მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (24 ივლისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2011 | 1,817 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ილია IIყველაზე დიდი და ამოუცნობი სასწაული დედამიწაზე თვით ადამიანია. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “ყოველი კაცი ცრუ არს”. ეს მეტად მკაცრი შეფასებაა, მაგრამ წინასწარმეტყველები ხედავენ ადამიანებს. დავით მეფსალმუნეც კარგად იცნობდა პიროვნების ფსიქოლოგიას, მის ბუნებას და ამიტომაც თქვა ასეთი რამ.

ქადაგებაში ერთხელ მოგახსენეთ, რომ ფილოსოფიაში ასეთი გამონათქვამი არსებობს: მე ვარ ის, რაც არ ვარ. ანუ მე არ ვარ ის, რაც ვარ. მაინც რას გულისხმობს და რატომ წარმოიშვა ასეთი აზრი? ეს ადამიანის ძალიან რთული და მკაცრი დახასიათებაა. ხშირია შემთხვევა, როცა თავს ერთი სახით ვაჩვენებთ და სინამდვილეში სხვანი ვართ. სამი სახის ადამიანი არსებობს: პირველი – როგორც საკუთარ თავს ვხედავთ, მეორე – როგორ გვხედავენ მოყვასნი და უცხო ადამიანები და მესამე – რაც ვართ სინამდვილეში, ანუ როგორც უფალი გვხედავს.

რა თქმა უნდა, ადამიანი მუდამ ცდილობს, კეთილი იყოს. ხშირად სიკეთეს იმიტომ ჩავდივართ, რომ სხვებმა დაინახონ.
და მაინც, ვინ არის ადამიანი? ადამიანი არის ხატება ღვთისა, გვირგვინი უფლის ქმნილებისა. მასზე დაბერტყილია ისეთი დიდი მადლი, როგორიც არც ერთ ქმნილებაზე არაა. შეიძლება ადამიანი დაეცეს, ცოდვებში ჩავარდეს, შეიცვალოს უარესობისაკენ, მაგრამ ხატება ღვთისა მასში რჩება და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ადამიანი ძვირფას მარგალიტს ჰგავს, რომელიც ტალახში ჩავარდა და აღარ ჩანს მასში ხატება ღვთისა, მაგრამ თვალ-მარგალიტი გაიწმინდება და ისევ ისეთივე ძვირფასი ქვა იქნება.

მართლმადიდებლური ეკლესიაც იმას ემსახურება, რომ დაეხმაროს ადამიანს ამ სულიერ განწმენდასა და ფეხზე წამოდგომაში. ასეთი საგალობელიც კი დაიწერა: დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო. ე.ი. ადამიანი ამბობს, რომ ვეღარ მიდის უფალთან, რომ დაეცა, დაიღალა, აღარ აქვს ღმერთთან მისვლის ძალა და ამიტომ სთხოვს მაცხოვარს, თავად მივიდეს მასთან. ასეთ მდგომარეობაშია მთელი კაცობრიობა. ისევ ღვთის იმედი გვაქვს, კვლავ უფალი მოვა ჩვენთან, ამოგვიყვანს ამ ტალახიდან. ჩვენ კი სასუფევლისაკენ უნდა გავაგრძელოთ გზა.

ეკლესია – ეს არის უდიდესი მადლიანი ძალა ღვთისა, რაც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ააშენა კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. როცა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობას ვიწყებდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რა იქნებოდა მის სიღრმეში. ყველას გვსურდა, კლდე ყოფილიყო, რომ კლდესა ზედა აგვეგო სამების ტაძარი და იმედი გვქონდა, ეს კლდე გამოჩნდებოდა. ამოვიღეთ ქვაბული 25, 27, 30 მეტრი და გამოჩნდა კლდე კი არა, ტაძრისათვის მომზადებული პლატო კლდისა. ეს სასწაული იყო და სწორედ ამ კლდის პლატოზე დაშენდა ჩვენი დიდებული ტაძარი. ვმადლობთ უფალს, რომ ამ დიდებული ტაძრის მშენებლობის ღირსი გაგვხადა.

ეკლესია არის ის სავანე, სადაც ადამიანის განწმენდა ხდება, ამიტომ არავინ უნდა შეეხოს მას უხეშად, რადგან ეს ქრისტეს სხეულია და არა ჩვეულებრივი ადამიანისა. მორიდებით უნდა ვიყოთ. რამდენიმე ხნის წინ წმიდა სინოდის სხდომა ჩატარდა. ვმსჯელობდით იმ ურთიერთობაზე, რაც უნდა იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. თავისი მოსაზრება ექსპერტსაც უნდა გამოეთქვა. მღვდელმთავრების აზრი ორად გაიყო იმის შესახებ, საჭირო იყო თუ არა ამ ადამიანის სიტყვის მოსმენა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. არავითარი სიახლე არ იყო, თუმცა ბევრმა ვერ გაიგო და იმ ადამიანებს, რომლებიც უმრავლესობას არ დაეთანხმნენ, მოღალატეები უწოდა. ეს ყოვლად დაუშვებელია.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მინდა გითხრათ, რომ 33 წელია, ღვთის მადლით, ამ მაღალ, პატრიარქის ტახტზე ვიმყოფები და არ შემხვედრია მოღალატე სასულიერო პირი, მითუმეტეს, ეპისკოპოსი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამისთანა ცოდვა საკუთარ თავზე არ უნდა ავიღოთ. საქართველოს ეკლესია და წმიდა სინოდი იყო და დარჩება როგორც ერთი სხეული, ერთი ძალა და ჩვენ ასეთი სულისკვეთებით გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურს.

ყოველი სასულიერო პირი და მითუმეტეს, მღვდელმთავარი აკეთებს უდიდეს საქმეს თავის ეპარქიასა და საქართველოში, და არა მარტო საქართველოში. იცით, რომ ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს. ჩვენ შევქმენით დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და სხვა ეპარქიები. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენმა ხალხმა არ დაივიწყოს ის ტრადიციები, რწმენა, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ისეთ უპასუხისმგებლო სიტყვებსაც კი ამბობდა, რომ თითქოს შეიძლება ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ის ადამიანი, რომელიც შექმნის განხეთქილებას, მოწამეობრივი სისხლითაც კი ვერ განიწმინდება, რადგან ეს საშინელი ცოდვაა. ამიტომ ამის თქმაც კი არ შეიძლება, ასეთი რამ გონებაშიც კი არ უნდა გავივლოთ.
დაბოლოს, შევთხოვ უფალს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს ჩვენი მწყემსი და ჩვენ ყველანი ერთად ვიყოთ სამწყსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ!

წმიდა სამების ტაძარი

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი