მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (13 მარტი, 2011წელი)

საკვირაო ქადაგება (13 მარტი, 2011წელი)

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად.

დიდი მარხვის პირველ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი, რაც დაკავშირებულია VII-VIII საუკუნეებთან, როდესაც ზოგიერთი ამბობდა, რომ ხატი არ იყო საჭირო, რომ ის გახლდათ კერპი და ხატთან მთხვევას კერპთმსახურებად მიიჩნევდა.

იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომელნიც ხატში პირველ სახეს ხედავდნენ.

როდესაც ჩვენ ვემთხვევით წმიდა სამების ხატს, ჩვენი სულიერი სამყარო გადადის იმ უსასრულობაში, სადაც ბრძანდება წმიდა სამება. ხატი არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ ზეცას, ზეციურ სამყაროს.

უნდა ითქვას, რომ ადამიანის მიერ გაკეთებული ყოველი საგანი, საქმე გახლავთ მისი ხატი, მისი ავტოპორტრეტი.

როდესაც ჩვენ დავამთავრეთ ყოვალდწმიდა სამების ტაძრის მშენებლობა, მე გითხარით, რომ ქართველმა ხალხმა ააშენა თავისი ავტოპორტრეტი.

ჩემს ერთ-ერთ ეპისტოლეში მოყვანილია მაგალითი ადამინის შესახებ, რომელიც წირვის შემდეგ რჩებოდა და უყურებდა მაცხოვრის ხატს. და ეს მეორდებოდა… შემდეგ მღვდელი მივიდა მასთან და ჰკითხა, თუ რატომ იქცეოდა ისე. იმ პიროვნებამ კი უპასუხა: “მე მას ვუყურებ, ის მე მიყურებს და ჩვენ ერთად კარგად ვართო”. ე. ი. ამ ყურებით დაამყარა ადამიანმა კავშირი უფალთან, ამიტომ ხანდახან უნდა განმარტოვდეს ადამიანი, რადგან ამ სიმარტოვეში, სიმშვიდეში უფალი ძალიან ახლოსაა ადამიანთან.

ყოველი ადამიანი ძიებაშია. ვეძებთ სიმდიდრეს, სულიერებას და ყოველი ჩვენგანი ღებულობს მეტ-ნაკლებად იმას, რასაც ითხოვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანისთვის მატერიალური მხარე საჭიროა, თუმცა ზომიერება აუცილებელია. ერთი ბიზნესმენი მეკითხებოდა, თუ როგორ შეეჩერებინა მომხვეჭელობა. მე ვუპასუხე, რომ არ შეჩერებულიყო და ზედმეტი ქონება გაჭირვებულებისათვის დაერიგებინა, მაგრამ მაინცდამაინც არ ესიამოვნა ალბათ…

ასეა ადამიანის ცხოვრება…
ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ!

მრავალი პრობლემის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ვხედავთ, თუ რა ხდება იაპონიაში, სხვა ქვეყნებში და შევთხოვთ უფალს, წმიდა სამებას, რომ მშვიდობა და მთლიანობა მოგვცეს, კეთილდღეობა და ყოველი ჩვენგანი დაგვაყენოს მშვიდობისა და საცხოვნებელ გზაზე…

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, ხატების მადლი შეგეწიოთ თქვენ!

დღეს რომ მოვდიოდი საპატრიარქოდან, ვიფიქრე, რომელიმე ძვირფასი ხატი წამომეღო, რათა ხალხი მთხვეოდა მას და აქ არის დაბრძანებული ხატი, რომელსაც მოულოდნელი სიხარულის ხატი ეწოდება. ასე რომ, დაელოდეთ და ჩვენ ყველას გვექნება მოულოდნელი სიხარული…

ჩვენთან არს ღმერთი!

ქეთი ჭელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები