მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (21.04.2013)

საკვირაო ქადაგება (21.04.2013)

21 აპრილს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი მუდამ ეძებს და ელოდება რაღაც არაჩვეულებრივს, სასწაულებრივს და ავიწყდება, რომ ყველაზე დიდი სასწაული თვით ადამიანშია. პატრიარქი ადამიანი ღვთის ისეთი ქმნილებაა, რომ ვერაფერი სხვა ვერ შეედრება მას. ერთმა მეცნიერმა თქვა: „ადამიანი არა ევოლუციის შედეგი, არამედ რევოლუციაა,“ ე.ი. სრულიად ახალი ქმნილებაა ღვთისა, სულითა და ხორცით.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ ჩვენ, რატომ მოგვიყვანა ღმერთმა ამქვეყნად და რა უნდა გავაკეთოთ, სად უნდა მივიდეთ?“

უწმიდესმა ქადაგებისას ისაუბრა წმიდა მარიამ მეგვიპტელზე. შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, 21 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს.

„მარიამ მეგვიპტელი ხორციელ ვნებებს იყო აყოლილი და როცა უდაბნოში წავიდა, 17 წლის მანძილზე ეცხადებოდა ის ვნებები და საშინელი დაცემები, რომელიც მან განიცადა საერო ცხოვრებაში. შემდეგ მოხდა ფერისცვალება, როდესაც იგი შეხვდა ბერ ზოსიმეს. ისინი ერთმანეთს სთხოვდნენ კურთხევას. მარიამ მეგვიპტელმა ზოსიმეს სახელით როცა მიმართა, ეს იყო პირველი ნიშანი, რომ მარიამ მეგვიპტელი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. – საიდან იცის ჩემი სახელი? – გაუჩნდა კითხვა ზოსიმეს და ამ ფაქტმა მიახვედრა, რომ მარიამ მეგვიპტელი არის წმინდანი. ასევე, მარიამ მეგვიპტელმა, როდესაც მიდიოდა ზოსიმესთან, იორდანეზე გაიარა ისე, როგორც მიწაზე. მაშინ ზოსიმემ მიმართა: შენ უნდა დამლოცო, მე კი არაო და ბოლოს, ერთი წლის მერე აზიარა და დაასაფლავა. აი, რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება“.

“ჩვენ ვიმყოფებით დიდ მარხვაში და ალბათ, იგრძენით, როგორი ვერაგია ბოროტი ძალა, როგორ ებრძვის ადამიანს განსაკუთრებით მარხვაში, მაგრამ ღმერთი მაინც გვაძლევს მადლსა და ძალას, რომ დავამარცხოთ ბოროტი; სიკეთე და ბოროტება მუდმივი თანამგზავრია ადამიანისა და უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთე მუდამ ამარცხებს ბოროტებას,“ – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა ტრადიციულად სასულიერო პირები დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.

დავით დანელია

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები