21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (08.02.2015)

საკვირაო ქადაგება (08.02.2015)

8 თებერვალს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა დღეს სახარებისას წაკითხული იგავის შესახებ ისაუბრა.

“დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დიდმარხვამდე დარჩა ხორციელის და ყველიერის კვირა. დღეს წაკითხული იყო სახარება და ეს სახარება თითქოს ჩვენთვის იყო დაწერილი, ახალგაზრდა თაობისათვის. პატრიარქი სახარების მიხედვით, უფალი იგავს ამბობს: მამას ორი შვილი ჰყავდა, უმცროსი ეუბნება მამას, რომ მომეცი მე ჩემი წილი და შენგან უნდა წავიდეო. მისცა მამამ თავისი წილი, წავიდა და მეძაობაში, ცუდ ცხოვრებაში გალია მთელი ქონება. სახარებაში წერია, რომ იმ ქვეყანაში შიმშილი იყო და არაფერი ჰქონდა საზრდო ამ ახალგაზრდას. წავიდა და დადგა ღორების მომვლელად. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, რომ მას ისიც კი ენატრებოდა, რასაც ღორები ჭამდნენ. იფიქრა, წავალ მამასთან და ვეტყვი, მე აღარ ვარ შენი შვილის წოდების ღირსი, არამედ მიმიღე მე ვითარცა ერთი მუშათაგანი. მართლაც, მოვიდა მამასთან სახლში, მამა ელოდებოდა თავის შვილს. სახარებაში წერია, რომ შორიდან დაინახა თავისი შვილი და მირბოდა შესახვედრად. მოეხვია მას და სიყვარულით მიიღო თავისი შვილი. შვილმა უთხრა: მამა, მე არ ვარ ღირსი, რომ მეწოდოს ძე შენი. არამედ, მიმიღე ვითარცა მუშათაგანი შენი. ამ სიტყვებში სინანულიცაა და იმედიც. იმედს გამოთქვამს ეს შვილი, რომ მამა შეიწყნარებს მას, რადგან მას მიმართავს მას: მამაო. მამის გული თბილია და შვილი ფიქრობდა, რომ მამა აპატიებდა მას და მამამაც აპატია”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, დღეს ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მთელი ხალხი, მოსახლეობა ამ უძღებ შვილს ემსგავსება.

“გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ დღევანდელი პრობლემების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ღვთის ლოცვა-კურთხევაზეა დამოკიდებული. მაგრამ, ეს იგავი ამავე დროს წინასწარმეტყველებაა. ეს იგავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს”, – ბრძანა ილია მეორემ.

უწმიდესის თქმით, დღეს დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. მას მახვილი მესიისას უწოდებენ.

“დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როცა უფლის განგებით მას დაადგეს გვირგვინი მეფობისა და პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. დავით აღმაშენებელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. დავით აღმაშენებელს არაფერი რომ არ გაეკეთებინა, “გალობანი სინანულისანი” უკვდავყოფდა მის სახელს. “გალობანი სინანულისანი” არაფრით ჩამორჩება ანდრია კრიტელის კანონს. ამიტომ ჩვენ შევთხოვთ მეფე დავით აღმაშენებელს, რომ მისი ლოცვით უფალმა გაამთლიანოს საქართველო, უფალმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, უფალმა დაამშვიდოს მსოფლიო”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა და სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდებით დააჯილდოვა. ორდენის ტარების უფლება კი მოქმედ რექტორს აქვს.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა, რამდენიმე გვარები და ბრიტანულ-ესპანური სკოლა დალოცა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები