25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (6 მარტი, 2011 წელი)

საკვირაო ქადაგება (6 მარტი, 2011 წელი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა
და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება
-წარმოთქმული შენდობის კვირას

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს განსაკუთრებული დღეა, დღე სულიერი განწმენდისა…

სადაც სინანულია, იქ არის განწმენდა და იხსნება გზა სასუფევლისაკენ, სულიერი ამაღლებისაკენ…

ამიტომ დღეს ჩვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა ყველას, ვისაც მივაყენეთ შეურაცხყოფა, ან ცილი დავწამეთ. შევურიგდეთ მათაც, რომელთაც ჩვენ მოგვაყენეს ტკივილი.

ვინ არის ადამიანი? – ამას ვერავინ ახსნის. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და ეუფლება ბოროტება, რაც ტანჯავს მას.

როგორ შეიძლება ხატება ღვთისა იყოს ცოდვილი?

ადამიანი შექმნილია თავისუფალი ნებისყოფით და მიწიერ ცხოვრებაში თვითონვე ირჩევს სიწმიდესა თუ ცოდვას, სასუფეველსა თუ ჯოჯოხეთს.

ცოდვა ისეთი რამაა, რომელსაც ვერ ახსნი, საიდან მოდის. თქვენ წარმოგიდგენიათ საშინელი ავადმყოფობა, როგორიც არის კიბო (ღმერთმა იხნას ყველა). ეს დაავადება ჩნდება ჯანსაღ უჯრედებში, არ გააჩნია ნიშნები და საზრდოობს ამ ჯანსაღი უჯრედებით. ადამიანი რომ გარდაიცვლება, კიბო კვდება… ამიტომ ჩვენ ვართ მინდობილი უფლის ნებას, ღვთის ნება კი ადამიანის ცხონებაა.

უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანი ჩაწერილი იყოს “წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა”.

როდესაც გაიხსნება მეორედ მოსვლისას წიგნი, იქ უნდა ეწეროს ჩვენი სახელები.

როდესაც ჩვენ შევდივართ საკურთხეველში და ავდივართ კიბეზე, ხშირად ვთხოვ უფალს, განსაკუთრებით სრულიად საქართველოსთვის, რომ ყველა ადამიანის სახელები “წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა” იყოს ჩაწერილი.

ადამიანი ურთულესი პიროვნებაა. ძველ რომაელებს უთქვამთ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად.

იბადება ადამიანი, საყვარელი არსება, ჩვენი შვილი. ვუვლით და ვზრუნავთ მასზე, ის სიყვარულის ობიექტია.

მაგრამ წამოიზრდება, ხდება 14-15 წლის და იწყებს მშობლების კრიტიკას.. ხშირია შემთხვევა, როცა შვილი ოჯახიდანაც კი მიდის, რადგან არ ეთანხმება მშობლების აზრს. თუმცა მშობლებისაგან შორს წასული ადამიანი უძღები შვილივით ისევ მამასთან ბრუნდება. წლები გადის და შვილი ისეთივე ხდება, როგორიც მისი მშობლები იყვნენ.

ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მიწიერი ცხოვრება არ შეიძლება სამოთხე იყოს. ბევრი ფიქრობს, ის სამოთხედ აქციოს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ეს სამოთხე ჯოჯოხეთად იქცევა. შესაძლოა ერთ დღეს ადამიანმა ყველაფერი დაკარგოს, რა ქონებაც მას გააჩნია.

ერთი მოხუცებული ებრაელი ამბობდა: თუ შენ დაკარგე ქონება – არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა _ შენ შეიძლება კიდევ ცოცხალი იყო და თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა – ყველაფერი დაკარგულია.

გვიხსნას უფალმა ასეთი მდგომარეობისაგან. მადლი არ უნდა დავკარგოთ.
მადლი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია.

როგორც უღრან ტყეში ღამით შესული ადამინი, რომელმაც არ იცის, სად წავიდეს და წინ მიუძღვება ანთებული სანთელი, ასევეა მადლი ღვთისა.

დღეს ეს მადლი ერთმანეთის პატიებით უნდა მივიღოთ. ვინც პატიებას ითხოვს, უფალი უკვე მასთანაა.

მაცხოვარი ბრძანებს: როგორც ზომავთ, თქვენც ისე მოგეზომებათ. როგორც შენ მიუტევებ ცოდვებს მოყვასსა შენსა, ასევე მოგეტევება შენ.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი და ნათელი ქრისტესი, რომელიც განგვანათლებს და მუდამ ჩვენთან იქნება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და უფალმა ინებოს, რომ მთელი საქართველო წარსულში, აწმყოსა და მომავალში იყოს მკვიდრი სასუფევლისა. ამინ!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. ასე თუ ისე მეტნაკლებად, ყველას აქვს ცოდვები. მათ შორის მეც. თუ გინდ იმიტომ რომ მკაცრი დღეებია, და ვარ უკმაყოფილო. ხანდახან გულზე დიდი დარდი მომედება, ვერ ვხედავ ხვალინდელ დღეს. რომელიც შეიძლება შვებად ჩაითვალოს. და მე უარესს უყურებ, ამიტომ ამ დროს ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, ჩავდივარ დიდ ცოდვებს… მიიღეთ ჩემგან ეს აღსარება და მომიტევეთ. რომ არაფერი მაქვს ღმერთთან სადაო. იყოს ჩემთვისაც, და თქვენთვისაც, ხვალინდელი დღე ისევ მალამო.

  2. მზაღო ნინო გამარჯობათ!

    რაც ვაკვირდები ბოლო დროის კომენტარებს, ვხედავ რომ თქვენ ,,ამბიონის” გულშემატკივარი და ბლოგერი გახდით.
    გაიხარეთ!

  3. სალამი თორნიკეს.
    პირველრიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ კომენტარისთვის,და ვთქვა. ნამდვილად შემტკივა გული. ვკითხულობ ,და ვწერ იმისთვის რომ მეტნაკლებად გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი,თუ რა ყოფაშიცაა დღეს ჩემი სამშობლო. მინდა ყუელას გაუთენდეს.და გამრავლდეს ერი………….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები