2013 წლის 17 ივლისიდან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა მინისტრის ხათუნა გოგალაძისა და
პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის გია ცაგარეიშვილის ბრიფინგი. ბრიფინგის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია:
კერძოდ, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერისათვის, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებისათვის – ნაცვლად 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმისა უკვე გათვალისწინებულია 2000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების, ასევე, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
ცვლილებების მიხედვით, პირს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფაქტის გამოვლენის დროს მას არ აღმოაჩნდება უკანონოდ მოპოვებული თევზი ან სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ცალსახად დგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სანქციები, უფრო ლიბერალური გახდა აღნიშნული მუხლის ზოგიერთი პუნქტი. კერძოდ, თუ ცვლილებამდე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდებოდა სამართალდარღვევის იარაღისა და დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ერთდროულად ჩამორთმევა, დღეს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პირველ ჯერზე ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ხდება მხოლოდ უკანონოდ მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჩამორთმევა. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი იზრდება ჯარიმის ოდენობა და უკანონოდ მოპოვებულ ობიექტთან ერთად ხდება სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევაც.
ტარიელ ნაფეტვარიძე (მეთევზე): „მივესალმები უკანონო თევზჭერაზე კონტროლის გამკაცრებასა და სანქციების გაზრდასაც. სამწუხაროდ, ძალიან ხშირი იყო ელექტრონული ხელსაწყოთი თევზჭერის შემთხევევი. ეს ცვლილება დროზე ადრე, რომ შემოეტანათ, წყლის ცოცხალი ორგანიზმების არაადამიანურად განადგურებასაც თავს ავარიდებდით. ხალხს ძალიან უჭირს და ბევრი მეთევზე თევზჭერის ამ ფორმას საჭმელი ფულის მოპოვების მიზნით მისდევდა. თუმცა, ეს ალბათ გასამართლებელი მიზეზი არაა. ახალი ცვლილების მიხედვით ჯარიმების თანხა საკმაოდ სოლიდურია. იმედია, დაჯარიმების „შიშით“ მაინც შეწყვეტენ ელექტროდენით თევზების ჭერას“.
საქართველოში მეთევზეობას უძველესი ისტორია აქვს. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი (I ს.) აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე დასახლებულ ქართველ ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგია მეთევზეობა. გვიანდელი ფეოდალური ხანის დოკუმენტების მიხედვითმ, ყმა-მეთევზეები თითქმის ყოველ ფეოდალს ჰყავდა. საქართველოს მდინარეებსა და ტბებში თევზის სიუხვეზე მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილი. თბილისის ბაჟის ნუსხებში მოხსენიებულია, რომ ბაზარზე ხშირად გამოჰქონდათ ზუთხი, ორაგული და სხვა ნედლი თევზი. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნება (წყალსატევების სიუხვე) საშუალებას იძლევა ტბორული მეთევზეობის განვითარებისა და თევზის ფართოდ აკლიმატიზაციისათვის.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ კანონში შეტანილი ცვლილებები, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე.
მოამზადა თეონა ნოზაძემ

დაგვიანებულია, მაგრამ მაინც მივესალმები ამ ყველაფერს!!!
ამ მიმართულებითაც სრული განუკითხაობაა ჩვენს ქვეყანაში, უმოწყალოდ ნადგურდება ყველა სახეობის და ასაკისთევზი.
ისე როგორც ბევრ მნიშვნელოვან საკითხში აქაც საჭიროა სახელმწიფოს ნება და ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ მოგვარებისკენ წავიდეს საქმე.