საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ჟურნალისტებს დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო.
“როგორც საზოგადოების ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე აღელვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედამ ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 12:00 საათიდან დღის ბოლომდე იქ დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები – ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ემთხვიონ მათ.
მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავიანთი შვილები. თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს. იგივეს აღასრულებენ მღვდელმსახურები თავიანთ ეპარქიებში.
ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რათა ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს, ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რათა ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მე მინდა ქართული სულის გადაგვარებაზე მოგახსენოთ, დიახ იმ ქართული სულისა რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავდა და დღეს საქართველოში რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს გეების აღლუმი იმართება……. ენით აუწერელი სინანული გამიჩნდა იმ დაღუპული ყველა მოწამის მიმართ და ყველას მიმართ ვისაც ქართული სულიერებისათვის თავი დაუდვია. დიდი ეჭვი გამიჩნდა-ღირდა კი?
აქ ჩვენ ქართულ სულს ვამაგრებთ და ველოლიავებით ლოცვით და უფალთან სიახლოვით, რომ ევროპულ ცივილიზაციაში არ აიდღვიბოს და ამ დროს რა ხდება…..
„მამა გაბრიელის” გვერდზე ამოვიკითხე ასეთი წინადადება:
„ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში, რომ შეგვიძლია ადვილად გავწიროთ ერთმანეთიო” და კიდევ „ქართველების პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ევროპელები არ ვართ, არამედ იმაში, რომ მუდმივად ვცდილობთ დავუმტკიცოდ ევროპელებს ჩვენი ევროპელობაო”
დიახ, პრობლემა ქართველებისა იმაშია, რომ მუდმივად ვცდილობთ დაუმტკიცოთ ევროპელებს ჩვენი ევროპელობა.- ჩვენმა მტკიცებამ ევროპელობის გამო გამოიწვია 17 მაისის აქციის „აუცილებლობა” . რას ვუმტკიცებთ ევროპას? ვის უფრო მეტი გეების ორგანიზაცია ყავს თუ ვის უფრო მეტი გეების დამცველი ყავს, ვინ უფრო ტოლერანტია თუ რომელი უფრო ევროპულად ცივილიზებულია? რატომ არ ვცდილობთ უფრო სხვა რამეში მივბაძოთ ევროპას? იმაში რაც მართლა მისაბაძი და მისაღები აქვთ?
ეროვნული, მართლმადიდებლური ზნეობის შელახვა ჩვენთვის ერთ-ერთ პირველ საფეხურზეა, თუმცა ჩვენივე ხელით ვანგრევთ და ვანადგურებ მას…..
ვიტყოდი, რომ 17 მაისს ქართველი მოსახლეობა რამოდენიმე ათეულ ზნედაცემულს კი არა და მსოფლიო უზნეობას შეებრძოლება ლოცვით და ზნეობრივი ღირებულებებით.
ამ დროს მაგონდება ლევან ვასაძის სიტყვები ანუ ნაწყვეტი „ლევან ვასაძის წერილი შვილს”:
„ისინი იტყვიან, რომ შენი სამშობლოს წესები აღარ არსებობს, შენ კი მაინც მაგ წესებით იცხოვრე”
დიახ, ჩვენ ისევ იმ მოძველებული ანუ „მოდიდან გადასული” წესებით უნდა ვიცხოვროთ თვითმყოფადობისათვის, ჩვენი ქართველობის გადარჩენისათვის და თუ შენი სამშობლოს წესებით იცხოვრებ, „არასოდეს შეგეპაროს ეჭვი მის დიდებულ აღდგომაში”.
ინგა ბასხაჯაური.