მთავარი » სხვადასხვა

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (I)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2011 | 2,999 ნახვა

prisonerინტერნეტ-ჟურნალი ,,ამბიონი’’ პერიოდულად, რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ საპატიმროში მარტო დარჩენილი მამაკაცის სულის ამოძახილს, რომელიც უმძიმესი განსაცდელის ჟამს საკუთარ თავში პოულობს შინაგან ძალას და აფასებს განვლილ ცხოვრებას. შევეცდებით, ნათლად წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ებრძვის ერთმანეთს პატიმარ ადამიანში უიმედობა და სასოება, როგორ ჩნდება რწმენის მოთხოვნილება და როგორ მტკიცდება იგი თანდათანობით მასში.

ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, გამძაფრებულ ინტერესს ამჟღავნებენ ციხესთან, საპატიმროებთან დაკავშირებულ ისტორიებთან. მნიშვნელოვანი იქნება, თუ პატიმრის ბანალური თავგადასავლის ნაცვლად მკითხველი უფალსმინდობილი ადამიანის მაღალი სულიერებით გაჯერებულ ნაშრომს გაეცნობა, რითაც ხელს შეუწყობს საკუთარი თავის თვითჩაღრმავებასა და თვითგამორკვევას. დააფიქრებს, რა გადაარჩენს და რისკენ უნდა მიილტვოდეს.

 

***
თავიდან მინდოდა, საპყრობილეში გატარებული დღეების შესახებ დამეწერა, იმ პატიმრებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლობაზე, რომელთა გარემოცვაშიც მე მომიწია ყოფნა. შემდეგ გადავიფიქრე. კარგად რომ დაუკვირდე, მიხვდები, თითქმის დიდი განსხვავება არ არის, საპატიმროში იქნები თუ მის გარეთ. ბევრი საპატიმროს გარეთაც ისე ცხოვრობს, როგორც პატიმარი და ზოგჯერ უფრო უარესადაც, როგორც მონა. ზოგი კი საპატიმროშიც სრულიად თავისუფალია. გადავწყვიტე ჩემ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მეფიქრა: როგორ ვცხოვრობდი, რა არ მომწონდა, რას ვანიჭებდი უპირატესობას, როგორ ვაფასებდი მოვლენებს?!

ჩვენს ქვეყანაში რთული პროცესები ვითარდება და თუ მას გონიერმა და სულიერმა ქართველებმა არ უხელმძღვანელეს, ქვეყანა შეიძლება დაიღუპოს. ვაკეთებ პატარ-პატარა ჩანაწერებს. საკანში ამისთვის დროც მაქვს და იქ შექმნილი პირობებიც გონებას, ნერვებს უფრო მგრძნობიარესა და აქტიურს ხდის. ნათქვამია: ,,არ არსებობს ცუდი და უღიმღამო დღეები, არიან ცუდი და უღიმღამო ადამიანები.’’

ეს წერილი არ არის არც საჩივარი, არც – თხოვნა, ვფიქრობ, არც აღსარებად ჩაითვლება. არ ვიცი, რა დავარქვა მას… ალბათ, ისევ – ფიქრები. ეს არის მოკრძალებული მცდელობა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართველ და არა მარტო ქართველ წმიდან, მოაზროვნეთა და რიგით მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული აზრები, წინადადებები და დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ ისინი. ალბათ, არაფერს ახალს არ აღმოაჩენთ, თუ ვიტყვით, რომ წმიდა მამათა მოწოდებები, ჭკვიან ადამიანთა შეფასებები როგორი მნიშვნელოვანიც, ჭეშმარიტებისა და სიბრძნის შემცველიც იყვნენ მრავალი ათეული საუკუნის წინ, ასევე დარჩნენ ჩვენს დროშიც.

***
2005 წლის 2 იანვარს ჩემი სულიერი დაბადების დღედ ვთვლი. ამ დღიდან ვცდილობ, ჩემს სულსა და გულში შემოვიდეს რწმენა, შევიყვარო ღმერთი და მოყვასი, რადგან ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ვითხოვთ, მივიღებთ.

სამწუხაროდ, ამ დღემდე ჩემი ცხოვრება მძიმე ცოდვებით იყო დამძიმებული. არ ვიცოდი, არ მესმოდა, რომ მთავარი იყო არ შემეცოდა, თუ შევცოდავდი – მომენანიებინა, ხოლო თუ თავმდაბლობით არ მოვინანიებდი, მაშინ განსაცდელი უნდა დამეთმინა, რადგან ეს ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობაა. რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, არ ვთვლიდი სიკეთედ. ასევე, სამწუხაროდ, არ მჯეროდა, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება. შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა – აი, ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული ყოველი დღის საუკეთესო და სასარგებლო გამოყენება. უფლით დაიწყე და უფლით დაამთავრე დღე. შეცოდება ადამიანური საქმეა, სასოწარკვეთა – სატანური. არ წარიკვეთო სასო, უფალი მოწყალეა, მაგრამ არ იყო უდარდელიც. აღიარე, რომ სცოდე და აღიხოცება შენი ცოდვები. თუ ცოდვას არ აღიარებ, კიდევ უფრო ამძიმებ მას.

