12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვასაპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)

***
საპყრობილე არანაირი ბოროტება და უბედურება ცოდვაზე დამღუპველი არ არის. ყველა ადამიანურ ბოროტებათაგან მხოლოდ ცოდვაა ნამდვილი ბოროტება. საჭიროების შემთხვევაში შეცოდებას სიკვდილი ამჯობინეთ. შური ცოდვაა. შეინანეთ, თუ ვინმეს გშურთ მოყვასის სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, სილამაზე, წარმატება; ნუ იქნებით ამპარტავანი, თვითდაჯერებული, განმკითხველი, პატივმოყვარე. სულმდაბალი ბუნების კაცს ცნობ იმ სულმდაბალი თვისებებით, რომლითაც ის სარგებლობს. მოუთმენლობა, მრისხანება, უნდობლობა და უსიყვარულობა მოყვასის მიმართ წარმოშობს სულის აღშფოთებას, გონების დაბნელებას. ვკარგავთ საღი მსჯელობის უნარს, მივდივართ სასოწარკვეთილებამდე – სულიერ სიკვდილამდე. შური არის მწუხარება სხვის სიხარულზე. მრავალი ჩვენგანი ტირის მტირალთან ერთად, მაგრამ სხვისი სიხარული არ უხარია. ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე – თვით უდიდესი მეგობარიც კი. იმაზე საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს. ერიდე უფრო მეგობრების შურს, ვიდრე – მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი – ფარულად.

არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე. შენს მტერზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს, ამიტომ მშვიდად და ყურადღებით უსმინე შენს მტერს და იგი ბევრ ბოროტებაზე გაგამარჯვებინებს. ამ შემთხვევაში შენი მტერი შენი მეგობარია. არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.

მლიქვნელობა ცოდვაა. მლიქვნელი – ცბიერი და ვერაგია; ვინც გვეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის. უპატიოსნო ადამიანი გამუდმებით საუბრობს პატიოსნებაზე. მშიშარა და მხდალი უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს. ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი – უტყვია. არ ილაპარაკო მაშინ, როდესაც არ იცი. ენა არის ადამიანის ყველაზე კეთილისმყოფელი და ყველაზე მავნე ორგანო. ენა არის უსამართლობის მთელი სამყარო. მისი მოთვინიერება თითქმის შეუძლებელია, დაუკავებელია ეს ბოროტება. მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო: ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია. უკეთესად საუბრობენ ისინი, ვინც ნაკლებს ლაპარაკობენ. საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება.

უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა იყო კეთილი, იყო სამართლიანი, – აი, რა არის ძნელი. იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, უნდა იყო კეთილზნეობრივი. ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს ის, რომ შენ დიდებული, ცნობილი, მდიდარი და ძლიერი ხარ, ხშირად ეს მხოლოდ გამოცდაა შენი ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის. ვაი, იმ მხიარულ ადამიანებს, ვის გამოც სხვები ტირიან. უსიამოვნოა, როცა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად სხვათა უბედურებით ხარ დავალებული. არიან მდიდარი ღარიბებიც. ის კი არაა მდიდარი, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც კარგად სარგებლობს იმით, რაც აქვს. ყველა კითხულობს: მდიდარია თუ არა ესა და ეს? თითქმის არავინ კითხულობს: კეთილი თუ ჭკვიანი თუ არის იგი. ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი. ის კი არ არის მდიდარი, ვისაც შენზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია. რაც ნაკლები გსურს, მით უფრო მეტს ფლობ. ყველაზე დიდებული სიმდიდრე ისაა, რომ არ გქონდეს სიმდიდრის მოთხოვნილება. ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა; ასევე მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს.
სიცოცხლე ღვთის საჩუქარია. მისი განკარგვა საკუთარი და არა ღვთის ნების მიხედვით, დანაშაულია. დიდი ღვთისმოსაობითა და სიწმინდით უნდა ცხოვრობდე ყოველდღე, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდე. წმინდად იცხოვრე, რომ წმინდად მოკვდე.

არსებობს ერთი უეჭველი და გარდაუვალი შეხვედრა, ესაა შეხვედრა სიკვდილთან. არაფერია ისეთი ნამდვილი, როგორც სიკვდილი, მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული კაცთათვის, როგორც მისი მოსვლის დრო. იგი იქ წამოგეწევა, სადაც სულ ვერ იფიქრებ, მაშინ, როდესაც არ ელი, ისე, როგორც არანაირად არ წარმოიდგენდი. არ არსებობს არც ერთი წამი, რომელიც შესაძლებელია ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი წამი არ იყოს. სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია. რაც უფრო მეტ ხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მცირდება ჩვენი ცხოვრება. ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო. თავს ნუ ჩავთვლით იმის მფლობელად, რის წაღებასაც სიკვდილის შემდეგ ვერაფრით მოვახერხებთ. მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება. ჩვენ მალე დავიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით.

რატომ გვეშინია სიკვდილის, როდესაც მაინც უნდა მოვკვდეთ… ჩვენ არ გვეშინია სიყვარულის, ძილის, სამსახურის? როგორ შეიძლება გეშინოდეს იმის, რაც შენი ჩვეულებრივი ყოფაა. ჩვენ ვკვდებით იმიტომ, რომ ვცოცხლობდით.

ზნეკეთილი ადამიანისთვის მთავარია: დაე, ყველა გლანძღავდეს, – სინდისი კი გაქებდეს. ადამიანების უბედურება იმდენად მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის, რამდენადაც მათ სულიერ სიღატაკესა და სიდუხჭირეში. ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს სინდისს. სინდისი სულ პირველი წმიდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს – მარადიულსა და ნამდვილს. რაც უფრო მეტს იშრომებ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი გახდები. ადამიანი მარტო თავს კი არ უნდა იკავებდეს ცოდვებისგან, არამედ სულიერად უნდა გაიზარდოს. დროდადრო უნდა იმარხულო საზრდელისათვის, ხოლო თავშეუკავებლობისგან – გამუდმებით. ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა. თუ არ გამოიცადა ადამიანი, ვერ გადარჩება. სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სადაც სიმდაბლეა, იქ განსაცდელი არ არის. ვევედროთ ღმერთს, რომ მან მისცეს ქვეყანას სინანული და ჩვენ მის სამართლიან რისხვას გადავურჩებით. ღვთის რისხვას, რომელიც ჩვენზე მოწევნულია, სხვანაირად ვერ გავექცევით, თუ არა სინანულითა და სინანულის ნაყოფის გამოღებით, მისი მცნებების დაცვით. გონიერი ადამიანი _ ეს განწმენდილი ადამიანია და ჭეშმარიტად გონიერია იგი, ვინც საკუთარი გონება განანათლა და თავის გონიერებას საღმრთო საქმეზე ხარჯავს. თუ საღმრთო განათლება არ აქვს ადამიანს, მის ნათქვამსა და დაწერილს არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ ისეთი ადამიანები გადაგვარჩენენ, რომლებსაც რაც არ უნდა მაღალი თანამდებობა ეკავოთ, მაინც სიმდაბლით სიბრძნისმეტყველებას შეძლებენ და როდესაც ხელისუფალთ ეცოდინებათ, რომ მეფის ძალა ხალხისა და განძის სიმრავლეა.
კეთილია ხელმწიფე, ვისაც სიყვარულსა და დიდებას მიაგებს ხალხი; შლეგია ხელმწიფე, ვის წინაშეც ძრწის ხალხი; გულბოროტია ხელმწიფე, რომელიც ეზიზღებათ. ქველი მხედართმთავარი იმარჯვებს და ჩერდება, არ მედიდურობს, არ იმონებს. ლაშქრობს მხოლოდ მაშინ, ოდეს საომრად აიძულებენ. მშვიდობა და სიქველე, – აი, მისი უზენაესი საფუძველი. იგი ჭმუნავს გამარჯვების ჟამს. ვინც ზეიმობს გამარჯვებას, ზეიმობს კაცთა კვლას, ხოლო ვინც ზეიმობს კაცთა კვლას, ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს. ვინც ჭეშმარიტად მოწყალეა, დამარცხებულს არ იმონებს. ვინც ჭეშმარიტად ხელმწიფეა, გულუხვია და არ ხელმწიფობს.

ქვეყანაში მრავალი სირთულეა დასაძლევი და გადასაწყვეტი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გულწრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც ,,სიმართლეს პირდაპირ მიახლის’’ და ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს და გონივრულად ამბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა – რაღაც ჟამისთვის შესაფერისი და აუცილებელი. ადამაინი უნდა ეცადოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნამდვილი ქრისტიანი იყოს. ჩვენ უფლება არ გვაქვს გავაბნიოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტესაგან მოგვეცა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. dzalian kargs saqmes aketebt am statiebs rom wert,ertxel wakitxvitac ki sheidzleba bevr rameze daapiqros adamiani, da tundac erti wamit mainc sakutar piqrebshi scados codvebis monanieba da ketilsindisierad cxovreba.gmadlobt

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები