სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
გიფიქრიათ თუ არა როდესმე, რატომ თქვა ფილოსოფოსმა: “შეიცან თავი შენი”? ეს ურთულესი საკითხია, ყველაფრის შეცნობა შეუძლია ადამიანს და ყველაზე მძიმე ყოფილა საკუთარი თავის შეცნობა, დანახვა. აი, ამიტომ ძველი რომაელები ამბობდნენ: “შეიცანი თავი შენი”.
დღეს როცა კაცობრიობა ღელავს, როცა რაღაცას ეძებს და რას – თითონაც არ იცის; როცა ვერაფრით კმაყოფილდება, უფრო მკაცრად დგება ეს კითხვა ჩვენ წინაშე: “შეიცანი თავი შენი.”
საქმე ისაა, რომ ადამიანი არაფრით არ კმაყოფილდება, არც საჭმლით, არც სახლით, არც კარით, არც თანამდებობით, არც სიმდიდრით.
მითქვამს, ერთი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა და აქვს დიდი ბიზნესი, მეკითხებოდა, როგორ გავჩერდე ამ სიმდიდრის მოხვეჭაშიო. მას ეგონა, რომ ვეტყოდი, გაჩერებულიყო. მაგრამ ვურჩიე, არ გაჩერებულიყო: რაც ზედმეტი გექნება, დაურიგე გაჭირვებულებს-თქო. მართლაც ცდილობს, რომ დაურიგოს. მაგრამ ეს მხოლოდ მცდელობაა.
შევიცნოთ თავი ჩვენი, ურთულესი საკითხია. ჯერ ერთი, ჩვენი ფიზიკური სამყარო, ფიზიკური სხეული იმდენად რთულია, რომ პავლოვმა თქვა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, შეიძლება მორწმუნე კი არა, წმიდანი გახდეო და მით უმეტეს, ადამიანის სულიერ სამყაროს.
მედიცინაში არის ასეთი დარგი: ფსიქოლოგია და ფსიქიატრია. საიდან მოდის ეს დარღვევა ადამიანის ფსიქიკისა, რამდენ ხანს გრძელდება და სად ჩერდება, არავინ იცის.
სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ერთი ჩვენი უკრაინელი ამხანაგი ფსიქიურად გახდა ცუდად, ეს იყო 1953 წელს. ნახევარი საუკუნეა, ისევ ავად არის და ისევ ცოცხალია. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი მოვლენა გახლავთ და ჩვენ ყოველდღე უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ გვაძლევს საღ გონებას. უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ არ გვაკლებს თავის წყალობას.
ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ უფრო მეტს უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს, ვსწავლობდეთ მეცნიერებას, ვშრომობდეთ.
მეცნიერება – ეს არის მსახური ღვთისმეტყველებისა. ზოგიერთი ფიქრობს, მეცნიერება რად გვინდა, მთავარია ადამიანი მორწმუნე იყოსო. ერთიც საჭიროა და მეორეც.
ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სულ ბოლოს დგას წიგნის კითხვაში. ჩვენ არ ვიწუხებთ თავს წიგნის კითხვით. მიჯაჭვული ვართ ამ ინტერნეტსა და ტელევიზიაზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი ზედაპირულია, აუცილებლად საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში, გულში, გონებაში. ვინ ვარ მე, ვისთვის მოვედი ან ვისი ნებით მოვედი და სად მივდივარ? უამრავი კითხვა დგას ჩვენ წინაშე და ძალიან ზერელედ ვუყურებთ ყველაფერს.
დავაწესეთ ასეთი წესი. კვირაობით მე მოგცემთ დავალებას, რომ თქვენ წაიკითხოთ რომელიმე წიგნი, რასაც მე გეტყვით და იმ კვირის შემდეგ ხუთშაბათს შევიკრიბებით ახალგაზრდულ ცენტრში, მეც დაგესწრებით და განვიხილავთ იმ წიგნის შინაარსა და იმ აზრს, რომელიც ჩადებულია წიგნში. ერთი რომელიმე გააკეთებს მოკლე მოხსენებას და შემდეგ წიგნს განვიხილავთ. ასე რომ, თქვენ გინდათ თუ არა, წიგნი უნდა წაიკითხოთ.
ბევრი ვიფიქრე, რომელი წიგნიდან დავიწყოთ. დავიწყოთ ბიბლიიდან. ბიბლია არის წიგნთა შორის უძვირფასესი და ეს არის უფსკრული, ჯურღმული მეცნიერებისაც და ღვთისმეტყველებისაც. რა თქმა უნდა, მთელ წიგნს ვერ წაიკითხავთ, ამიტომ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ იობ მრავალტანჯულის წიგნი. მე ავარჩიე ეს წიგნი იმიტომ, რომ იობ მრავალტანჯულმა გადაიტანა მრავალი ტანჯვა და დარჩა ერთგული ღვთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისა.
ასე რომ, მომავალ ხუთშაბათს ჩვენ 19:00 საათზე შევხვდებით ახალგაზრდულ ცენტრში და იქ განვიხილავთ იობის წიგნს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ახლა რთული პერიოდია, საქართველო ემზადება არჩევნებისთვის და მინდა გთხოვოთ, გააძლიერეთ თქვენი ლოცვა, რომ მშვიდობით განვლოს ამ პერიოდმა.
თეა სულაბერიძე

ხო არ იცით ვინმემ ინტერნეტში სად შეიძლება ამ წიგნის ნახვა ?
29 პოსტი ნახეთ :)
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/sarchevi.htm
ნატალია აქ არის მრავალტანჯულ იობზე
http://forum.archangels.ge/index.php?showtopic=293&st=20
უი უკვე დაუწერიათ, მაპატიეთ:)
რა დღეში გვყავს პატრიარქი,რას არ ფიქრობს უკვე, რას არ აკეთებს, რომ “კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ” არ ვიყოთ, ყველას უყვარს და მართლა უყვარს მაგრამ ვინ უსმენს? ალბათ როგორ ტკივა გული ამას რომ ამჩნევს,
რა არის საყვარული ადამიანებისთვის, გიყვარდეს, უყურებდე და არ უმენდე?
სიყვარული ზუსტად რომ მოსმენაა და გაგონება, ოღონდ საქმით, რა თქმა უნდა და არა ყურებით.ქრისტე ქადაგებდა და ჯვარსაცვეს, პატრიარქიც რომ ქადაგებს და არ უსმენენ მისთვის ეს ჯვარცმის ტოლფასი იქნება. მოდით მოვუსმინოთ და საქმით შევიყვაროთ პატრიარქი და არა მარტო სიტყვით.