ყოველივე ის, რაც არ გსურს, რომ შენ დაგემართოს, არც შენ დამართო სხვას. არ უნდა მძულდეს არც ერთი კაცი, არამედ ერთნი – სიყვარულით ვამხილო, მეორეთათვის – ვილოცო, სხვანი კი – შევიყვარო ჩემს სულზე მეტად. არ უნდა განვრისხდე, არ ვიყო შურიანი, მოკამათე, გულმწყრალი, რადგან ყოველივე ეს შობს მარადიულ სიკვდილს. მე კი, ამპარტავნებით შეპყრობილს, მეგონა, სხვაზე უკეთესი ვიყავი. განუწყვეტლივ ვცოდავდი, ვუქმეტყველებდი, არასრულყოფილად და თითქმის არ ვლოცულობდი. არ ვთხოვდი უფალს შეწევნას, რათა მესწავლა სინანული. ანგარებამ ჩემი გული მიწას მიაჯაჭვა. ხშირად საკუთარი აზრი მიმაჩნდა მართებულად; თვითგანდიდებითა და პატივმოყვარეობით ვიყავი დაავადებული.

***
სწორედ ამ ჭეშმარიტების დამვიწყებელნი ხდებიან პირფერები, ფარისევლები და მცოდავები. ყოველდღე ვესწრაფოდი ახალს და ვერ ვგრძნობდი, რომ მთავარი იყო, მიმეღწია ღვთის სიყვარულისთვის, მორჩილებისთვის, უარმეყო ჩემი მე და შევდგომოდი ქრისტეს. თუმცა არავინაა დაზღვეული, ზოგადად, რომ არ დაუშვებს შეცდომას, მაგრამ არ მჯეროდა, რომ უარყოფითი გამოცდილება იძლეოდა მონანიების შესაძლებლობას. ზიარება – ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს. ახლა მივხვდი, რომ ბედნიერება არ არის ყველა სურვილის ასრულება, ან ვინმესგან მისი მონიჭება. ბედნიერება გარედან არ მოდის, ის – ჩვენშია. ვერ ვგრძნობდი, რომ მთავარია საკუთარ თავში ხორციელი ვნებების დაძლევა და სულიერი სრულყოფილებისაკენ ლტოლვა, რაც არის ადამიანური ცხოვრების საფუძველი, რადგან ვინც დაითმენს ამგვარ სურვილებს, მიაღწევს იმ ზღვარს, რის შედეგადაც აღარ აღიძვრიან ისინი. უბედურება იყო, რომ ჩემი მრისხანება თითქმის ყოველთვის სამართლიანი მეგონა. სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე ჩვენს გულებში იწყება. ვინც ბოროტს თესავს, მისი ადგილი ჯოჯოხეთშია, ხოლო ვინც პატიობს, ვისაც უყვარს ადამიანი, მისთვის სასუფეველი უკვე აქ, დედამიწაზევეა დაწყებული. უნდა გეშინოდეს ღმერთის და იმ ადამიანის, რომელსაც ღმერთის არ ეშინია.

როდესაც ვაანალიზებ საპყრობილეში გატარებულ დროს – რა დავკარგე და რა მოვიგე, რადგან ბუნებაში აბსოლუტური არაფერია:

ცუდშიც არის რაღაც გარკვეული კარგი;
კარგშიც არის რაღაც გარკვეული ცუდი,

– და როდესაც ღვთის მიერ მოვლინებულ განსაცდელს, გულისტკივილსა თუ სხვადასხვა შეჭირვებებს ცხოვრების სასწორის ერთ თეფშზე ვდებ, ხოლო მეორე თეფშზე იმას, რაც მე აქამდე შევიცანი, – რომ რწმენის გარეშე ცხოვრება, გარდა იმისა, რომ ფუჭად გატარებული დღეებია, ასევე, რაც მთავარია, დიდი ცოდვაა, – მე ვამბობ: უფალო, მადლობა, რადგან შენ დამანახე, როგორ გარემოცვაში ვცხოვრობდი და როგორ უნდა ვიცხოვრო და როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: ,,ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ, განერიდე ბოროტსა, ქმენი კეთილი; მოიძიე მშვიდობა და მისდიე მას.’’

ჩემს თავსა და ოჯახზე მოწეულმა განსაცდელმა მიმახვედრა, რომ ამ სოფლად უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება; განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს არ ამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს, ამიტომ შევეცდები, რომ ეს განსაცდელი ისე გადავიტანო, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველ კაცს ეკადრება. დიდი უბედურებანი დიდხანს არ გასტანს, წვრილმანნი ხომ ყურადღების ღირსნიც არ არიან. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ან აწმყოზე. იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა გასავლელი. ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.

რატომ განიცდიან კარგი ადამიანები ისეთ მძიმე მდგომარეობას, როგორიცაა დევნა, სიღატაკე? იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა მათგან ტანჯვა ისწავლონ. კეთილი ადამიანები იმისთვის არიან შექმნილნი, რათა მაგალითნი იყვნენ. მიწაზე უნდა იარო, მაგრამ ზეცის მოქალაქე უნდა იყო. ნეტარება და ნუგეში მაშინ ეძლევა კაცს, თუ ის იმის გამო ტირის, რომ არასრულყოფილად და უღირსად ემსახურება უფალს და იმსახურებს მის რისხვას. სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც მოვა დრო ცოდვებზე გამარჯვებისა. არც თუ იშვიათად მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან არა უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ – მართალთა გამოსაცდელად. მწუხარებაში სასოს ნუ წარიკვეთ, ბედნიერებაში კი ნუ განდიდდები. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. ყოველგვარი ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო დასასრული ყველა ბოროტებისა – ვერცხლისმოყვარეობა. უგუნურება და სისულელეა თავი აიმაღლო და სხვებზე უკეთესი გეგონოს მხოლოდ წარმომავლობის გამო, რომელიც ცნობილი მშობლებისგან, ან წინაპრებისგან გადმოგეცა. ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ბაძავ. კეთილშობილება არა წინაპართა წარჩინებულობაა, არამედ – ზნეობრივი უბიწოება.

არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე იცოდე საკუთარი უძლურება და უცოდინრობა, და არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე არ იცოდე ეს. მანამ არ დაიძინო, ვიდრე არ გააანალიზებ ცოდვებს, რომლებიც დღის განმავლობაში ჩაიდინე. არაფერია სახელოვანი იმ გამარჯვებაზე, საკუთარ თავზე რომ მოიპოვებ. ადამიანი მოყვასს ისე ვერ ავნებს, საკუთარ თავს რომ არ ავნოს. უგუნურს ასჯერ უფრო მეტად ეზიზღება ჭკვიანი, ვიდრე ჭკვიანს – უგუნური. ბოროტ და გარყვნილ ადამიანებს მუდამ სძაგდათ მართალნი, კეთილნი და წესიერნი, სდევნიდნენ მათ და ყოველთვის გააგრძელებენ მათ დევნას. ამ დევნის საფუძველია სიმართლის სიძულვილი. არა ზოგადად სიმართლისა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სიმართლისა, სამსახურეობრივი და სხვა, არამედ ყველაზე ნამდვილი და არსებითი სიმართლის სიძულვილი, რომელიცაა ქრისტესმიერი სიმართლე…

(წერილის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ)

მოამზადა თეონა ნოზაძემ

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (II)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (III)

საპყრობილეში მყოფის ფიქრები (IV)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • შო says:

    მე თქვენს სტატიებს თითქმის ყოველთვის ვკითხულობ,როგორც კი ამის დროს ვიპოვი და დიდი გულშემატკივარი ვარ თქვენი ინტერნეტ – ჟურნალის. მომწონს ის საქმე რასაც აკეთებთ.ავტორს მინდა უთხრა,ქალბატონო თეო ძალიან კარგი თემაა ნამდვილად რომ ასეთ წერილებს აქვეყნებთ, ძალიან კარგია თუ სხვა კუთხითაც აღვწერთ ციხეში ყოფნის პერიოდ თუ როგორო არასასურველი და დამაზარალებელია იქ მოხვედრა ადამინებისთვის,რადგან დაინახოს ახალგაზრდებმა და იმ თაობამ რომლების მარტივად უყრებენ ამ საკითხს.ეს არც ისე სასიამოვნოა და მეტიც ძალიან უარყოფითია.მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სისტემას, ვიცნობ ბევრ პარიმარს, ნებისმიერი სასაჯელით, მაქვს მათთან ახალო ურთიერთობა და მეტიც მათი ტკივილიც მტკივა ხშირ შემთხვევაში, გადამეტებული მგრძნობიალობის გამო, თუმცა ამით ნამდვილად ვერაფერს უმსუბუქემ. მაგრამ ისეთი ადამინებიც მინახავს ვისაც ვერ დაუღწევია თავი დანაშაულის ჩადების სურვილიდან, ვინც იგივედ იმეორებს და უკან ბრუნდება, ალბათ ვერ პოულობენ საკუთარ თავს და ვერ აცნობიერებენ კარგსა და ცუდს.ყოველთვის როცა ვტრიალებ ახალგაზრდებთან ჩამს მეგობრებთან, მათ მეგობრებთან და ვურჩევ ისეთი ქმედებები არ ჩაიდინონ რაც სწორედ დასჯადია და პატიმრობას გამოიწვევს ისინი უბრალოდ
    მაპსუხობენ ,,მერე რა ცოტა ხანი ჩავჯდები,, და მსგავს მოსაზრებებს.კარგია რომ მათ ამ წერილებით ნახონ რას განიცდიან იქ მყოფი ადამინები, რა რთული და მტკივნეულია ჯერ ჩაიდინო ცოდვები, მერე დაისაჯო კანონით და სულიერად იბრძოლო მონანიებისა და სიმშვიდითვის, ბევრს უჭირს იმის მიღწევა რაც სტატიაშია აღწერილი. კარგია რომ გააგრძელებთ ამ თემას მე წარმატებას გისურვებთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი