მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (27 თებერვალი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2011 | 1,528 ნახვა

მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ქადაგება

საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე

meufe ananiaმამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, ჩვენი სამოციქულო ეკლესია ემზადება აღდგომის ღირსეულად შესახვედრად.

მოგეხსენებათ, წმიდა ეკლესიის მიერ დაწესებულია დიდი მარხვა განსაწმენდელად სულისა და ხორცისა. და აი, გვიახლოვდება კიდეც დიდი მარხვის დასაწისი…

დღეს არის საშინელი სამსჯავროს ხსენება, ხოლო შემდგომ შვიდეულს ყვერიელის კვირა ეწოდება.

დღევანდელ დღეს წაკითხული სახარება სწორედ საშინელ სამსჯავროს შეეხება. თქვენ იცით, რომ საბოლოო ჟამის დროს იქნება საყოველთაო აღდგომა და ჩვენი მიცვალებულები მკვდრეთით აღსდგებიან, რის შემდეგაც უფალი და მაცხოვარი, იესო ქრისტე მოვა და განსჯის ცოცხლებსა და მკვდრეთით აღდგომილებს.

როგორც დღევანდელ სახარებაშია ნაბრძანები, უფალი განარჩევს ერთმანეთისაგან ერებს და როგორც მეცხვარე, მსგავსად მისსა, გამოარჩევს და მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, მარცხნივ კი – თხებს. ასევე, უფალი განარჩევს ადამიანებს, მართალთ მარჯვნივ მიუჩენს ადგილს და ეტყვის: მოდით, ჩემო საყვარელო შვილებო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის საუკუნითგანვე გამზადებული ადგილი სასუფეველში.

და რატომ? – იმ მიზეზის გამო, რომ როდესაც მე მოვედი თქვენთან და ვიყავი მშიერი, დამაპურეთ, როდესაც ვიყავი მწყურვალი, მასვით, მოვედი თქვენთან შიშველი, შემმოსეთ, მოვედი თქვენთან როგორც ავადმყოფი და მომიარეთ, ვიყავი პატიმარი და მანუგეშეთ და ამ მოწყალების გამო, რომელიც თქვენ გამოიღეთ, დაიმკვიდრეთ ადგილი სასუფეველშიო.

ასევე, მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენი მაცხოვარი მიხედავს მარცხნივ მდგომ ცოდვილებს და ეტყვის მათ ძალზე სამწუხარო სიტყვებს: თქვენ ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდებითო, თან იქვე განმარტავს ამის მიზეზს და ამბობს იმავეს: წახვალთ ჯოჯოხეთში იმიტომ, რომ როდესაც მე მოვედი თქვენთან და ვიყავი მშიერი, თქვენ საზრდელი არ მომაწოდეთ, ვიყავი მწყურვალი და არ მასვით, ვიყავი შიშველი და არ შემმოსეთ, ვიყავი სნეული და არ მომიარეთ და ვიყავი პატიმარი და არ მანუგეშეთო.

უფლის ეს სიტყვები ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა განსაკუთრებით უნდა დავიმახსოვროთ, დავიბეჭდოთ გულსა და გონებაში, რომ ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის უმთავრესი უნდა იყოს მოწყალების საქმე.

ჩვენ უნდა ვიყოთ მოწყალენი, შევიწყალოთ სხვა ადამიანები, ვცეთ პატივი და როგორც უფალი ბრძანებს: იყვარებოდეთ ურთიერთარს! უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი სიყვარული.

ვფიქრობ, რომ ვართ მორწმუნენი, მაგრამ ეს თვისებები, როგორც ჩანს, გვაკლია, რასაც უკანასკნელი მოვლენებიც უჩვენებს.

მინდა მაგალითი მოვიყვანო: ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით ახალგაზრდა გოგონები, რომლებმაც საკუთარი ჩვილი შვილები ქუჩაში დატოვეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.

ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზეზი არა მარტო ამ გოგონების სულიერი უძლურებაა, არამედ ჩვენც, მორწმუნეები.

ჩვენ მეტი სიყვარულის გამომჟღავნება გვმართებს ახალგაზრდების მიმართ. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი არ არიან მარტონი. როგორმე უნდა შევძლოთ მათი გაგება.

შეიძლება მათ ჰქონდეთ დაფარული თავიანთი სატკივარი და არ გვიმჟღავნებდნენ, მაგრამ სწორედ იმიტომ ვართ ჩვენ ქრისტიანები, რომ როგორმე გავიგოთ მათი სადარდებელი, ანუ მეტად მოწყალენი ვიყოთ. სწორედ ამას შეგვახსენებს უფალი.

რადგანაც საზოგადოებაში ჩნდება საკუთარი შვილის მიმტოვებელი დედები, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ გვმართებს უფრო მეტი სიყვარულის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან მიმართებაში.

ვეცადოთ, რომ დიდ მარხვაში მეტი ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით განვიწმინდოთ ჩვენი სული და ხორცი.

მინდა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და შევთხოვო უფალ ღმერთს, რომ სიხარულით შევეგებოთ აღდგომის დიად დღესასწაულს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. ამინ!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარეხი says:

    დიდი მადლობა ჟურნალ ამბიონს არსებობისათვის,ძალიან საინტერესო სტატიები იბეჭდება.

  • მარი says:

    ვიფიქროთ მოწყალებაზე…

  • ნანა მეგრელიშვილი says:

    დგება დიდი მარხვა ჩვენს ცხოვრებაში,დრო საკუთარი თავის გამოცდისა.ამ დროს მაინც ვიყოთ(ჩემს თავსაც მოვუწოდებ)მიმტევებლები, თავმდაბლები,მოწყალენი.
    გავიხსენებ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ერთერთ ქადაგებაში საკმაო ადგილი ჰქონდა დათმობილი ამპარტავნობის თემას. სენი, რომელიც დიდი დოზითაა ჩვენში ფესვგადგმული დაგვეძლიოს.სინანული შემოსულიყოს ჩვენს ცხოვრებაში ლოცვით და მარხვით. წმ. ეფრემ ასურის ლოცვიდან ციტატას გავიხსენებ:ჰე,უფალო და მეუფეო, მომანიჭე ნე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა,რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე.