მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (12.02.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2012 | 2,229 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ilia II წმიდა ეკლესია უკვე დიდი მარხვისათვის გვამზადებს. გასული კვირა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე იყო, ახლა კი მოდის უძღები შვილის შვიდეული. ადამიანი ურთულესი ქმნილებაა და შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, ის ეცემა და უფალი მიდის და აყენებს მას, რომ გააგრძელოს ცხოვრების გზა. ჩვენ ვკითხულობთ: ყოველი კაცი ცრუ არს. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოსო. წმიდა სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ცოდვაში ვარდება.

დღეს წაკითხული სახარება პასუხობს ამ კითხვაზე. უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა იგავი: ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროსმა თავისი წილი მოითხოვა, რაც მამისთვის სრულიად მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ მას არავითარი წილი არ ეკუთვნოდა. ყოველი მონაპოვარი მამის მიერ გახლდათ შეძენილი. მიუხედავად ამისა, მშობელი დასთანხმდა. უმცროსი შვილი წავიდა შორეულ ქვეყანაში, გააბნია თავისი სიმდიდრე მეძავობაში, თავისუფალ ცხოვრებაში და როცა სულ გაღატაკდა, მივიდა ერთ ადამიანთან და ღორების მწყემსად დაუდგა. მას ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რასაც ღორები ჭამდნენ. ამ დროს მადლი ღვთისა გარდამოვიდა მას ზედა და სინანულის გრძნობა გაუჩნდა უძღებ შვილს. გულში გაიფიქრა: მე აქ ვკვდები შიმშილით და მამაჩემს რამდენი მოსამსახურე ჰყავს. წავალ და ვეტყვი: მამაო, ვცოდე ცისა და შენს წინაშე, არა ვარ ღირსი, შენი ძე მეწოდოს, არამედ მიმიღე, როგორც ერთი მუშათაგანი და მოსამსახურეო. ეს ფიქრი უკვე ღვთის დიდი მადლია. მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა.

როცა ადამიანი ეცემა, ცოდვაში ვარდება, იგი არ უნდა დატკბეს და დაკმაყოფილდეს ამ ცოდვით, არამედ ცოდვა უნდა სძულდეს მას. ცოდვა ადამი და ევადან მუდამ არსებობდა, თუმცა ჩვენი წინაპრები გვჯობდნენ იმით, რომ ისინი უფრო მეტად განიცდიდნენ და არასდროს ურიგდებოდნენ ცოდვას. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოენანიებინათ და გამოსწორებულიყვნენ. თანამედროვე ადამიანი კი სულ სხვაა. ორმა საუკუნემ შეცვალა სრულიად პიროვნება და მას უკვე ცოდვა ცოდვად კი არ მიაჩნია, არამედ ბუნებრივ მოვლენად, როგორც თვისება ადამიანის სხეულისა.

თვითონ სიტყვა “უძღები” რუსულ ენაზე მეძავის შვილს ნიშნავს. უძღები შვილი სახლში ბრუნდება. მამა ყოველ დღე გამოდიოდა გზაზე და ელოდებოდა დაკარგულ შვილს. როცა შორიდან დაინახა, გაიქცა, თავად მიეგება, მოეხვია, მიიყვანა სახლში და თავის მოსამსახურეებს უბრძანა, გამოეტანათ პირველი შესამოსელი და შეემოსათ უმცროსი ძე, ჩაეცვათ ფეხსაცმელი და გაეკეთებინათ მისთვის ბეჭედი, როგორც ნიშანი, რომ ამით მამა უბრუნებდა მას შვილის, მემკვიდრის წოდებას.

ასეთია ნება ღვთისა. როცა ადამიანი ბრუნდება უფალთან, მაცხოვარი ბრძანებს, რომ ზეციურმა ძალებმა მოგვცენ ჩვენ ბრწყინვალე შესამოსელი, ბეჭედი, ფეხსაცმელი და დიდება. ვმადლობთ უფალს, რომ ასე გვწყალობს და შევთხოვთ მას, ძალი ერსა თვისსა მისცეს სინანულისა. როგორც ამბობს ღირსი მამა: მოგვანიჭე ჩვენ განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისაო. თუ ვგრძნობთ, რომ მაცხოვარი გვეხმარება, რომ ცოდვა მიუღებელია, ხორცმეტია ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში უფალი ჩვენთანაა. ის გვიშველის და გამოგვასწორებს, დაცემულთ აღგვადგენს და ჩვენ აუცილებლად მივალთ ბოლომდე და მადლობას გადავუხდით მაცხოვარს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოველი ჩვენგანი დგას კიბეზე, რომელიც ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე ადის. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე უნდა ავიდეთ და მადლობა შევწიროთ უფალს.

წყალობა ღვთისა გფარავდეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი