მთავარი » ქრისტიანობა

საპატრიარქო იშხნის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2013 | 1,873 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის ტაძარზე მიმდინარე რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების დროულად ჩართვას ითხოვს.

“ა.წ. 6-7 ივლისს, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას და ქართული ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც. სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით, ჩვენ არ მოგვცეს ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ გარედან მოვახერხეთ დათვალიერება. როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მინდა ვთხოვო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან, შესაძლო უხეში შეცდომებისაგან დავიცვათ ეს ძეგლი”, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე (ჭუაძის) განცხადებაში (09.7.2013)

იშხანი

თუ როგორ მიმდინარეობს იშხნის რესტავრაციის პროცესი, „ამბიონი“ კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელ ლევან წიქარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც იშხანში მიმდინარე სამუშაოებს თვალს ადევნებს და ყოველ კვირას ტურებიც ჩაჰყავს.

ლევან წიქარიშვილი კვირიდან კვირამდე ტაძარზე განხორციელებული ცვლილებების დაფიქსირებას მხოლოდ შორიდან ახერხებს, ვინაიდან ეზოში შესვლის უფლება ტურისტებს არა აქვთ.

“იშხნის სარესტავრაციო სამუშაოები ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება. რეკომენდაციები, რაც ქართულმა მხარემ გადაუგზავნა თურქულ მხარეს აუცილებლად საჭიროებს თვალის მიდევნებას თუ რამდენად ასრულებენ და რეალურად რა სიტუაციაა სარესტავრაციო პროცესის მიმდინარეობისას. რეკომენდაციებში აღნიშნული 400 დღიანი ვადის არათუ გაზრდა, არამედ ამ ვადის შესრულებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადგილზე იშხნის სამუშაო პროცესში ჩართულნი აცხადებენ, რომ სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, თუმცა მშენებლობის ძირითადი ეტაპი აგვისტოში დასრულდებაო.

ბოლო ორი თვის განმავლობაში კვირიდან კვირამდე ელვის სისწრაფით იცვლებოდა მდგომარეობა იშხნის ტაძარზე. დასავლეთ მკლავის ჩრდილეთ კედელი შევსებულია ქვების ახალი წყობით. ფაქტობრივად, ფასადმა დაკარგა პირვანდელი სახე და ტაძრის მშენებლობის ერთ–ერთი ეტაპის პირვანდელი სახით აღქმა შეუძლებელი ხდება. ქვათა ამგვარი წყობა პროექტშიც ჩანდა, რომელზეც ქართულ მხარეს რესტავრაციამდე მიუწვდებოდა ხელი, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა გამახვილებული ყურადღება. დასრულებულია გურგენისეული მცირე ეკლესიის გარე ნაწილი, ამოშენებულია კედლები და მოპირკეთებულია. ამ ტაძარს მთლიანობაში არ დაუკარგავს სახე და ეს ამ სამუშაოების დადებით ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. იშხნის დასავლეთ კედელს აქვს ბზარი, რაც ზრდიდა რისკს ტაძრის დაზიანებისას გადახურვის შემთხვევაში. კედლის ძირში გასამაგრებლად თხრილი იყო. ოთხი დღის წინ ეს თხრილი ამოვსებული და გადასწორებულია. გასარკვევია თუ რამდენად კვალიფიციურად მოხდა ამ კედლის საძირკვლის გამაგრება. დაწყებულია გადახურვის სამუშაოები. დასავლეთ მკლავის გადახურვისსათვის უკვე მიმდინარეობს ხის კონსტრუქციების მოთავსება. გადასამოწმებელია რამდენად არის დაცული არქეფაქტაბი. რადგან ეზოში ალაგ–ალაგ შეხვდებით მოჭიქული კრამიტის ფრაგმენტებს, რომლებიც სრულიად უგულისყუროდაა მიყრილი. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე და იმ ჩიხში შესული პროცესებიდან რომელიც ქართული მხარის ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამ ეტაპისათვის ალბათ აუცილებელია ქართულ მხარემ მითხოვოს მიმდინარე სამუშაოების ანგარიში მაინც. ან მიწოდებული რეკომენდაციები გადააკონტროლოს მაინც. რაც სამწუხაროდ დღემდე არ განხორციელებულა,”-აღნიშნავს ლევან წიქარიშვილი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი