სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი – ეს გახლავთ გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, უდიდესი სასწაული. მისი სულიერი თუ ფიზიკური ბუნება იმდენად რთულია, რომ ვერასდროს ჩავწვდებით მას. საოცარია თუნდაც ის, თუ როგორ არის ერთმანეთთან შეერთებული სული და ხორცი. როგორც კი ამოვა სული ადამიანიდან, ხორცი კვდება. მე არაერთხელ მითქვამს და შეგახსენებთ: როცა გამოჩენილ მეცნიერს, ფიზიოლოგს პავლოვს ჰკითხეს, მორწმუნე ხართო? მან უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმიდანი გახდეო. ეს დამამტკიცებელია, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა.
ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. როგორ იცვლება დრო ან ადამიანი? ამის ანალიზი საკმაოდ რთული პროცესია. ძველ დროს იყო ასეთი მეცნიერება – ღვთისმეტყველების ისტორია. ღვთისმეტყველი მხოლოდ სამ პიროვნებას ეწოდა: იოანე მოციქული, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. ღვთისმეტყველება – ეს არის სულიერი ცხოვრების ღრმად ჩაწვდომა. უწინ იყო ღვთიმეტყველების ისტორია და ახლა დაემატა ისტორიის ღვთისმეტყველება. ჩვენ უნდა ავხსნათ ღვთისმეტყველების მიხედვით, თუ როგორ იცვლება დრო და რა ემართება ადამიანს დროის მიმდინარეობისას. დრო ურთულესი პროცესია. ადამიანი იმასაც ვერ ჩასწვდება ბოლომდე, როგორ და რატომ იცვლება დრო. ბრძენი სოლომონი ამბობს: “ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა. ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ნგრევისა. ჟამი არს ქვების შეგროვებისა, ჟამი არს ქვების სტყორცნისა, დაფანტვისა”. ადამიანმა თავმდაბლად უნდა მიიღოს ეს ყველაფერი, რადგან ჩანს, რომ მისთვის არ იყო საჭირო ამისი ცოდნა, რათა ამპარტავნებისაგან არ დაღუპულიყო.
ავიღოთ თუნდაც პირველი სამი საუკუნე. განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ მოციქულები პირველ საუკუნეში ქადაგებდნენ სახარებას, მათ ჰყავდათ მოწაფეები, მღვდელთმთავრები. მოციქულებიდან იწყება მღვდელმთავრების კურთხევა. ეს სამი საუკუნე გამოირჩევა იმით, რომ ელვისებურად ვრცელდება ქრისტიანობა და ხდება წამება ქრისტიანებისა. წარმოიდგინეთ, ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში და ყვიროდნენ: “მე ვარ ქრისტიანი”, რადგან უნდოდათ, მოწამეები გამხდარიყვნენ. მშობლები ტანსაცმელს უმალავდნენ შვილებს, რათა არ გასულიყვნენ ქუჩაში და არ ეყვირათ: “მე ვარ ქრისტიანი”. როგორი სულიერი მდგომარეობა იყო, მაგალითად, პირველ საუკუნეში, ნერონის დროს. ის წერდა ლექსებს და უნდოდა, რაღაც ახალი გრძნობა მოსულიყო მასში. რომს წაუკიდა ცეცხლი და დააბრალა ქრისტიანებს. ქალაქგარეთ გავიდა და იქიდან უყურებდა ცეცხლწაკიდებულ რომს, მაგრამ ხალხმა გაიგო, რომ ეს მისი გაკეთებული იყო და ნერონი სიცოცხლეს გამოასალმეს. მას უნდოდა, თავი მოეკლა და ვერ ბედავდა. ვიღაც ჯარისკაცმა კი ხელი კრა და მოკლა. ნერონი ტკბებოდა ხალხის სისხლით. მას ჰქონდა სასეირნო ბილიკები ბაღში, რომლის აქეთ-იქით იყო ხეები, რომელზეც დაკიდებდნენ ქრისტიანებს, წაუკიდებდნენ ცეცხლს, ის კი დადიოდა და ტკბებოდა ამით. ამიტომ თქვეს რომაელებმა, ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო.
ყოველი დღე გვაახლოებს სასუფეველს. ყოველ დღეს მოაქვს სიახლე და უნდა ვიფიქროთ ამაზე. სიმდიდრეა, მაღალი თანამდებობა თუ სხვა რამე, სადამდე გაგვწვდება ეს ყველაფერი?! ადამიანმა შეიძლება სიცოცხლეშივე დაკარგოს ყოველივე ან მიიტანოს მხოლოდ სამარის კარამდე. ამიტომ ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი და სიბრძნე, რომ ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა უნდა ვაკეთოთ და სად მივდივართ.
ადამიანი ურთულესი ბუნებითაა დაჯილდოებული. საოცარია, რომ რატომღაც დღემდე უყვარს სისხლის ყურება, ის ძალიან ადვილად იმეტებს სხვა ადამიანს. იმდენად დაეცა ის სულიერად, რომ ბავშვებიც კი კლავენ ერთმანეთს. ჩვენ ვუყურებთ, თითქოს მთიდან მოდის ეს საშინელი ზოდები და ვერავითარი ძალა ვერ აჩერებს. ეკლესიამ და სასულიერო პირებმა, მშობლებმა, სკოლამ, სასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამაზე, როგორ ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს სიძულვილი ამ ბოროტებისა და სიყვარული სიკეთისა. ეს აუცილებელია.
იყო ასეთი შემთხვევა, დედამ დაუთმო თავისი ბინა შვილს და გადმოვიდნენ სიძე და ქალიშვილი მასთან. ცოტა ხნის შემდეგ ისინი ეუბნებიან დედას, წადი სახლიდანო. ის პასუხობს, სად წავიდე, ქუჩაში ხომ არ ვივლიო. სადაც გინდა, იქ წადიო და გამოაგდეს სახლიდან. შვილი და სიძე აშინებდნენ, თუ არ წახვალ, ფანჯრიდან გადაგაგდებთ და ხალხს ვეტყვით, ვითომ თავი მოიკალიო. რამდენიმე დღე ის აღამებდა რკინიგზის სადგურში. მე ვიცნობდი ადამიანებს , რომლებიც ამბობდნენ, შევესწარი როგორ შეეჯახა რამდენიმე მანქანა, ხალხი დაიხოცა და მე ვტკბებოდი, როგორ ამოსდიოდათ სულიო.
მაგრამ, ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს არ დაიშურებენ, უკანასკნელ ლუკმაპურს მისცემენ სხვას. ჩემი სტუდენტობის დროს მოსკოვში იყო ერთი სამონაზვნე. პატარა ოთახი ჰქონდა, რომელშიც ეტეოდა ორი საწოლი და მაგიდა. ეკლესიაში რომ წავიდოდა, ბოლომდე რჩებოდა და როცა დაინახავდა სხვა ქალაქიდან ჩასულ შეწუხებულ ადამიანს, მივიდოდა და ეტყოდა, თქვენ ბინა გაქვთო? მიჰყავდა თავისთან, საჭმელს აჭმევდა და აძინებდა საუკეთესო ლოგინში. რვა წელი მივლიდა და ყურადღებას მაქცევდა სტუდენტობისას. როცა დამაგვიანდებოდა მოსკოვში ჩასვლა, თვითონ ჩამოვიდოდა ლავრაში და ჩამომიტანდა საჭმელს. დიდება უფალს მისი წყალობისათვის! ღმერთს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. იყო ისეთი შემთხვევები, როცა ავაზაკი იმდენად შეიცვალა, რომ გახდა კრავი ღვთისა. ერთი მოძღვარი ამბობს, მე ვიყავი ციხის მღვდელი, იქ მყოფი ერთი ავაზაკი არასდროს შემოდიოდა ეკლესიაში, როდესაც დავიწყებდი საუბარს, გაიღიმებდა და წავიდოდა. წირვის დროს მისთვის განსაკუთრებით ვლოცულობდიო. რამდენიმე წლის შემდეგ გამოვდივარ ეკლესიიდან და ვხედავ ჯგუფს, რომლის შუაშიც დგას ეს ავაზაკი. მივედი მასთან, დავიჩოქე და ვუთხარი, შენ არ ხარ ისეთი ცუდი, როგორიც გგონია თავი. უკეთესი ხარ, ვიდრე გიცნობენ სხვა ადამიანებიო. ამან იმდენად იმოქმედა, რომ ავაზაკმა დაიწყო ხმამაღლა ტირილი. მე დავუჭირე ხელი და ცხვარივით გამომყვა ეკლესიაში. ხმამაღლა ამბობდა აღსარებას. ლოცვის შემდეგ გამოვიდა და ყველას უჩოქებდა, ვისაც კი აწყენინა და საუკეთესო ადამიანი გახდა, მოწყალე, მოსიყვარულე.
დრონი იცველებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. საქმე ისაა, როგორ იცვლებიან, სიკეთისაკენ თუ ბოროტისაკენ. ღმერთმა ქნას, რომ სულ სიკეთისაკენ შევცვლილიყავით!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
სალომე ლილუაშვილი

გაიხარეთ…
უდიდესი პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში! თქვენი სიტყვები იცოცხლებენ ათასობით წელს!