მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (31.07.2011)

საკვირაო ქადაგება (31.07.2011)

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი და დეკანოზი ბიძინა გუნია

ეპისკოპოსი იაკობი: “ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო.
გილოცავთ ჩვენი უწმიდესისა და დელეგაციის მშვიდობით დაბრუნებას.

სამებადღეს მინდა ერთ საკითხს შევეხო: სანამ უწმიდესი წაბრძანდებოდა, ამ ამბიონიდან იქადაგა და ყველასთვის გასაგებად შეეხო ისეთ თემებს, რაც გაინტერესებდათ, მაგრამ როდესაც უწმიდესი უკვე უნდა გამგზავრებულიყო, პრესაში აჟიოტაჟი ატყდა. დაიწერა გამოგონილი და სინამდვილისათვის შეუსაბამო ბევრი რამ. ამით უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებთ. ალბათ, ვიღაცას სიმშვიდე არ უნდა და უწმიდესი რომ ტყუილს არ იკადრებს, ჩვენ კი თუ ისე გვიცნობთ, რომ ვინმეზე ნაკლებად გვიყვარს საქართველო, ან ჩვენი დედა ეკლესია, მაშინ შეიძლება პრეტენზიები გქონდეთ. სიცრუე ჟურნალ-გაზეთებისა თუ რადიოგადაცემების მეშვეობით, სამწუხაროდ, თავადაც მომისმენია. ინფორმაცია საიდან ჰქონდათ, ან ვისგან, არ ვიცი. ეს არის მცდელობა, რომ შიგნით, ეკლესიაში დაგვაპირისპირონ. რა კანონიც არ უნდა მიიღონ, ან არ მიიღონ, ამით ეკლესიის მდგომარეობას ვერ შეარყევენ, ეს მინდა იცოდეთ. საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს ქართულ ეკლესიას და არც სახელმწიფოსგან არ გააჩნია ისეთი რამ დამოკიდებულება, რაც საზიანო იქნება ეკლესიისთვის. შეიძლება ზოგჯერ არასწორი ფორმით ხდებოდეს რაღაც, მაგრამ იმასაც, დიდი აჟიოტაჟის გარეშე, ჩვენ თვითონ, ვისაც საქართველო და დედა ეკლესია გვიყვარს, ღვთის შეწევნით, აუცილებლად ერისთვის სასიკეთოდ მოვაგვარებთ.

ასე რომ, თქვენ სხვა რამეზე უნდა იფიქროთ. თქვენ თქვენი სულებისთვის უნდა იზრუნოთ.
როდესაც უწმიდესი გამოდის და თავისი საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ქადაგებს, ეს ჩვენთვის ბრძანებაც უნდა იყოს და ლოცვა-კურთხევაც. ნუთუ რომელიმე ჟურნალისტს, რომელიც სტატიებს წერდა, ჰგონია, რომ უწმიდესზე, ან ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო?! იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენზე ნაკლებად უყვარს?! უბრალოდ, მოდით, ნუ შევეხებით ისეთ თემებს, გამოგონილ რაღაცებს, რაც ზუსტად არ ვიცით.

უწმიდესმა მოკლედ, მაგრამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ერის მამას და ყველასათვის გასაგები იყო, სასულიერო პირი იქნებოდა ეს თუ მრევლი.

მთავარია ერთი რამ იცოდეთ: დედა ეკლესია არასდროს მიგატოვებთ. ამის იმედი გქონდეთ. ნურაფრის გეშინიათ. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, ამ ტყუილ აჟიოტაჟებს ნუ ავყვებით, რადგან სინოდის შეკრებაზე მეც ვიყავი და ვიცი, რაც არ იყო, ის წერია პრესაში. რაღაცები გაიგეს და არასწორად მოაბეს კუდები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სულიწმიდის მადლით აგავსოთ და დროა ვისწავლოთ თითოეულმა ჩვენგანმა ის, რომ როდესაც გვაკურთხებენ, მორჩილებითა და სიყვარულით აღვასრულოთ ის კურთხევა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ერი გაძლიერდეს, ჩვენი დედა ეკლესია იყოს მტკიცე და საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი კარგად ცხოვრობდეს, პირველ რიგში, მორჩილები უნდა ვიყოთ, რადგან თავად უფალი იყო მორჩილების უდიდესი მასწავლებელი. მამა ღმერთმა აკურთხა და ძე ღმერთმა მორჩილების მაგალითი გვიჩვენა. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ აუცილებლად. ნუ ვატკენთ გულს უფალსა და უწმიდესს. უნეტარესი გამოდის, ბრძანებს და მეორე დღეს ახალი ძალით იწყება მორიგი აჟიოტაჟი. რა გვინდა, შფოთის შემოტანა გვსურს ეკლესიაში?! უნდა შეგვეშინდეს, როცა მსგავს თემაზე ვწერთ, ან ვსაუბრობთ! ჩვენ თუ რამე გვაქვს შიგნით გასარკვევი, მერწმუნეთ, რომ გარედან ჩარევის გარეშე, სინოდში იქნება თუ სხვაგან, გავარკვევთ ყველაფერს. ასე რომ, ნურაფრის გეშინიათ და მთელმა ერმა – მთავრობამ, მხედრობამ, დედა ეკლესიამ, მრევლმა და საქართველოში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთისათვის სათნო იყოს ჩვენი ცხოვრება. ყველაფერი კარგად იქნება.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

ღმერთმა დაგლოცოთ!”

დეკანოზი ბიძინა გუნია: “ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო!

დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა, კიდევ ერთხელ განვადიდოთ უფალი, ვილოცოთ მის სადიდებლად, ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. თითოეული ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ ყოველი დღე უფალთან ერთობით გაატაროს. თუ ეს არ მოხდა და ოდენ საწუთროზე, წუთისოფელზე ფიქრით აღვასრულეთ განვლილი დღე, მაშინ უქმად გვიცხოვრია.

ყველაზე მთავარი საზრისი ადამიანის ცხოვრებისა არის მაცხოვართან ერთობის მიღწევა, რომლის გარეშეც შეუძლებელია, ადამიანი ბედნიერი იყოს. ბედნიერება ხორციელ სიამეთა ტკბობაში, ამქვეყნიური საზრუნავით განვლილ დღეებსა და წლებში კი არ გამოიხატება, არამედ უფლისადმი აღვლენილ ლოცვებსა და საკუთარი ჯვრის ტარებაში.

ხშირად დილასა თუ საღამოს, შუადღესა თუ ყოველ სამ საათში და ყოველ წუთს უფალი გვავიწყდება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, როგორ გავატაროთ დღე, სად მოვკლათ დრო და არც წარგვემართება კარგად საქმე. უფალი ბრძანებს: თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს არცა ერთიო. შეუძლებელია უფლის გარეშე ადამიანმა რაიმე სიკეთე გააკეთოს. უფრო დავკონკრეტდები: როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს ერთობა უფალთან? უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური ლოცვის აღვლენითა და იმ სიტყვების გულდასმით წაკითხვით, მათი შინაარსის წვდომითა და განმსჭვალვით, რასაც დილისა და საღამოს, თუ შვიდგზის ლოცვები მოიცავს. განსაკუთრებით შაბათ საღამოსა და კვირას მნიშვნელოვანია ყველა მართლმადიდებელი დაესწროს ღვთისმსახურებას და განიღმრთოს იმ მსახურებაში მონაწილეობით, რომელსაც წირვა-ლოცვა ჰქვია.

ამჯერად იოანე მახარებლის სახარება წავიკითხეთ. რას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება? რა თქმა უნდა, სახარებისეულ სწავლებას. დღეს იოანე მახარებლის პირით უფალი გვაუწყებს, პასუხს სცემს ერთ-ერთ უმთავრეს შეკითხვას, თუ რა არის ცხოვრება საუკუნო: რაითა გიწოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი მოავლინე შენ, იესო ქრისტე. აი, თურმე რა ყოფილა საზრისი საუკუნო ცხოვრებისა, თუ როგორ უნდა მიაღწიო ცათა სასუფეველს და დაიმკვიდრო იგი. უნდა სცნა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ერთია!

ხშირად მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვეკითხებიან: ნუთუ არ არსებობს სხვა კონფესიაში ადამიანი, რომელიც კეთილია, მოწყალეა, კეთილზნეობრივად ცხოვრობს და ა. შ., როგორ, უფალი მას არ აცხოვნებს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, არ აცხოვნებს. რატომ? იმიტომ, რომ ის არ ღებულობს იმ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც უნდა აცხოვნოს იგი. ჩვენ ამას ვამბობთ მხილებითა და გულისტკივილით.

ყველა ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და თავად შეუძლია აირჩიოს გზა უფლისაკენ, ან ეშმაკისაკენ. ამას თვით სახარებაში ბრძანებს უფალი. ნებისმიერი კონფესია თვინიერ მართლმადიდებლური ქრისტიანობისა ვერ აღწევს იმ მიზანს, რასაც ცათა სასუფეველი ჰქვია.

კიდევ ერთხელ დავძენ: ბუნებითი რჯულით, ე.წ. ზნეობითი ცხოვრება არ არის საკმარისი. მთავარია, იტვირთო ჯვარი და შეუდგე ჭეშმარიტ ღმერთს, იმ ღმერთს, რომელსაც წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღიარებს. ცხონება სხვანაირად წარმოუდგენელია.

ხშირად მართლმადიდებლებსაც გვჭირს, რომ ვერ ვერკვევით რაღაც საკითხებში, მაინცდამაინც ვერ ჩავწვდებით ხოლმე ამა თუ იმ დოგმას, თუნდაც ზოგადად, კატეხიზმოს დონეზე, როგორიცაა ქრისტეოლოგიური დოგმატი. ჩვენ ხომ დიოფიზიტები ვართ, ანუ იესო ქრისტეს ორი ბუნების აღმსარებლები?! რატომ ვამახვილებთ ამ საკითხზე ყურადღებას?!

თქვენ იცით, რომ დღეს არის ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება და რა ხდებოდა, იცით, 7 მსოფლიო კრებაზე? ყველა ერეტიკული, სულისწარმწყმედი სწავლება იქნა დაგმობილი: სწავლება სამების პირებზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, უამრავი ისეთი საკითხი, რაც ადამიანს ჭეშმარიტებისაგან განაშორებდა.

თქვენ, ალბათ, მოგცემიათ საშუალება, წაგეკითხათ ესა თუ ის ლოცვა და მათ შორის, ზიარების წინა ლოცვა, სადაც ბოლო, მეთორმეტე ლოცვაში ხაზგასმულია: დამიცევ მე, უფალო, ყოვლისაგან ცდომისა, მიხსენ მე, უფალო, ყოვლისაგან წვალებისა. სწორედ ამაზეა საუბარი. ასე რომ, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და დავეუფლოთ იმ ჭეშმარიტ სწავლებას, რასაც დედა ეკლესია განგვიცხადებს, რასაც ამოვიკითხავთ წმიდა წერილიდან და როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. თუმცა ეს მოძღვრის, მასწავლებლისა და ეკლესიური სწავლების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ კარგი იქნება, თუ თითოეული მორწმუნე, გარდა იმისა, თუ იცის, რატომ იწერს პირჯვარს, ერკვეოდეს მაცხოვრის, იესო ქრისტეს ორ ბუნებაში, სულიწმიდასთან და თვით სამებასთან დაკავშირებულ სწავლებაში.

ერთ-ერთი თანამედროვე ცნობილი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ლიტურგია, იგივე ჰიმნოგრაფია- ეს არის შეუძვრელი დოგმატიკა და ჩვენ აქ, მწუხრისას თუ ცისკრის წირვისას, საოცრად ზუსტად გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას გვაწვდის დედა ეკლესია.
წირვაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მრწამსს, ჩვენს სიმბოლოს სარწმუნოებისას და თვინიერ ამისა, ასეთი ცნობიერების გარეშე, შეუძლებელია წმიდა ძღვენის შეწირვა. ამიტომ მრწამსი იგალობება ყოველ წირვაზე, რათა თითოეული პიროვნება, ეს იქნება ძღვნის შემწირველი, თუ თანაშემწირველი, თუ უბრალოდ მრევლი, რომელიც თანამონაწილეობს ამ მსახურებაში, ასეთი ცნობიერებით, როგორიც მრწამსშია ჩამოყალიბებული, ადიდებდეს უფალს და გულითა და გონებით შესწირავდეს მაცხოვარს უსისხლო მსხვერპლს.

გაუცნობიერებლად ცხონება წარმოუდგენელია. განღმრთეება, ანუ უფალთან ადამიანის შეერთება ცნობიერი პროცესია. ეს არის მართლმადიდებლური სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი განსხვავებით სხვა არასწორი სწავლებებისა, სადაც რაღაც მედიუმურ მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები, როდესაც მათ ცნოიბიერება გამორთული აქვთ, გათიშულნი არიან და ჩვენ ზუსტად ვიცით, ამ დროს დაცემულ ძალებთან აქვთ კავშირი. მართლმადიდებლობაში კი პირიქითაა. თითოეული ქმედება, თითოეული სიტყვა ღრმად უნდა იყოს გაცნობიერებული და აღქმული ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ და ასე თანამონაწილეობითა და თანაზიარობით, ღვთის ნების გამოძიებით, ჯვრის მტვირთველობით ცათა სასუფევლის ღირსი გახდეს.
კიდევ უფრო გავშლით ამ საკითხს და ვიტყვით, რომ ყოველი სამღვდელო ქმედება, მაგ.: კმევა, აღსავლის კარის გაღება ან დახურვა, კრეტსაბმელის გახსნა ან დახურვა და უამრავი სხვა, საღმრთო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს მიანიშნებს, მიანიშნებს იმ საღვთო განგებულებას იმ ქმედებებში, რაც უფალმა აღასრულა და კვლავ აღესრულება თითოეული ადამიანის ხსნისათვის.

დღევანდელ სახარებაში ბრძანებს უფალი: რამეთუ სიტყვანი, რომელი მომცენ მე, მისცენ მათო. ანუ იესო ქრისტე მამა ღმერთს ესაუბრება. ეს არის სიტყვები, რომლებიც თითოეული ადამიანის გონებასა და სულს მარადიულობისაკენ მიმართავს. მაცხოვარი ამბობს: ვისაც ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნესო და აგრძელებს: ვისაც მე არა ვუყვარდე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნესო. რა საოცარი შეგონებაა. ჩვენ თუ გვინდა, გამოვცადოთ ჩვენი თავი, გვიყვარს თუ არა უფალი, მაშინ განვჩხრიკოთ ჩვენს გონებასა და გულში, უფლის ყოველი სიტყვა დავიუნჯეთ, თუ დავაბნიეთ ის მარცვლები, გავიგეთ, რაც უფალმა სახარებით გვითხრა, თუ დავიწყებას მივეცით წმიდა სწავლება?!

თუნდაც დღევანდელი წაკითხული გავიხსენოთ: ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცოდიან შენ, მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე, იესო ქრისტე. თვინიერ მაცხოვნებელი სწავლებისა და ამ სწავლებით განმსჭვალვისა, ამით ცხოვრებისა და უფლის ნების გამოძიების გარეშე შეუძლებელია ცათა სასუფევლის დამკვიდრება. სხვაგან მახარებლის პირით თავად მაცხოვარიც ბრძანებს: არარაი ძალგიძს თვინიერ ჩემსა არცა ერთი. ანდა: სასუფეველი ცათაი იიძულების და ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ უფალი ამბობს: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველი ეგე შეგეძინოთ თქვენო. ასე რომ, ჩვენ დიდი გულისყური უნდა მივმართოთ სახარებისეული სწავლებისაკენ. კარგი იქნება, თუ თითოეული პიროვნება საგანგებოდ გახსნის რვეულს და ჩაიწერს იმ ღვთივსულიერ სწავლებას, რაც სახარებაშია გადმოცემული, მის განსაკუთრებულ მუხლებს მოინიშნავს და ხშირად გადახედავს მათ. გაახსენდება, თუ რა უთხრა მას უფალმა, რითი უნდა იყოს მისი გონება, გული აღსავსე. ასე რომ, მივსდიოთ უფლის სწავლებას და დიახაც, იიძულების ცათა სასუფეველი და ვინც მთელი არსებით, მთელი ძალით არ დაიხარჯება ამ გზაზე, ვერ მიაღწევს მიზანს.

მეოთხე საუკუნეში მოღვაწე დიდი წმიდანი – ბასილი დიდი ბრძანებდა: ვინც დიდად მოიღვაწეს, მცირედიღა იმედი აქვთ გადარჩენისაო და ჩვენ, ოდენ რაღაც მცირეს მოვიღვაწებთ, ვისი იმედი გვაქვს გადარჩენისო?! ეს ჩვენზეა საუბარი. ამიტომ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: თითოეულს თავისი ჯვარი მიეცა. მარტივად ვიტყვი: პირველ კლასელს თავისი დავალება აქვს და მას სწორედ იმაში დაუწერენ უმაღლეს შეფასებას, თუ კარგად მოამზადებს. არავინ იფიქროს, რომ ერისკაცს მონაზვნური ჯვარი აქვს სატარებელი, ან ოჯახის რომელიმე წევრს – მამაზე მეტი ჯვარი, ან ვინმეს – პატრიარქზე მეტი ჯვარი. ყველას თავისი ჯვარი მიეცა და ამ ჯვრის კეთილად ტარებით უცილობლად სასუფეველს დაიმკვიდრებს. თუმცა ეს უფლის მოწყალებაზეა დამოკიდებული და ჩვენს ლოცვაზე, ქმედებებზე. თუ ჩვენი ძალისა და შესაძლებლობების მხოლოდ ერთ, ორ, სამ %-ს დავხარჯავთ, რა თქმა უნდა, არაფერი გვეშველება, მაგრამ თუ გაცილებით მეტს გავაკეთებთ, უფალი მოწყალეა და ვისაც მეტი მიეცა, კიდევ დაემატება და ვინც იმასაც არ გამოიყენებს, რაც მიეცა, ისიც წაერთმვა და მას მიენიჭება, ვისაც მეტი მონდომება და მოშურნეობა გააჩნია.

ჩვენ ყურადღება მივაქციეთ 6 მსოფლიო კრების წმიდა მამათა სწავლებას და კვლავ ვიტყვი: თვით კონდაკშიც კი, რომელშიც მღვდელი აღასრულებს საიდუმლო ლოცვებს, არის საოცარი სიტყვები: განანათლენ თვალნი გონებათა ჩვენთანიო და სწორედ ამ საღმრთო სწავლებით უნდა განანათლოს უფალმა ჩვენი გონება, მაგრამ თვინიერ ლოცვისა და მარხვისა ეს არ მიიღწევა. გონების გაცისკროვნება შეიძლება მხოლოდ მარხვით განწმენდილ და ლოცვით განბრძნობილ პიროვნებაში. ვინც თავისი ჯვარი იტვირთა, წარმოუდგენელია არ ლოცულობდეს, არ მარხულობდეს და ჰქონდეს ცრუ იმედი იმისა, რომ უფალი მოწყალეა და აცხოვნებს. დიახაც, უფალი ყოვლადმოწყალეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, უფალი ყოვლადმოწყალეა მონანული ადამიანებისათვის, იმ პიროვნებებისათვის, რომელთაც ამქვეყნიურ საზრუნავს არჩიეს მარადიული საზრუნავი. არავინ იფიქროს, რომ საეროთ არ სჭირდებათ სახლი თუ ის, რაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე უნდა გვქონდეს, მაგრამ ამით არ უნდა შემოიფარგლოს ადამიანის ცხოვრება. ყველაზე მთავარი მისთვის უნდა იყოს უფლისაკენ სავალი გზა იმ ჯვრის შესაბამისად, რომელიც მიეცა მას, როგორც ამას ბრძანებს უფალი: უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგ მეო. ხშირად გვავიწყდება ეს სიტყვები და წირვასა თუ ლოცვას ისე ვაცდენთ, თითქოს ეს არაფერი იყოს, აღარც უფლის შეგონება, მეოთხე მცნება გვახსოვს: ექვს დღეთა შინა იქმოდე საქმეთა შენთა და დღე იგი მეშვიდე წმიდა ჰყავ. რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა ადამიანი ვერ ახერხებს წირვა-ლოცვაზე მოსვლას, მაგრამ ამას უნდა ნანობდეს პიროვნება და არა ჰქონდეს არგუმენტების მთელი დასი, თუ რატომ მოხდა ეს.

მინდა გავიხსენო ერთ-ერთი წმიდანი, რომლის ხსენებასაც დღეს ვზეიმობთ – ღირსი მოწამე კოზმა ხუცეს მონაზონი მწიგნობართუხუცესი. რითი არის საინტერესო ამ პიროვნების ცხოვრება? ამას ძალიან მარტივად ვიტყვი: მან მოიძია უფლისაკენ სავალი გზა და ლოცვით, მარხვით, მოწამეობრივი გზით ავიდა გოლგოთაზე და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. ხშირად ადამიანებს უჩნდებათ აზრი: ნუთუ შესაძლებელია ყოველივე ამის მიღწევა? სახარებისეული პასუხი ასეთია: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ, მაგრამ ეს იმ დამიანების მიერაა შესაძლებელი, რომელნიც მსგავსად 5 ბრძენი ქალწულისა იღწვიან და არ ჰბაძავენ 5 სულელ ქალწულს, რომელთაც ამხელს უფალი და ეუბნება: განვედით ჩემგან, მე არა გიცით თქვენ.
ყველამ ერთად შევავედროთ მსოფლიო კრების წმიდა მამებს და იმ წმიდანებს, რომელთა ხსენებასაც დღეს ვზეიმობთ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ქართველთა ერთსულოვნება, ჩვენი შვილების კეთილზნეობრივი აღზრდა და ყოველი სიკეთე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“
წმიდა სამების ტაძარი

თათია ნავროზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები