მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (19.05.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2013 | 3,332 ნახვა

მეუფე იაკობი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას მეუფე იაკობი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს და მათ არც საერო სამართლის წინაშე წარდგომა გაუჭირდებათ
“თუ ჩვენები – ეკლესის წევრები იქნებიან “დამნაშავეები”, ვფიქრობ, მათ საერო სამართლის წინაშე წარდგომა არ გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, კარგად გადაგვარჩინა. ფეხბურთის გუნდები რომ დაამთავრებენ ხოლმე თამაშს, იქ ხდება ხოლმე ტრაგედიები. ერთი ვიტრინაც არ ჩამტვრეულა, გატყდა ავტობუსის შუშა, ხალხსაც რაღაც მოუვიდა და ალბათ ჩვენც ვისწავლით, მაგრამ სახელმწიფოც შესაბამის დონეზე აღმოჩნდა. ჩვენ ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ, მაგრამ სინანულის გრძნობით შეგვიძლია, კვლავ დავუბრუნდეთ უფალს. არავის უნდა ვახვევდეთ თავს ჩვენი ცხოვრების წესს. თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა – პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით. პირადად ვმონაწილეობდი იმ საუბრებში და ვთხოვდი, გადაენაცვლათ სხვაგან. ეს არ იყო ორგანიზებული აქცია – ხალხი შეიკრიბა და სამართალს ითხოვდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს, რომ იქ მრავალი სასულიერო პირი იყო, ხოლო პოლიციას დღევანდელ საქართველოში ხალხი ისე აღარ უყურებს, როგორც – რამდენიმე თვის წინ. რომ არა პოლიცია და სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით და ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა, რა აზრი აქვს?! ეს მხარეები ხომ საქართველოს შვილები ვართ, გინდ სხვანაირად აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ, გინდ – ერის ტრადიციებით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები და დედა ეკლესიის წევრები ვართ.

მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი სხვა რამეა. მე მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს, ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ, ისინი გაეჩერებინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ”, – ბრძანა მეუფემ.

მისი განმარტებით, ძალადობა მხოლოდ “მუშტის მოქნევა” არ არის და გაცილებით მძიმეა “ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა” ადამიანებზე, რასაც წინა დღეებში ჰქონდა ადგილი.

“როდესაც გეუბნებიან – დაძაბულია სიტუაცია და გადადი სხვაგან, კეთილი უნდა ინებო და გადახვიდე. თუ ქვეყანა გიყვარს – გადახვალ, როცა ქვეყანა არ გიყვარს და ფული გიყვარს – მაშინ არ გადახვალ. მე ვალდებული ვარ, სიმართლე ვილაპარაკო, რადგან ღვთის წინაშე უნდა წარვდგე, რომ მოვკვდები. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ?! ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ – ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია – ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად – ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს”, – აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

წყარო: www.iveroni.com.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი