყო მართალი. ღვთის შემწეობით ალბათ მომეცემა საშუალება, რათა რწმენა უფრო განმიმტკიცდეს, რადგან ბედნიერება ეს არის

რწმენა
სიყვარული
თავისუფლება

,,შენ მას არ ცნობდი, არ აფასებდი,
ამპარტავანი, არად აგდებდი
რად გინდა ჭკუა, გონება, აზრი
თუ არ აფასებ განძს უძვირფასესს.

რა არის შენი ყოფა-ცხოვრება,
შენი ქონება, თანამდებობა,
ეს ყველაფერი მტვერია მხოლოდ
სულს რომ გიხუთავს და სუნთქვას გიშლის.

მაგრამ არ შედრკე, არ შეუშინდე
და არ დაკარგო ღირსება შენი,
რწმენით განმტკიცდი, გიყვარდეს ღმერთი
და ამ განძის ფასს მაშინ მიხვდები
როცა გახდები – თავისუფალი.’’

ეს წერილი დაიწერა ორთაჭალაში, N5 საპყრობილეში.,,წერა უკანასკნელი თავშესაფარია ღალატის შემდეგ.’’ აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთავარი ის კი არ არის, რაზე ხარ ნასამართლევი, არამედ ის, რაზე არ ხარ ნასამართლევი.’’ ახლა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, თუ გვინდა თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება, მთელი ერი უნდა მივიდეს ეკლესიებში, დაიჩოქოს და თხოვნით მიმართოს პატრიარქს.

,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ – უფალო, დიდება შენდა.’’

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გიორგი (სხვა) says:

    ღმერთმა სიკეთე მოგცეთ ,,ამბიონს” და მთელ შემოქმედებით გუნდს. მადლობა ქალბატონო თეონა!

    ოთხივე წერილი წავიკითხე და კიდევ ერთხელ აღვნიშნე ჩემთვის, რომ ამოუცნობია უფლის გზები! ამ წერილებში აშკარად იგრძნობა ამ პატიმარის მოქცევა და ჭეშმარიტ ქრისტიანად ჩამოყალიბება, თანაც როგორ გააზრებულად და დაბრძნილად.
    ეს პიროვნება, რომ საპყრობილეში არ მოხვედრილიყო ალბათ ასეთ დასკვნებს არ გააკეთებდა, თუმცა ასეთი გონების განათება უფლის ნებით, შესაძლებელია სხვა მდგომარეობებშიც მოვიდეს. მაგალითად ავადმყოფობისას, სულიერი ან მატერიალური გაჭირვებისას, ახლობლის გარდაცვალებისას, უკიდურესი სულიერი ბრძოლებისას და კიდევ სხვა ათასგვარ განსაცდელისას, ან კარგადმყოფობისას. მაგრამ ამ მდგომარეობას აუცილებლად უნდა მოჰყვეს, მოძღვართან მისვლა და ეკლესიური ცხოვრების დაწყება.

    ღმერთმა ყველას მოგვმადლოს გონების განათლება და ეკლესიური ცხოვრების სიყვარული!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი