მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (03.04.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.04.2011 | 2,393 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

”დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ყოველივე უფალმან შექმნა სიბრძნითა თვისითა და ადამიანის გონება ვერასდროს მისწვდება მთავარ მიზანს, გზას, რომელიც უნდა გაევლო კაცობრიობას თავისი ცხოვრების მანძილზე და რისი მკვიდრიც უნდა გამხდარიყო ადამიანი.

ადამიანი ცხოვრობს ორ სოფელსა შინა. ჩვენ დალოცვისას ხშირად ვამბობთ: “იხარეთ ორთავ სოფელსა შინა”. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველმა ადამიანმა იხაროს ორთავ სოფელსა შინა.

ადამიანი არასდროს უსურვებს თავის თავს ბოროტებას. პიროვნება, რომელიც ბოროტებას აკეთებს, იმართლებს თავს, თითქოს სიკეთისთვის აკეთებდეს, მაგრამ, სინამდვილეში, ის სჩადის ბოროტებას. უნდა ითქვას, რომ ამით თავისთავად იმზადებს ჯოჯოხეთს. ჯოჯოხეთი მისთვის უკვე დედამიწაზე იწყება და გრძელდება…

ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში: წარსულში, აწმყოსა და მომავალში და ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ წარსულს ვაიდეალებთ. მიგვაჩნია, წარსული უკეთესი იყო, ვიდრე დღევანდელი დღე და მომავალი.

წარმოვიდგინოთ საქართველოს წარსული, ოქროს ხანა, რომელიც თამარისა და დავით აღმაშენებლის ხანად იწოდება. რამდენი განსაცდელი, ომი, თავდასხმა, გაჭირვება გადაგვხდა. ქართველმა ხალხმა ყველაფერს გაუძლო იმიტომ, რომ ძლიერი იყო და არის სული ჩვენი. ეს სიძლიერე მოგვანიჭა უფალმა ჩვენმა, რათა გავუძლოთ გაჭირვებას და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა.

ყოველი ადამინი რაღაცას ელოდება, ზოგი – უკეთეს დროს, ზოგი – სიმდიდრეს, საყვარელ ადამიანს. მაგალითად, ადამიანს ყავს საპყრობილეში შვილი და ელოდება მის გათავისუფლებას. ასე რომ, ეს ყველაფერი ჩვენს შინაგან ცხოვრებაზეა დამოკიდებული და ეს ყოველივე ღვთის ლოცვა-კურთხევაა.

ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა. ჭკვიან ადამიანებს უთქვამთ, რომ ჩიხი და კედელი არ არსებობს და თუ შეხვედი ჩიხში, ორი გამოსავალი მაინც არის ჩიხიდან. არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, რომ გამოსავალი არ იყოს.

დღეს ხშირად გვესმის, რომ ადამიანები იკლავენ თავს. ეს უდიდესი ცოდვაა და დანაშაული ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ რაც უნდა გაუჭირდეს ადამიანს, ფიქრადაც კი არ უნდა გაივლოს თვითმკვლელობა. მან უნდა იცოდეს, თავის მოკვლით კი არ მთავრდება ის ტანჯვა, არამედ უფრო ძლიერდება.

მინახავს ადამიანი, დედა, რომელიც თავის შვილს ეძახის: “მზეო ჩემო”. დედას მხოლოდ უნდა, რომ ეს “მზე” ამოსული იყოს, ანათებდეს და ათბობდეს თავის დედასა და ხალხს.

ადამიანში არის ისეთი სულიერი ძალა, რომელიც არასდროს არ წაიშლება. ამიტომაა, რომ ნებისმიერ ცოდვილს შეუძლია, მოინანიოს თავისი ცოდვები და გასპეტაკდეს, განიწმინდოს ცოდვებისაგან და გახდეს წმიდანი.

ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ძალა, მადლი, ბრძნული გონება, რომ განვასხვავოთ, სად არის კეთილი და სად – ბოროტი. ეს განსხვავება საჭიროა, მაგრამ უნდა გვქონდეს სურვილიც, რომ გავყვეთ სიკეთეს.

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ, ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი