22 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლების – წმიდანების იოკიმესა და ანას ხსენების დღე მიულოცა.
უწმიდესის ინიციატივით ინტერნეტში შეიქმნება ვებ–გვერდი, რომლის საშუალებითაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ, გაჭირვების შემთხვევაში ისინი ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. პატრიარქის თქმით, 22 სექტემბერს კიდევ 735 ბავშვი გახდება მისი ნათლული.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა,” – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, დღევანდელ წირვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც მონაწილეობდა. ილია მეორემ მთავარეპისკოპოსებს იონათამსა და აღაპიტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-უკრაინის თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა. უწმიდესმა ქართველი და უკრაინელი ერი დალოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა უძველესი კულტურის ქვეყანაა, რასაც საქართველო ძალიან აფასებს.
მამობრივი სითბოსა და მზრუნველობისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოსმა იონათამმა და ილია მეორეს საჩუქრად სმოლენსკში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
საკვირაო ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა.
იხილეთ ქადაგება სრულად:
