სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,უწმიდესი და უნეტარესი ილია ll
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. როგორ იცვლება ადამიანი? საით მიდის იგი? -ეს უნდა გვაწუხებდეს ჩვენ.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის,რომ სიკეთისკენ შევიცვალოთ? წმ. ანტონი დიდის ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:ილოცე და იშრომეო. იგი ამის შემდეგ წმიდა პატარა ვედროებს და ყიდდა. წმიდა მამების ლოცვა-კურთხევით, ადამიანი თავისი შრომით უნდა არსებობდეს. დღეს გადავეჩვიეთ შრომას.ჩვენი წინაპრები ღამეც კი შრომობდნენ. ისინი ნატრობდნენ, რომ ერთი დღის სახნავი მიწა მაინც ჰქონოდათ.დღეს კი მოცდენილია მიწა,ხალხს ეზარება მისი დამუშავება. მიზეზი კი ტექნიკის უქონლობაა.ტექნიკა კარგია,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავსხდეთ და არაფერი ვაკეთოთ. უცხოეთში არის ასეთი წესი: ქმნიან კოოპერატივებს, რომლებიც გლეხებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ისინი ამუშავებენ მათ კუთვნილ მიწებს ტექნიკით და მიღებული მოსავლის ნაწილს აძლევენ მათ. ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი რამ არ არის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ღმერთმა მოგვცა ჩვენ საოცარი მიწა და წყალი. ძველი ადამიანები ამბობდნენ, რომ სიღარიბემ შეჩვევა იცისო. მან იმდენი უნდა იშრომოს, რომ ჰქონდეს ზამთრის მარაგი. ასე რომ, შრომა საჭიროა ადამიანისთვის. მე მახსენდება ჩემი ვიზიტი აფრიკაში. იქ არის ერთი მცენარე, რომელიც ნაყოფს ისხამს მიწაში. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაყოფს აგროვებს და ამით კმაყოფილდება. მათ არ აქვთ არც სახლი, არც ქონება. ძალიან ცოტა ხანი ცოცხლობენ. 30-40 წლისები უკვე მოხუცებულები არიან.
დღეს თანდათან იცვლება სოფელი. ზოგი ქალაქში მიდის, ზოგი – უცხოეთში. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, რომ საზღვარგარეთ მიდიან ქალბატონები. ეს არის დამამცირებელი ჩვენთვის. წინათ მამაკაცს შეჰქონდა სახლში, ახლა კი პირიქით ხდება. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სოფელზე. ახალგაზრდობა მიდის ქალაქში და სოფელი უკაცრიელი ხდება. ხშირად უცხო ტომის ხალხი იკავებს ჩვენს სოფლებს. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი უნდა დალაგდეს.
ადრე ასეთი წესი არსებობდა, სადაც იყო ადამიანი ჩაწერილი, იქ უნდა ეცხოვრა. დღეს ასე აღარ არის. ყველას შეუძლია იქ იცხოვროს, სადაც სურს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ხალხი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. თუ ასე გაგრძელდა და დაცარიელდა სოფელი, რა ეშველება საქართველოს? სოფელი ხომ მარჩენალია ქალაქებისა. ამ ჩაწერის სისტემით ვაკავებდით ხალხს სოფელში, მაგრამ უბრალოდ დაკავება არ კმარა. სოფლელ ხალხს უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ დარჩნენ სოფელში. ვფიქრობ, კარგი იქნება, სოფლებში აშენდეს საწარმოები, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
ერთი მოვლენა, რომელიც ძალინ უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე, არის კრედიტი ბანკიდან. ვიცი ერთი შემთხვევა, შვილიშვილის ავადმყოფობის გამო ადამიანმა ბანკიდან აიღო კრედიტი, ეს კრედიტი ვერ გადაიხადა და ამის გამო ბინა დაკარგა. მინდა მივმართო ჩვენი ბანკის მფლობელებს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ. ბანკს უნდა გააჩნდეს სპეციალური ფონდი, რითაც იგი დაეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ილოცეთ, იშრომეთ და ღმერთი მოგცემთ ბარაქას.
მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმ

დიდება უფალს…მე ვწერ ემიგრანტი დედა-ბებია,რომელიც 3წელია იტალიაში ვარ. აქ მარტოდ დარჩენილმა სხვაგვარად დავინახე ყველაფერი…პატრიარქი მართალს ბრძანებს უნდა ვიშრომოთ,მე მაგ გზაც ვცადე არც ყანის და მიწის დამუშავება ვითაკილე,არც ოჯახში ფრინველის და ცხოველის მოვლა,მაგრამ როცა სახელმწიფოდან სრულიად გავირიყეთ სამუშაოები გაგვიუქმდა, შვილების სწავლა-გაზრდა მტრის მოყვრის,ავადმყოფობის და სხვა საჭიროების გამკლავება ძნელი გახდა,ოჯახის დატოვება უკიდურესი არჩევანია დედისთვის,რომელიც ფეხმძიმე შვილს,13წლის ბიჭს, ქმარს ტოვებ და საკუთარ ჯვარს ათმაგად ამძიმებ,მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა საქართველოს დანგრევამ,ვფიქრობდი ეს მძიმე წლები გადავატანიო ოჯახს და მალე უკეთესობა გვექნებათქო მაგრამ სადააა?????10 სულიან ოჯახში 3ბავშვი ,ერთი სტუდენტი და 6 უმუშევარია,უნივერსიტეტ დამტავრებული შვილები,სიძე სად არ ცდიან ბედს და აგზავნიან სივს,მაგრამ ამაოდ,რადგან საქართველოში ნაცნობობა და კორუფცია ოდითგან იყო,…მეუღლე,რომელიც რუსეთში მუშაობდა და მშენებელი ინჯინერია და ყველა ხელობას ფლობს ხელოსნის ადგილს ვერ პოულობს,….რა ხდება???ვის უნდა უმუშევრობა,ოჯახიდან გადმოხვეწა….ცრემლით ვწერ ამ სტრიქონებს,არავინ ფიქრობს მასებზე, ჩემი თაობა – 40დან 50წლიდან გაგვრიყეს,წაგვართვენ სამშობლო,სამსახურები,ოჯახები- მონებად გვაქციენ და გულის ტკივილი და ცრემლია ჩვენი ყოფა,ჩვენ შევეწირეთ ოჯახების გადარჩენას,მაგრამ ახალგაზრდების ცხოვრება ხომ უნდა შეიძლებოდეს…სად უშვებს სახელმწიფო ამდენ ჯანსაღ ფონდს,საქართველოს მომავალს ….რატომ გამორბიან საკუთარი ოჯახებიდან და აქ არეული თუ შერეული ოჯახებს კმნიან,აჩენენ შვილებს და მატი 80%დაკარგულია საქართველოსთვის,აი ესაა გენოციდი…ამას უნდა შველა საქართველოზე კარგი ადგილი არ არსებობს ქართველისთვის,მაგრამ როცა იქ საკუთარ ადგილს არ გიტოვებენ,გწირავენ ძნელია მიწის მოსავლის იმედად გაიტანო ლელო…ამიტომ ამ საკითხზე იფიქროს ყველამ სამუშაო და ელემენტარული პირობა შექმნან მაქეთ,რომ მაგ მადლიან მიწაზე ქართველმა იცხოვროს,იმრავლოს და არა ათასმა გადამთიელმა…..ბოდიში თავს მოგახვიეთ ჩემი ტკივილი…ღმერთმა დაგლოცოთ!!!
ქალბატონო მანანა, ეს მარტო თქვენი კი არა სრულიად საქართველოს ტკივილია, ყველაფერში გეთანხმბით.ღმერთმა ქნას რომ ამ ქვეყანაში ისეთი პირობა და სახელწიფო სტრუქტურა შეიქმნას რომ ყველა გადახვეწილი ქართველი დაბრუნდეთ სამშობლოში. ღვთისმსობელი ფარავდეს ყველა ქართველს, განსაკურებით კი ემიგრანტებს..
ამინ…