მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (13 თებერვალი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.02.2011 | 2,667 ნახვა

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

დეკანოზ ბიძინა გუნიას ქადაგება
(ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ მეზვერისა და ფარისევლის კვირა და ამ კვირიდან იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი.

samebaწმიდა ეკლესიამ ასე განაჩინა, რომ დიდ მარხვამდე 4 კვირა დღე და მათ შორის მოქცეული სამი შვიდეული დაადგინა. ორშაბათიდან დაწყებული მომდევნო კვირა ხსნილია და იგი დასრულდება უძღები შვილის კვირით, შემდეგ მას მოსდევს ხორციელისა და ყველიერის კვირები.

ყოველივე ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც თითოეულმა ადამიანმა უნდა გულისხმაჰყოს: ადამის განდევნა სამოთხიდან, საშინელი სამსჯავროს გახსენება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დიდი მარხვის პირველი კვირა, რომელიც დაკავშირებულია მართლმადიდებლობის უდიდეს ზეიმთან.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ. შესაძლოა მორწმუნეს დაებადოს კითხვა, თუ რატომ ესაუბრება უფალი იგავებით ადამიანებს.

მათე მახარებელი განგვიმარტავს: “იმისთვის იგავით ვეტყვი მათ, რამე თუ ხედვენ და არა ხედვენ. ესმით და არა ესმით, არცაღა გულისხმა ჰყვიან,” ანუ მეტად უადვილდებათ ადამიანებს საღმრთო სწავლების შემეცნება, როდესაც ამას უფალი იგავით ბრძანებს. და აი, საოცარი რამ, ამ იგავით გვეუწყა, თუ რომელი გზა უნდა ავირჩიოთ. მონანული მეზვერის, თუ ფარისევლის ამპარტავნული გზა.

მიუხედავად იმისა, რომ მეზვერე ცოდვილი კაცია და ბევრს სცოდავს უფლის წინაშე, შედის ტაძარში, წინ ვერ დგება და უკან, სტოაში ავედრებს უფალს თავის თავს, ითხოვს შენდობას.

განსხვავებით ამისა, ფარისეველი მედიდურად წარდგება წინ და ბრძანებს: (მადლობა უფალო, რომ არ ვარ კაცი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, როგორიც ეს მეზვერე). ანუ მან თავი განიდიდა. ამიტომაც უფალი ამ სახარების ბოლოს ბრძანებს: “ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს. ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.”

თვით უფლის სიტყვებით გვეუწყება, რომ მეზვერე – ცოდვილი, მაგრამ მონანული – განმართლებული გამოვიდა. ხოლო ფარისეველი, თითქოს კეთილად მცხოვრები, დარჩა მადლის, ღვთის წყალობის გარეშე.

წმიდა მამები აღნიშნულ სახარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და განგვიმარტავენ კიდეც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, პიროვნებამ უფლისკენ სავალ გზაზე თავი დაიმდაბლოს.

წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: “ცოდვილ ადამიანზე უფრო მეტად თავმდაბლობა იმ პიროვნებას სჭირდება, ვინც სულიერ გზაზე წარმატებულია” იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანი სინდისის ქენჯნით მოექცევა, ხოლო ამპარტავნებაში ჩავარდნილ პიროვნებას უჭირს თავის დამდაბლება.

ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმეები რაც არ უნდა წარმატებული იყოს, თუ ამას თავმდაბლობითა და სიყვარულით არ აკეთებ და მზვაობ ამ ყოველივეთი, მაშინ ყველაფერი ამაოა.

ამ კვირა დღეს განსაკუთრებით უნდა მივაპყროთ გონების თვალი და გულისხმავყოთ, რომ აღდგომიდან აღდგომამდე დროის პერიოდს საპასექო წელიწადი ჰქვია. იგი სამ ქვეპერიოდად იყოფა. სამ ქვეპერიოდად დაყოფა თითოეული მორწმუნის გონებას მიაპყრობს იმ განსაკუთრებული მოვლენებისადმი, რაც წარმოაჩენს ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების გზას.

პირველი პერიოდი აღდგომიდან “ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე” გრძელდება. აღნიშნული კვირა სულთმოფენობის მომდევნო კვირა გახლავთ. ეს არის ზატიკის პერიოდი და იგი საოცარი სიხარულით არის დატვირთული.

მეორე პერიოდი ყოველთა წმიდათა კვირიაკედან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე გრძელდება.

მესამე პერიოდი არის დიდი მარხვის პერიოდი, რომელიც ასევე სამ ქვეპერიოდად იყოფა. ეს გახლავთ მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც როგორც აღვნიშნე, 4 კვირა დღეს მოიცავს.

ძირითადი პერიოდი დიდი მარხვის პირველი 6 კვირაა. მეექვსე კვირა გახლავთ ბზობა და შემდეგ ვნების შვიდეული.

აღდგომამდე თითოეული კვირა თითო საფეხურია უფლისკენ მიმავალ გზაზე.

დღეს აგრეთვე გახლავთ წმიდა მეფის თამარის ხსენების დღე. იმდენად დიდია მისდამი პატივისცემა, რომ საქართველოს ეკლესიაში მისი ხსენება წელიწადში სამგზის აღესრულება.

წმიდა მეფე თავისი ცხოვრებით სათნო ეყო უფალს. დაგვიტოვა გამშვენებული, გაძლიერებული საქართველო.

დღეს განსაკუთრებით უნდა ვევედროთ წმიდა მეფე თამარს საქართველოს გაერთიანებისათვის, ქართველთა ერთსულოვნებისათვის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

მეტად საინტერესო შემთხვევა მინდა მოგახსენოთ წმიდა მეფის ცხოვრებიდან: როდესაც იგი ემზადებოდა გელათში წირვა-ლოცვაზე წასავლელად და თავის სამოსელს ლალებით რთავდა, ამ დროს მოახლე ქალმა აცნობა კარს მომდგარი სტუმრის შესახებ, რომელიც შემწეობას ითხოვდა. წმიდა მეფემ ბრძანა, რომ დალოდებდა მას და როდესაც მან დაასრულა კაბის მორთვა და გავიდა სამეფო პალატიდან, მას ქალბატონი იქ აღარ დახვდა. ძალზე განიცადა ეს ყოველივე წმიდა თამარმა, რომ შესამოსელის მორთვის გამო ადამიანი დაბრკოლდა და თავად კი უმადლოდ დარჩა. იგი განიცდიდა, ხედავდა უფალს და ამბობდა, რომ თვით მაცხოვარი მოვიდა მის კართან შემწეობის სათხოვნელად და იგი, ფაქტობრივად, ხელცარიელი გაისტუმრა. წმიდა მეფემ ყველა ეს სამკაული მოიხსნა და ყოვალდწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა გელათის მონასტერში.

შევავედროთ წმიდა მეფეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მისი კეთილად დაბრუნება საქართველოში და მისი ჯანმრთელობა.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი