მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (21.06.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2015 | 2,383 ნახვა

21 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმიდესი საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას კვლავ გამოეხმაურა.

“ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი, ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, სამება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა – “ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა”. ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის”, – ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ადამიანი, ისევე, როგორც კაცობრიობა, მზად უნდა იყოს სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც.

“ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულისა და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი”, – აღნიშნა პატრიარქმა.

როგორ პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, ამ განსაცდელის დროს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოიჩინეს დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ და ყველაფერი გააკეთეს, რათა პრობლემების დაძლევაში მიეღოთ მონაწილეობა.

პატრიარქმა უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის სურვილი გამოთქვა.

“დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე – უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს – “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული… ქართველობა არ დაკარგონ? თუ ქართული სული დაიკარგა იმათში, ეს ადამიანები დაკარგულია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს? ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყონ ქართული ენა? ქართველი ადამიანი გვგონია ისეთი ძლიერი გენისა, რომ ის არ დაიკარგება, მაგრამ სჭირდება სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება”, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სიტყვა “კათოლიკოსი” ნიშნავს საყოველთაოს და შესაბამისად, ეს წოდება პატრიარქს ავალდებულებს, რომ იფიქროს და იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის. ამასთან, ილია მეორის ცნობით, მარტო რუსეთში სავარაუდოდ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

“ამიტომ მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევადგინოთ სია თქვენი ნათესავების, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი